ამირან გამყრელიძის განცხადებით, ვაქცინაციის არსებული ტემპით, ხელისუფლება წლის ბოლოსთვის ზრდასრული მოსახლეობის 60%-ის აცრას ვერ შეძლებს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, აცრების არსებული ტემპით, ხელისუფლება ვერ შეძლებს წლის ბოლოსთვის ზრდასრული მოსახლეობის 60%-ის აცრას.

როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განმარტა, ხელისუფლების მიერ დასახული გეგმის მისაღწევად უკვე მაისის თვეში ყოველდღიურად 3000-4000 ადამიანი უნდა იცრებოდეს, ივლისის თვისთვის კი ამ მაჩვენებელმა 12 ათას ადამიანს უნდა მიაღწიოს.

„ჯერჯერობით არასაკმარისად, დუნედ მიდის ვაქცინაცია. მთავრობა ვერ გავა ამ პროცენტზე, საზოგადოება უნდა გავიდეს, ამიტომ ჩვენ ერთმანეთს უნდა ჩავუნერგოთ, რომ ამ ძალიან დიდი გამოწვევის, ამ „ჭირის“ დამარცხება შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ მასობრივი ვაქცინაციით. თუ მოსახლეობის 60-70% იქნება ვაქცინირებული, ამ ეპიდემიას ჩვენს ქვეყანაში წერტილი დაესმება, აღარ დაგვჭირდება გარე სივრცეებში პირბადე, დიდი დისტანციების დაცვა, შეგვეძლება ისევ შევიკრიბოთ მეგობრები და ა.შ. მივაღწევთ თუ არა 60%-ს? - უნდა მივაღწიოთ! დღევანდელი ტემპით, როცა 1500-1700 ადამიანს დღეში ვცრით, რა თქმა უნდა, ეს არ გამოვა. ჩვენ ახლა მაისში უნდა ავცრათ 3000-4000, ივნისში ეს უნდა ავწიოთ 5000-6000-მდე და შემდეგ, ივლისიდან 10000-12000-მდე დღეში, მაშინ გავალთ დეკემბრის ბოლოს სამიზნე მაჩვენებელზე.

ამავე დროს, რა თქმა უნდა, იცით, როგორი დეფიციტია მსოფლიოში ვაქცინების. წარმოებები სულ უფრო „იქოქება“, სულ უფრო მეტი ვაქცინის წარმოება ხდება და დარწმუნებული ვარ, ვაქცინებზე ხელმისაწვდომობა სულ უფრო გაიზრდება“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისივე ინფორმაციით, დღეს საქართველოში 45 ათასი ადამიანია აცრილი და აქედან მხოლოდ 6 ათასი - ორჯერადად.

„300-500 ადამიანი რომ აიცრება, ერთი ადამიანის სიცოცხლეს გადავარჩენთ ამით, ამიტომ უნდა ავიცრათ“, - განაცხადა გამყრელიძემ.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა