პროფესიული კავშირების გაერთიანება პრემიერ-მინისტრს თხოვნით მიმართავს, „რუსთავის აზოტის“ საკითხზე სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის სხდომა ჩაინიშნოს

პროფესიული კავშირების გაერთიანება საქართველოს პრემიერ-მინისტრს მიმართავს თხოვნით, „რუსთავის აზოტში“ მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის სხდომა ჩაინიშნოს.

როგორც პროფკავშირების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი აცხადებს, აუცილებელია, რომ ეს საკითხი კომისიის ფარგლებში განიხილონ.

„ბატონო ირაკლი, მოგეხსენებათ, მიმდინარე წლის 27 აპრილიდან სს „რუსთავის აზოტში“ მიმდინარეობს მასშტაბური გაფიცვა სახელფასო ანაზღაურების ზრდის მოთხოვნით. კომპანიის მენეჯმენტი დღემდე არ ერთვება კონსტრუქციულ მოლაპარაკებებში და ვერ აცნობიერებს სოციალური დიალოგის მნიშვნელობას. სს „რუსთავის აზოტი“ წლებია გამოირჩევა დასაქმებულთა შრომითი უფლებების სისტემატური იგნორირებით. შექმნილი მდგომარეობით უკიდურესად მძიმდება დასაქმებულთა ისედაც მძიმე მდგომარეობა და ამავდროულად, მნიშვნელოვნად ზარალდება ქვეყნის ეკონომიკა. ვფიქრობთ, აუცილებელია აღნიშნული საკითხის განხილვა სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის ფარგლებში, რომლის ერთ-ერთი მთავარი ფუნქციაცაა ქვეყანაში სოციალური პარტნიორობის განვითარების, აგრეთვე დასაქმებულებს, დამსაქმებლებსა და საქართველოს მთავრობას შორის სოციალური დიალოგის წარმართვის ხელშეწყობა ყველა დონეზე. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვიყენებთ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 ოქტომბრის #258 დადგენილების „სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ მე-6 მუხლით მონიჭებულ უფლებას და მოგმართავთ თხოვნით, უმოკლეს ვადებში ჩანიშნოთ კომისიის რიგგარეშე სხდომა“, - აცხადებს ირაკლი პეტრიაშვლი.

ცნობისთვის, „რუსთავის აზოტის“ თანამშრომლები მეოთხე დღეა ხელფასების 50%-ით გაზრდის მოთხოვნით, საპროტესტო აქციას მართავენ. მათ საწარმოს ცენტრალური შესასვლელი აქვთ ბლოკირებული. 2000-მდე თანამშრომელი მეოთხე დღეა გაფიცულია, რამაც „აზოტის" წარმოების სრული გაჩერება გამოიწვია. დღეისათვის „რუსთავის აზოტში“ მხოლოდ ჟანგბადის საამქრო ფუნქციონირებს, საიდანაც სამედიცინო დაწესებულებების ჟანგბადით მომარაგება ხდება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა