კარლ ჰარცელი - ჟურნალისტები ჩვენი მთავარი მოკავშირეები არიან, რომლებიც დემოკრატიების ფუნქციონირებას უწყობენ ხელს

პრესის თავისუფლების მსოფლიო დღის აღსანიშნავად, ევროკავშირი აცხადებს კონკურსს ჟურნალისტიკაში ევროკავშირის 2021 წლის პრიზის მოსაპოვებლად. წლევანდელი თემაა ”ინფორმაცია საზოგადოებრივი სიკეთეა".

პრესის თავისუფლების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით განცხადებას საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი ავრცელებს.

“დღევანდელ ციფრულ ეპოქაში ჩვენ ვიძირებით ინფორმაციის ნაკადში, ეს განსაკუთრებით Covid -19-თან დაკავშირებულ “ინფოდემიას“ ეხება. აღნიშნულ კონტექსტში, ხარისხიანი და მიუკერძოებელი ჟურნალისტიკა არის "ვაქცინა" დეზინფორმაციის წინააღმდეგ; ჟურნალისტები ჩვენი მთავარი მოკავშირეები არიან, რომლებიც დემოკრატიების ფუნქციონირებას უწყობენ ხელს. მადლობა მინდა გადაგიხადოთ თქვენი ამ მნიშვნელოვანი წვლილისთვის. ევროკავშირი თქვენს გვერდით დგას და იცავს თქვენს თავისუფლებას, რომელიც ამ მნიშვნელოვანი სამუშაოს შესრულებისთვისაა აუცილებელი", - აცხადებს კარლ ჰარცელი.

ტრადიციისამებრ, კარლ ჰარცელმა ამ შესაძლებლობით ისარგებლა და გამოაცხადა კონკურსი ჟურნალისტიკაში ევროკავშირის 2021 წლის პრიზის მოსაპოვებლად:

“დღეს ჩვენ უკვე მეცხრედ ვაცხადებთ კონკურსს ჟურნალისტიკაში ევროკავშირის პრიზის მოსაპოვებლად. პრიზის მიზანია ჟურნალისტური ეთიკის, პროფესიონალიზმისა და ხარისხის უმაღლესი სტანდარტების მქონე ჟურნალისტების მხარდაჭერა და მათი დაჯილდოება. ერთი თვის წინ მე დავაჯილდოვე ჟურნალისტიკაში ევროკავშირის 2020 წლის პრიზის გამარჯვებულები იმ შესანიშნავი ნამუშევრებისათვის, რომლებშიც კარგად ჩანდა ქართული საზოგადოებისათვის აქტუალური და კომპლექსური თემებისა და გამოწვევების ღრმა ცოდნა", - განაცხადა ჰარცელმა

სამშვიდობო ჟურნალისტიკაში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) სპეციალური პრიზის დაწესებასთან დაკავშირებით, საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა მარეკ შჩიგელმა განაცხადა:

"პრესის თავისუფლების მსოფლიო დღეს ხაზი მინდა გავუსვა თავისუფალი, დამოუკიდებელი და პროფესიონალური ჟურნალისტიკის მნიშვნელობას ნდობის აღდგენაში, მშვიდობის შენარჩუნებასა და დემოკრატიული საზოგადოებების მშენებლობაში. კონფლიქტურ და პოსტ-კონფლიქტურ ვითარებებში ეს არის ფაქტების გონივრული, მიუკერძოებელი, ეთიკური და ზუსტი გაშუქება, რომელსაც "მშვიდობის ჟურნალისტიკასაც" უწოდებენ. ასეთი ჟურნალისტიკის წასახალისებლად და ყოველწლიურად საუკეთესო ნამუშევრების დასაჯილდოებლად, საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, ჟურნალისტიკაში ევროკავშირის პრიზის ფარგლებში, აწესებს სპეციალურ პრიზს მშვიდობის ჟურნალისტიკასა და კონფლიქტების მიმართ სენსიტიური საუკეთესო ნაშრომისათვის".

ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში, რომელიც საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ 2012 წელს დააარსა, ხელს უწყობს ქართულ მედიაში პროფესიონალიზმისა და ჟურნალისტური ეთიკის კოდექსის ნორმების გაღრმავებას. ნდობისა და მშვიდობის აღდგენაში გაწეული წვლილისთვის ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია გასცემს კონფლიქტების მიმართ სენსიტიური ჟურნალისტური ნაშრომისთვის დაწესებულ სპეციალურ პრიზს.

კონკურსის წესები ეყრდნობა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პრინციპებს და ემსახურება პროფესიონალიზმისა და ეთიკის ნორმების დამკვიდრების ხელშეწყობას ქართულ ჟურნალისტიკაში.

ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში წელს 7 კატეგორიაში გაიცემა:

საუკეთესო სტატია ბეჭდურ ან ელექტრონულ მედიაში;

საუკეთესო სიუჟეტი სამაუწყებლო ან ელექტრონულ მედიაში;

საუკეთესო საგამოძიებო სტატია ან სიუჟეტი ბეჭდურ, ელექტრონულ ან სამაუწყებლო მედიაში;

საუკეთესო ბლოგი/საავტორო სტატია/სვეტი ბეჭდურ, ელექტრონულ ან სამაუწყებლო მედიაში;

ყველაზე ორიგინალური და ინოვაციური ნაშრომი ბეჭდურ, ელექტრონულ ან სამაუწყებლო მედიაში;

ევროკავშირის ფასეულობების ამსახველი საუკეთესო დოკუმენტური ფოტო;

კონფლიქტების მიმართ სენსიტიური საუკეთესო ჟურნალისტური ნაშრომი, რომელიც ხელს უწყობს საქართველოში მომხდარი შეიარაღებული კონფლიქტების კონტექსტში ნდობისა და მშვიდობის აღდგენას (ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სპეციალური პრიზი სამშვიდობო ჟურნალისტიკაში).

ინფორმაცია საკონკურსო ნამუშევრების წარდგენის წესების შესახებ იხილეთ: https://eu4georgia.ge/ka/euprizeforjournalism/

პირველ ექვს კატეგორიაში თითოეული გამარჯვებული მიიღებს ფულად ჯილდოს.

სამშვიდობო ჟურნალისტიკაში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სპეციალური პრიზის მფლობელი გაივლის 30-დღიან სტაჟირებას „ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის" ლონდონის ოფისში.

საკონკურსო ნამუშევრების წარდგენის ბოლო ვადაა 2021 წლის 30 ნოემბერი.

განაცხადის ფორმა, ნამუშევრების წარდგენის წესები და ბოლო ვადები იხ.: https://eu4georgia.ge/ka/euprizeforjournalism/

მედიის თავისუფლების მსოფლიო დღე დაწესდა 1993 წელს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე, გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის საკითხთა ორგანიზაციის (UNESCO) 1991 წლის გენერალური კონფერენციის ოცდამეექვსე სესიაზე მიღებული რეკომენდაციის საფუძველზე. ეს იყო პასუხი აფრიკელი ჟურნალისტების მოწოდებაზე, რომლებმაც 1991 წელს მედია პლურალიზმისა და დამოუკიდებლობის შესახებ უმნიშვნელოვანესი „ვინდჰუკის დეკლარაცია" მიიღეს. მედიის თავისუფლების მსოფლიო დღე არის საზოგადოებისათვის პრესის თავისუფლების უზრუნველყოფის ვალდებულებების შესრულების გახსენებისა და ჟურნალისტებისათვის პრესის თავისუფლებასა და პროფესიულ ეთიკაზე დაფიქრების დღე; ეს არის იმ მედიის მხარდაჭერის დღე, რომელსაც თავისუფლების შეზღუდვა ან მოსპობა ემუქრება; ეს არის იმ ჟურნალისტების ხსოვნის დღე, რომლებიც უტყუარი და მნიშვნელოვანი ამბების გაშუქების დროს დაიღუპნენ.

მარინა კალიურანდი - დიახ, არჩევნებით საქართველომ დემოკრატიის ტესტი ჩააბარა, გადააბიჯა დემოკრატიულობის ზღურბლს, მაგრამ არის კითხვა, რამდენად გსურთ მხოლოდ ზღურბლს გადააბიჯოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 26.11.2021
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ხელისუფლებისადმი ნდობა დამოკიდებულია არა იმაზე, თუ რა პროგრამებს აანონსებს, არამედ იმაზე, თუ როგორ ასრულებს გაცემულ დაპირებებს
ბიძინა ლებანიძე - საქართველომ და უკრაინამ გერმანიასთან მიმართებაში ფუჭი მოლოდინი არ უნდა შეიქმნას, გერმანია სამხედრო თვალსაზრისით არ ჩაერთვება არც ერთ სამეზობლო კონფლიქტში
სილქფესტი ფასდაკლების დღეებს უერთდება - გაეცანით სილქნეტის მთავარ შეთავაზებებს
ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს 114-ე სესია, რომელიც საქართველოში მიმდინარეობდა, დასრულდა
პროგრამა ბალანსი ბიზნესისთვის - როგორია ფინანსების აღრიცხვისა და ავტომატიზაციის თანამედროვე სტანდარტი?
XXI საუკუნის ხელნაწერ „ვეფხისტყაოსანზე“ 18-წლიანი მუშაობა დასრულდა - რა უნდა იცოდეთ ახალ, უნიკალურ გამოცემაზე
საინფორმაციო პორტალი 08.GE - ყველა კითხვაზე პასუხი ერთ სივრცეში
საქართველო ზეთისხილის საერთაშორისო დღეს უმასპინძლებს, რომელიც იუნესკოს ეგიდით ტარდება
პირველად საქართველოში: „შატო მუხრანი“ მსოფლიოს 100 საუკეთესო ვენახს შორის 58-ე ადგილს იკავებს