ილია მეორე - ჩავიხედოთ ჩვენს გულში და შევაფასოთ საკუთარი თავი, თუ მყარი რწმენა არა გვაქვს უფლისადმი, ვთხოვოთ მას დახმარება

გამოსავალი ერთია: მთელი არსებით უნდა მივიქცეთ ღვთისკენ - ყოვლადწმინდა სამებისკენ და ჩვენი ცნობიერება მის უზენაესობას დავუმორჩილოთ, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია მეორის სააღდგომო ეპისტოლეშია ნათქვამი. უწმინდესი კაცობრიობის წინაშე არსებულ პრობლემებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ რაკი ღვთისაგან ყველაფერი სიყვარულით და სიყვარულისთვის შეიქმნა, ასეთივე გრძნობით უნდა ვუპასუხოთ შემოქმედს და გარე სამყაროსაც. „აღდგომილი მაცხოვარი, მოციქულ პეტრეს მსგავსად, ნებისმიერ ჩვენგანს მოგვმართავს: „გიყვარვარ მე?“

ამ კითხვას საქართველოში თითქმის ყველა დადებით პასუხს გასცემს, მაგრამ არის რამდენიმე კრიტერიუმი, რომელიც ადვილად მიგვახვედრებს, სინამდვილეში, ვართ თუ არა მართლები. ჩვენი რწმენის სიმტკიცე და უფლისადმი ერთგულება გამოცდას ჩვენს ცხოვრებაში არსებული განსაცდელებით გადის; ყველაზე მეტად ამ დროს ხდება ნათელი, მართლაც მთელი გულითა და მთელი არსებით გვიყვარს თუ არა უფალი, რაც შემოქმედისადმი ჩვენი ნდობის ხარისხით განისაზღვრება”, - აღნიშნავს უწმინდესი.

ეპისტოლეში ილია მეორე ლოცვისა და რწმენის მნიშვნელობაზე საუბრობს.

„მაგალითად, თუ ჩვენ ვლოცულობთ და ვევედრებით უფალს, მაგრამ სასურველ შედეგს ვერ ვაღწევთ, გვაქვს კი რწმენა იმისა, რომ ჩვენს თხოვნაზე უკეთესი იქნება ის, რასაც მაცხოვარი მოგვაგებს? და თუ გვაქვს, ე. ი. მინდობილნი ვართ მას და მადლიერებით მივიღებთ ყოველივეს. ამასთან, ამ განწყობამ არ უნდა დაგვტოვოს მაშინაც, როდესაც დიდი ტკივილისა და მწუხარების წინაშე აღმოვჩნდებით. ამქვეყნად არაფერი არ უნდა იყოს ისეთი, რაზეც, ძლიერი მიჯაჭვულობის გამო, შეიძლება სასოწარკვეთილებაში ჩავვარდეთ. წუთისოფელი წარმავალია და ყოველივეც - მას შინა. ამიტომაც, ცათა სასუფევლის მჭვრეტელი გონება კარგად აცნობიერებს მაცხოვრის სიტყვების სიღრმესა და მნიშვნელობას: „ვისაც მამა ან დედა ჩემზე მეტად უყვარს, არ არის ჩემი ღირსი; და ვისაც ძე ან ასული ჩემზე მეტად უყვარს, არ არის ჩემი ღირსი.“ (მთ.10,37)”, - ბრძანებს პატრიარქი.

ილია მეორის თქმით, თუ ჩვენ ღმერთს ისეთი სიყვარულით შევიყვარებთ, რომლის გადამწონი ამქვეყნად არავინ და არაფერი იქნება, ჩვენშიც და ჩვენს გარშემოც ყველაფერი სასიკეთოდ შეიცვლება, ჭეშმარიტი წესრიგი დამყარდება და უფლისაგანაც საოცარ შეწევნას მივიღებთ.

„ჩემო საყვარელო სულიერო შვილებო, ჩავიხედოთ ჩვენს გულში და პირუთვნელად შევაფასოთ საკუთარი თავი. თუ მყარი რწმენა არა გვაქვს უფლისადმი, ვთხოვოთ მას დახმარება, როგორც სთხოვა სნეული შვილის მამამ იესო ქრისტეს, რათა შესწეოდა მის ურწმუნოებას და განეკურნა მისი შვილი. უფალმა ისმინა მისი, ორივე სურვილი აღუსრულა და სიხარულითა დიდითა აღავსო იგი (მკ.9,24) . მსგავსი სიხარულის თანაზიარნი ჩვენც რომ გავხდეთ, ღვთის შეცნობისაკენ მნიშვნელოვანი ნაბიჯები უნდა გადავდგათ: ვიკითხოთ წმინდა წერილი, წმინდანთა ცხოვრება და დარიგებანი. ასევე, მუდმივად უნდა ვთხოვდეთ მაცხოვარს, განგვაძლიეროს, და იერემია წინასწარმეტყველის სიტყვებით ვევედროთ: „განმკურნე, უფალო, და განვიკურნები, გადამარჩინე, უფალო, და გადავრჩები, რადგან შენ ხარ ჩემი დიდება“ (იერ.17,14)”, - ნათქვამია სააღდგომო ეპისტოლეში.

იხილეთ პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე სრულად:

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო