პატრიარქი - არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამა თუ იმ ადამიანმა შეიძლება შეგვცოდოს და უსამართლოდ გული გვატკინოს, მაგრამ თუ სათანადო სინანული ექნება და ამას გამოხატავს, უნდა შევუნდოთ

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამა თუ იმ ადამიანმა შეიძლება შეგვცოდოს და უსამართლოდ გული გვატკინოს, მაგრამ თუ სათანადო სინანული ექნება და ამას გამოხატავს,- უნდა შევუნდოთ, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლეშია აღნიშნული. ამასთან, სააღდგომო ეპისტოლეში პატრიარქი მოყვასისადმი დამოკიდებულებაზე ამახვილებს ყურადღებას.

„რა იგულისხმება საკუთარი თავის სიყვარულში? ქრისტიანული გაგებით, საკუთარი თავის სიყვარული, პირველ რიგში, ნიშნავს ჩვენს მუდმივ ზრუნვას საკუთარ თავზე, რათა შევძლოთ ცოდვით დაცემული შინაგანი სამყარო განვიწმინდოთ, ეგოიზმის, შურის, ღვარძლისა და ბოროტებისაგან გავათავისუფლოთ და სულში ღვთის ხატება და მსგავსება აღვიდგინოთ და ავაღორძინოთ; ამისთვის კი მთელი არსებით უნდა ვიღვაწოთ, რადგან ამქვეყნად სწორედ ესაა ჩვენი დანიშნულება, ჩვენი სიცოცხლის აზრი. საკუთარი თავის სიყვარული, ასევე, ნიშნავს იმას, რომ, უფლის მსგავსად, თავგანწირული, უშურველი სიყვარულით შევიყვაროთ მოყვასი, ვიყოთ თანამდგომნი, და მისი წარმატებით ვხარობდეთ; განსაცდელის ჟამს კი, - ძალისამებრ ჩვენისა დავეხმაროთ; მოყვასი ჩვენსავით ღვთის ხატად არის შექმნილი და, ამდენად, ნაწილია ჩვენიც და უფლისაც; მისდამი ჩვენი დამოკიდებულება კი ღვთისადმი ჩვენს დამოკიდებულებას წარმოაჩენს. აი, როგორ ბრძანებს მაცხოვარი: „რადგან მშიოდა და მომეცით საჭმელი, მწყუროდა და მასვით მე, უცხო ვიყავ და შემიწყნარეთ, შიშველი ვიყავ და შემმოსეთ, სნეული ვიყავ და მომხედეთ, საპყრობილეში ვიყავ და მომინახულეთ, ჭეშმარიტად, გეუბნებით თქვენ: რითაც შეეწიეთ ერთს ამ ჩემს მცირე ძმათაგანს, იმით მე შემეწიეთ" (მთ.25, 35-36,40). ღმერთთან და მოყვასთან ერთობის სულით არის განმსჭვალული საუფლო ლოცვაც. ამიტომაც ვამბობთ: „მამაო ჩვენო“ და არა „მამაო ჩემო“, ან „მოგვიტევე ჩვენ“ და არა „მომიტევე მე“. და როცა მას წარმოვთქვამთ, ეს უნდა გავაცნობიეროთ და აუცილებლად გავითვალისწინოთ, რომ ჩვენი ლოცვა ლოცვად შეირაცხოს. არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ ამა თუ იმ ადამიანმა შეიძლება შეგვცოდოს და უსამართლოდ გული გვატკინოს, მაგრამ თუ სათანადო სინანული ექნება და ამას გამოხატავს,- უნდა შევუნდოთ. ვისაც მოყვასისადმი ასეთი დამოკიდებულებები არა აქვს, მტრობს საკუთარ თავს, რადგან ჭეშმარიტი სიყვარულის ვერშემცნობია და ღვთის ნების წინააღმდეგი. როგორ უნდა მოვექცეთ მათ, ვინც ჩვენ გვმტრობს? ვინაიდან უფალს მზე ამოჰყავს ბოროტთა და კეთილთა ზედა და აწვიმებს მართალთაც და უსამართლოთაც (მთ.5,45), ჩვენ, თუ საკუთარი თავი გვიყვარს და ღვთისშვილობა გვსურს, მაცხოვრის მსგავსად, უნდა მოვექცეთ ჩვენს მოძულეს, ანუ გულწრფელი სიყვარული ვაჩვენოთ, სიკეთე მივაგოთ, მისთვის ვილოცოთ და ბოროტებაზე ბოროტებით არ ვუპასუხოთ; ოღონდ, როგორც მოყვასთან მიმართებაში, ამ შემთხვევაშიც, უნდა გავემიჯნოთ მის ცოდვებსა და უსჯულოებებს; ხოლო თუ ეკლესიისა და მოყვასის მიერ სინანულისკენ მომწოდებელი არაერთგზისი შეგონებანი არ იქნება მისგან შესმენილი, უნდა განვეშოროთ მას, „როგორც მეზვერესა და წარმართს“ (მთ.18,17-18). ღვთის რჩეული ერი წარმართს აღიქვამდა, როგორც ეთნიკურად სრულიად უცხოს და სარწმუნოებრივადაც, - შეუწყნარებელს; ხოლო მეზვერეს (გადასახადების ამკრეფს), - საკუთარი ერის საზიანოდ წარმართთა ინტერესების გამტარებელს. ყველაზე სამწუხარო ისაა, რომ ასეთი ადამიანი თავისი უსიყვარულობით ღვთის გარეგანი ხდება“,- აღნიშნულია სააღდგომო ეპისტოლეში.

იხილეთ პატრიარქის ეპისტოლე სრულად:

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა