მეუფე შიო - იესო ქრისტემ სიმდაბლისა და სიყვარულის მაგალითი აჩვენა, რომ ჩვენც გვქონდეს ასეთი დამოკიდებულება ერთმანეთისადმი

მხოლოდ თავმდაბალ და მოსიყვარულე გულში შემოდის სულიწმინდის მადლი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)ვნების კვირის ხუთშაბათს ქადაგებისას აღნიშნა.

მეუფე შიომ მორწმუნეებს დღევანდელი დღე მიულოცა.

„დღეს არის ვნების კვირის დიდი ხუთშაბათი და გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევას, შეგვეწიოს ჩვენ და სრულიად საქართველოს მისი დალოცვა.

ვნების კვირა არის ისეთი პერიოდი წელიწადის განმავლობაში, როდესაც ჩვენ თვალწინ იშლება უფალ იესო ქრისტეს ცხოვრება განსაკუთრებული სიძლიერით და ის, თუ რა გააკეთა მან კაცობრიობისთვის, დაცემული ადამიანისთვის.

აი, ამ ვნების კვირაში დიდი ხუთშაბათიც არის განსაკუთრებული დღე, როდესაც გამოვლინდა უფლის დიდი სიყვარული. დიდ ხუთშაბათს მან ბოლოჯერ შეკრიბა თავისი მოწაფეები, დაჰბანა მათ ფეხები სერობის წინ და ამ საიდუმლო სერობაზე დააარსა ევქარისტიის საიდუმლოება, ზიარების საიდუმლოება, რომელმაც მთელი სამყარო შეცვალა.

ეს საიდუმლო სერობა, ის ლიტურგია, ის ევქარისტია, რომელიც უფალმა იესო ქრისტემ აღასრულა არის იგივე, რაც ყველა ტაძარში სრულდება, უფრო სწორად, ჩვენი ყველა წირვა, ყველა ლიტურგია, რომლებიც ჩვენს ტაძრებში სრულდება, არის იმ ლიტურგიის ნაწილი, ვინაიდან ის სერობა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი დროის მიღმიერია, უდროობაში აღსრულდა. ამიტომ ყოველი ლიტურგია, დედამიწაზე აღსრულებული, არის მისი ნაწილი და მარადის განიტეხება პური. იმ სერობაზე უფალმა აიღო პური, განტეხა და თქვა, რომ „ესე არს ხორცი ჩემი თქვენთვის განტეხილი“, ასევე აკურთხა ღვინო და თქვა: „სუთ ამისგან ყოველთა, ესე არს სისხლი ჩემი თქვენთვის და მრავალთათვის დათხეული... ამას ჰყოფდით მოსახსენებლად ჩემდა“.

აი, ასე მარადიულად განიტეხება ეს პური, იმ საიდუმლო სერობაზე აღსრულებული, და ჩვენ ვეზიარებით იმ სერობას, რომელიც აღასრულა უფალმა იესო ქრისტემ. ამ საიდუმლოებას ეწოდება ევქარისტია, ანუ მადლიერება. ეს არის ადამიანის მიერ მადლიერების გამოვლინების უმაღლესი ფორმა.

რა შეუძლია ადამიანს, უძლურსა და ცოდვილს, რომ ღმერთს მისცეს? რა გვაქვს ჩვენ? მხოლოდ ის, რომ ვეცადოთ, ღმერთის ნება შევასრულოთ და მადლობელი ვიყოთ მისი.

და აი, ღვთის ნებაა, რომ ჩვენ ვმონაწილეობდეთ ზიარების საიდუმლოებაში. ეს არის მისი სურვილი – „ამას ჰყოფდით მოსახსენებლად ჩემდა“.

მეორე დიდი მაგალითი, რაც დღეს უფალმა იესო ქრისტემ დაგვიტოვა, როგორც ანდერძი, ეს არის ის, რომ მან ფეხები დაბანა თავის მოციქულებს და თქვა, რომ როგორც მე დაგბანეთ ფეხები, თქვენც ერთმანეთს უნდა დაბანოთ ფეხებიო. ამითი სიმდაბლისა და სიყვარულის მაგალითი აჩვენა, რომ ჩვენც გვქონდეს ასეთი დამოკიდებულება ერთმანეთისადმი.

ამგვარად, ყველა მცნება ქრისტანობისა გამოვლინდება, გამოიხატება ორი მთავარი მცნებით. ეს არის – „გიყვარდეს ღმერთი შენი“ და „გიყვარდეს მოყვასი შენი“.

ღვთისადმი სიყვარული გამოვლინდება ევქარისტიაში მონაწილეობით, იმიტომ რომ ქრისტიანობისთვის წმინდა ზიარება, ევქარისტია – ეს არის ცენტრი სულიერი ცხოვრებისა, ეკლესიის სულიერი ცხოვრებისა, ევქარისტიის გარეშე ჩვენ არ შეგვიძლია არსებობა. წმინდა ზიარების დროს ჩვენ პურისა და ღვინის სახით ვეზიარებით ქრისტეს სისხლსა და ხორცს და გვეძლევა განღმრთობა. იმიტომ ჰქვია ამას ზიარება, რომ თანაზიარნი ვხდებით ღმერთის ბუნებისა და თავად უფალი იესო ქრისტესი.

აი, ასეთი საოცარი რამ დააარსა უფალმა იესო ქრისტემ. ეს, რაც შეეხება ღვთის სიყვარულს, ხოლო ადამიანისადმი სიყვარული ვლინდება მზაობაში, რომ ერთმანეთს ფეხები დავბანოთ, მზად ვიყოთ, რომ ასე მოვექცეთ ადამიანებს, მიუხედავად იმისა, რომ უღირსად გვეჩვენება ესა თუ ის მათგანი.

თუნდაც უფალმა იესო ქრისტემ ვის დაბანა დღეს ფეხები? პირველი ვინ იყო? – პეტრე იყო, რომელიც იმავე დღეს მიატოვებს მას. მართალია, ის მზად იყო და უთხრა უფალს, რომ მისთვის სიცოცხლეს დადებდა, მაგრამ მაინც, საბოლოო ჯამში, უღალატებს. თვითონ პეტრეც, იესო ქრისტესთან შედარებით, უღირსი იყო, რა თქმა უნდა. აღარ ვსაუბრობ იუდაზე, რომელიც გასცემს მას. აი, მათ ბანს ფეხებს უფალი და ამით მაგალითს გვაძლევს. დღევანდელ სახარებაში უფალი ბრძანებს: „უკუეთუ მე დაგბანენ ფერხნი, უფალმან და მოძღუარმან, თქუენცა თანა-გაც ურთიერთას დაბანად ფერხთა“.

სწორედ ამითი უნდა განსხვავდებოდეს ქრისტიანი სხვა ადამიანებისგან. ჩვენ დავფიქრდეთ დღეს, გვაქვს თუ არა აი, ასეთი შინაგანი განწყობა. ალბათ, შორს ვართ ასეთი დამოკიდებულებისგან.

ღმერთმა დაგლოცოთ, გაგაძლიეროთ, ღმერთმა მოგვცეს ასეთი განწყობა, იმიტომ რომ მხოლოდ თავმდაბალ გულში, მხოლოდ სიმდაბლესთან და ასეთ მოსიყვარულე გულში შემოდის სულიწმინდის მადლი; მხოლოდ ეს არის პირობა იმისა, რომ გავხდეთ თანაზიარნი ღვთის ბუნებისა და იესო ქრისტესი. წინააღმდეგ შემთხვევაში, წმინდა ზიარების საიდუმლოებაც ამაო იქნება ჩვენთვის.

აი, ასეთი დიდი სიყვარულის დღეა დღეს, ასეთი სიყვარული გამოვლინდა საიდუმლო სერობაზე უფალ იესო ქრისტეს მიერ. სანამ ეკლესიას დააარსებდა, მან ყველას უჩვენა, მიუთითა, თუ რითი იარსებებს ეკლესია, რითი ისულდგმულებს, რას დაეფუძნება, რომ მისი სურვილია, ვიყოთ მისი თანაზიარნი, ვმონაწილეობდეთ წმინდა ევქარისტიაში და გვქონდეს მზაობა, ერთმანეთს დავბანოთ ფეხები.

აი, ეს არის აზრი ჩვენი სარწმუნოებისა, ეს არის აზრი ქრისტიანობისა; ყველა ადამიანს, რომელიც ინათლება და შემოდის ეკლესიაში, შეუძლია აირჩიოს ეს გზა, იმიტომ რომ, საბოლოო ჯამში, უფალს უნდა, ჩვენ ეს მისია შევასრულოთ, რომელიც პირველმა მან აღასრულა და ისიც, რა თქმა უნდა, მზად არის, შეგვეწიოს ჩვენ ამაში, თუკი გვექნება სარწმუნოება, სარწმუნოება უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, რომლისა არს დიდება, პატივი და თაყვანისცემა უკუნისამდე, ამინ!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა