მიხეილ სარჯველაძე მედიაზე ძალადობის ფაქტზე - არაფრის დიდებით არ არის დასაშვები არც თავდასხმა, არც პროვოცირება

უპირობოდ დასაგმობია, მაგრამ ეს შემთხვევა საჭიროებს გამოძიებას, რომ არ არსებობდეს რაიმე მიზეზი არასწორი დასკვნებისთვის - არაფრის დიდებით არ არის დასაშვები არც თავდასხმა, არც პროვოცირება, - ასე აფასებს დავით გარეჯში, ივერი მელაშვილსა და ტელეკომპანია „მთავარის“ გადამღებ ჯგუფზე ძალადობის ფაქტს ჟურნალისტებთან ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე.

კითხვაზე, რატომ არ დაიბარეს კინფლიქტში მონაწილე სხვა პირებისგან განსხვავებით გამოკითხვაზე სასულიერო პირები, სარჯველაძე აცხადებს, რომ ამასთან დაკავშირებით არ აქვს ინფორმაცია, თუმცა, მისი თქმით, სასულიერო პირის სტატუსი არ იძლევა უფლებას, რომ ვინმეს ჰქონდეს „ჯავშანი დაკითხვაზე დაბარებასთან დაკავშირებით“.

„მედიაზე თავდასხმა რასაკვირველია, დასაგმობია, ვგმობთ და ეს არის უპირობოდ დასაგმობი, მაგრამ უნდა ვთქვათ, რომ ეს შემთხვევა აუცილებლად საჭიროებს გამოძიებას და შესწავლას იმისთვის, რომ არ არსებობდეს რაიმე მიზეზი არასწორი დასკვნებისთვის. არაფრის დიდებით არ არის დასაშვები არც თავდასხმა, არც პროვოცირება, არც ერთი ქმედება, რომელიც მიმართულია კონფლიქტის გამოწვევისკენ. ჩვენ გვჭირდება მშვიდობა საზოგადოებაში. ფაქტია, რომ როცა ადამიანებს შორის კონფლიქტი ხდება, იქ შეიძლება იყოს პროვოკატორი, მოძალადე ნებისმიერი მიმართულებიდან. კონფლიქტი რთული ფენომენია და ამას სჭირდება კარგად შესწავლა.

სასულიერო პირის სტატუსი არ იძლევა უფლებას ამ კონკრეტულ შემთხვევაში, რომ ვინმეს ჰქონდეს ჯავშანი დაკითხვაზე დაბარებასთან დაკავშირებით. თუ საქმისათვის მნიშვნელოვან გარემოებებზე ინფორმაციას ფლობს მათ შორის, სასულიერო პირი, ის ვალდებულია ამის თაობაზე მიაწოდოს ინფორმაცია საგამოძიებო ორგანოებს და ითანამშრომლოს. სასულიერო პირებს აქვთ კონსტიტუციით გარანტირებული ჯავშანი სხვა საკითხებზე, რომელიც უკავშირდება აღსარების საიდუმლოებას და ა.შ. ეს სხვა შემთხვევაა,“ - განაცხადა სარჯველაძემ.

შეგახსენებთ, „მთავარი არხის“ ინფორმაციით, მათ გადამღებ ჯგუფსა და ივერი მელაშვილს თავს დაესხნენ. ივერი მელაშვილის განცხადებით, სასულიერო პირები, რომლებიც დავით-გარეჯში „მთავრი არხის“ გადამღებ ჯგუფსა და მას თავს დაესხნენ არაფხიზელ მდგომარეობაში იყვნენ. როგორც მელაშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა, საქმეში "აშკარად ეტყობოდა ვიღაცის ორკესტრირებული ხელი".

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა