საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ფაბლაბმა ნიკო ფიროსმანის დაბადებიდან 159 წლისთავს პროექტი - „ფიროსმანის სმარტ სტენდი“ მიუძღვნა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ფაბლაბმა (ბიზნესინკუბატორი) დიდი ქართველი მხატვრის, ნიკო ფიროსმანის დაბადებიდან 159 წლისთავს პროექტი - „ფიროსმანის სმარტ სტენდი“ მიუძღვნა.

აღნიშნული პროექტი სტუ-ის ფაბლაბმა თავისი ახალი, ელექტრონული სურათის ტექნოლოგიის გამოყენებით შექმნა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, სტუ-ის ფაბლაბის მიერ შექმნილი ელექტრონული სურათის ტექნოლოგია, მინიმალისტური კომპონენტებით ეფექტური გამოსახულების მიღების საშუალებას იძლევა.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ფაბლაბის ხელმძღვანელი გიორგი ფრანგიშვილი აღნიშნავს, რომ ელექტრონული სურათის ტექნოლოგიის გამოყენებით ორიგინალური გამოსახულების დამზადებას ნებისმიერი მსურველი მარტივად შეძლებს.

„ჩვენი ახალი ტექნოლოგიისთვის გამოვიყენეთ ელექტრომაგნიტური გადაცემა, რითაც ელექტრონული სურათის ტექნოლოგია იმდენად გავამარტივეთ, რომ თავიდან ავიცილეთ ყოველგვარი ზედმეტი დეტალის ჩართვა. „ელექტრონულ სურათს“ ორი მთავარი ფუნქცია მივანიჭეთ - მექანიკური და ელექტროგამტარობა. ვფიქრობთ, ეს ძალიან თანამედროვეა. ნებისმიერი დაინტერესებული პირი, განსაკუთრებით კი სტუდენტები მარტივად შეძლებენ ამ ტექნოლოგიის ათვისებას. მუყაოს, ფანერისა და შუქ-დიოდის ზონარის სინთეზით სასურველი გამოსახულების, ჩანახატისა თუ პეიზაჟის გაცოცხლება ნამდვილად არ არის რთული პროცესი“, - აღნიშნავს გიორგი ფრანგიშვილი.

სტუ-ის ფაბლაბის წევრის, ვაჟა შანიძის თქმით, „ფიროსმანის სმარტ სტენდის“ შექმნის იდეა სწორედ ელექტრონული სურათის ტექნოლოგიაზე მუშაობის პროცესში გაჩნდა: „5 მაისი ფიროსმანის დაბადების დღეა. შევარჩიეთ ხუთი ნახატი, მათ შორის: „მეთევზე“ და „აქტრისა მარგარიტა“. საბოლოო ჯამში, ფაბლაბის სივრცეში შეიქმნა ნიკო ფიროსმანის კუთხე და სხვა ნამუშევრებთან ერთად, ფიროსმანისადმი მიძღვნილმა ამ პროექტმაც საპატიო ადგილი დაიკავა“, - აცხადებს ვაჟა შანიძე.

სტუ ფაბლაბის წევრის, ნიკიტა სამხარაძის ინფორმაციით, ელექტრონული სურათის ტექნოლოგია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ფაბლაბშია შექმნილი. ის ნებისმიერი ნახატის თუ ფოტოსურათის კრეატიულად გამოსახვის საშუალებას იძლევა.

„ამ ტექნოლოგიის მნიშვნელოვანი ნაწილია განათება და ფერთა გამა, რაც ჩვენი ფაბლაბის გუნდმა მაქსიმალურად დახვეწა. სწორედ ამიტომ, ნებისმიერი ფერის მიღების საშუალება გვაქვს. ჩვენი პირველი ელექტრონული სურათი იყო ძველი თბილისის ქუჩა. ამ ნამუშევარმა დაგვანახა ის დიდი პოტენციალი, რომელიც ამ ტექნოლოგიას გააჩნია. ამ მიმართულებით, ჩვენი პირველი მასშტაბური პროექტი ფიროსმანის ნამუშევრების ელექტრონული ვერსიების შექმნაა. შევძელით ხელოვნებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების ინტეგრაცია“, - აღნიშნავს ნიკიტა სამხარაძე.

როგორც სტუ ფაბლაბის წევრი ზაზა გაბესკირია განმარტავს, ელექტრული სურათის ტექნოლოგია არ არის რთული, შედეგი კი მოლოდინს აჭარბებს: „ნამუშევრის ზედა და ქვედა ნაწილებზე, ერთმანეთის პარალელურად თავსდება ე.წ. შუქდიოდური ზონრები (ლენტები), რომლებიც სხვადასხვა ფრად ანათებს. ყველაზე საინტერესო ეფექტი მიიღება სურათის შუა ნაწილში, სადაც განსხვავებული ფერების შერწყმა ხდება. ფერების შერჩევა შესაძლებელია სტუ-ის ფაბლაბში აწყობილი ელექტრული სქემის საშუალებით. იმის გამო, რომ ფერთა გამის შერჩევა ელექტრონულად ხდება, ამ ტექნოლოგიას "ელექტრული სურათი" ვუწოდეთ“, - ამბობს ზაზა გაბესკირია.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ფაბლაბი ელექტრონული სურათის ტექნოლოგიას უნივერსიტეტის სტუდენტებსაც უზიარებს, რადგან მიიჩნევს, რომ ამ ტექნოლოგიის აქტიურად და ეფექტურად გამოყენება სტუდენტურ პროექტებშიც შესაძლებელია.

“საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ფაბლაბის ახალი პროექტის - „ფიროსმანის სმარტ სტენდი“ და ელექტრონული სურათის ტექნოლოგიის შესახებ საინტერესო ინფორმაცია იხილეთ სტუ-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მიერ მომზადებულ ფილმში", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს