ლევან იოსელიანი - ნიკა მელიას არ შევეხები, მაგრამ მიხეილ სააკაშვილის როლი სრულიად დესტრუქციული რომ არის, ეს სახეზეა

სამი თვის მანძილზე მოღალატეებს გვეძახდნენ, მხოლოდ იმიტომ, რომ განსხვავებული აზრი გვქონდა და გავაკეთეთ ის, რაც შემდეგ თვითონაც გააკეთეს. წარმოუდგენელი ბულინგის და შეტევის ობიექტი გავხდით, თუმცა დრომ დაადასტურა, რომ ჩვენი ნაბიჯები იყო სწორი, - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ლევან იოსელიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „დღის ნიუსრუმი“ განაცხადა.

ლევან იოსელიანის შეფასებით, თუ ოპოზიციამ პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მიიღო, კითხვებიც უნდა დასვას და „დეპუტატებმა უნდა იმუშაონ პარლამენტში, რათა საერთო ფრონტით მიაღწიონ უკეთეს კანონმდებლობას“.

„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ცვლილებებს მხოლოდ მე ვესწრებოდი ოპოზიციიდან. მინისტრი ტიკარაძე იყო მოსული და 60 დეპუტატის კითხვას ვერ დავსვამთ ორი კაცი, თუ შემოვიდნენ მაშინ დასვან კითხვები. თუ გვინდა, რომ პარლამენტი იყოს ქმედითი, დეპუტატებმა უნდა იმუშაონ იმ პარლამენტში და დავეხმაროთ ერთმანეთს, რომ საერთო ფრონტით მივაღწიოთ უკეთეს კანონმდებლობას“, - აღნიშნა ლევან იოსელიანმა.

ლევან იოსელიანმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას პოზიციებიც შეაფასა. მისი თქმით, მელიასთან ბევრი კითხვა აქვს, თუმცა ამ კითხვებს საპატიმროს დატოვების შემდეგ დაუსვამს.

"ნიკა მელიას პოლიტიკურ ნაბიჯებს არ შევაფასებ, არ მინდა ვისაუბრო კაცზე, რომელიც ციხეში ზის, თუმცა ბევრი კითხვა მაქვს მის მიმართ და მისი განცხადებების მიმართ, რომელიც ციხიდან გაავრცელა. გამოვა, პირადად დავუსვამ ამ შეკითხვებს და მოწმენი იქნებით, თუ რა პასუხებს გამცემს“, - განაცხადა ლევან იოსელიანმა.

კითხვაზე, არის თუ არა ნიკა მელია „მსხვერპლი“, როგორც ამას უმრავლესობაში აცხადებენ და ხედავს თუ არა "ქართული ოცნების" დეპუტატების მსგავსად მელიას პოზიციებში მიხეილ სააკაშვილის ჩარევის კვალს, იოსელიანმა განაცხადა, რომ მელიას ვერ შეეხება, თუმცა მიხეილ სააკაშვილს მოლაპარაკებების პროცესში დესტრუქციული როლი აქვს, რითიც საქართველოში პოლიტიკის კეთებას ხელს უშლის.

"ნიკა მელიას არ შევეხები, მაგრამ მიხეილ სააკაშვილის როლი ამ პროცესში სრულიად დესტრუქციული რომაა ეს სახეზეა. სანამ ჩვენ დავტოვებდით „ლელოს“ ოფისში მიმდინარე ოპოზიციის მოლაპარაკებებს, მაშინაც მიხეილ სააკაშვილის განცხადებები აბსოლუტურ წინააღმდეგობაში მიდიოდა იმ სულისკვეთებასთან, რომელიც თავიდანვე იყო. მაშინ იქ მყოფი ადამიანები არ განიხილავდნენ ვადამდელ არჩევნებს ერთადერთ ალტერნატიულ საშუალებად, მაგრამ მიხეილ სააკაშვილმა ყველაფერი გააკეთა, რომ ვადამდელი არჩევნების გარდა არავის არაფერზე სიტყვა არ დასცდენოდა. ფაქტია, რომ ყველა დაემორჩილა მის ამ ნარატივს ჩვენ გარდა. გადავდგით ნაბიჯი და შევედით პარლამენტში, ამის შემდეგ გამოვიდა და თქვა, რომ ყველა უნდა შევიდეს პარლამენტშიო. ქართულ პოლიტიკაში მისი გავლენა მთელ რიგ პოლიტიკურ პარტიებზე იმდენად დიდია, რომ ხელს უშლის პოლიტიკის კეთებას საქართველოში და ვინც მისგან დამოუკიდებელია იმ ადამიანებს აქვთ შესაძლებლობა გადადგან დამოუკიდებელი ნაბიჯები, თუმცა ასეთები ძალიან ცოტანი არიან, იმ ეტაპზე ვერც დავინახე ისეთი ვისაც შეეძლო ეს გაეკეთებინა“, - განაცხადა ლევან იოსელიანმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო