გიორგი ვაშაძე - ნიკა მელიას ნების საწინააღმდეგოდ  მყოფნის ვაჟკაცობაც, გამბედაობაც, კაცობაც, პოლიტიკური პასუხისმგებლობაც, რომ ამნისტიის კანონი მივიღოთ და საპატიმროდან გამოვუშვათ

ნიკა მელიას ნების საწინააღმდეგოდ მყოფნის ვაჟკაცობაც, გამბედაობაც, კაცობაც, პოლიტიკური პასუხისმგებლობაც და ყველაფერი, რომ ამნისტიის კანონი მივიღოთ და ის გამოვუშვათ საპატიმრო დაწესებულებიდან, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემაში 360 გრადუსი“ განაცხადა.

როგორც ვაშაძემ განმარტა, ამნისტიის შესახებ კანონს მიიღებენ და ნიკა მელიაც გათავისუფლდება.

როგორც მან აღნიშნა, მელიასთან საპატიმროში არ შედის, ვინაიდან, სწორად არ მიიჩნევს, მას ჰკითხოს, თუ რის გაკეთებას აპირებს.

„ამნისტიის მუხლი შეთანხმებაში მელიასთვის ჩაიწერა, ნიკა მელიას საწინააღმდეგოდ ვაპირებთ, რომ შევახოთ მას ამნისტია, ეს არის შეთანხმების შინაარსი, ამაზე მაქვს მე ხელი მოწერილი. თუ „ქართული ოცნება“ პირობებს შეცვლის, ამაზე საკადრის პასუხსაც მიიღებს. ამნისტიის კანონის მიღების 6-კვირიანი პროცესი გვაქვს წინ, სასტარტო ეტაპზე რაღაც რომ წერია კანონში, ეს არ ნიშნავს, რომ ეს აუცილებლად ასე იქნება. ამნისტიის კანონს მივიღებთ, ნიკა მელია გათავისუფლდება და მერე პოლიტიკური პროცესი როგორ წავა, ამას ყველა დავინახავთ. შეჯერების პროცესი იმედია, მოხდება და იმედია, რომ რეალობას თვალს გაუსწორებს „ქართული ოცნება“. მე არ ვიცი, ეს პირობა რას გულისხმობს, საერთოდ, რა მოიგონეს, აქამდე 30 წლის მანძილზე ამნისტიის არც ერთ კანონში მსგავსი პირობა არ იყო ჩადებული, ეს არის „ქართული ოცნების“ ხრიკი, რომ ეს 3 თუ 6 კვირა ამაზე დავხოცოთ ერთმანეთი“, - განაცხადა ვაშაძემ.

კითხვაზე, რატომ იღებენ ნიკა მელიას ნების საწინააღმდეგო კანონპროექტს, ვაშაძე პასუხობს, რომ მელიას „ნების საწინააღმდეგოდ ვაჟკაცობაც და გამბედაობაც ყოფნის, რომ ამნისტიის კანონი მიიღონ“.

„მე მინდა, რომ საქართველოში პოლიტპატიმრების თემა დაიხუროს, მათ შორის, მელია პოლიტპატიმარი არ არსებობდეს, მისი ნების საწინააღმდეგოდ მყოფნის ვაჟკაცობაც, გამბედაობაც, კაცობაც, პოლიტიკური პასუხისმგებლობაც და ყველაფერი, რომ ამანისტიის კანონი მივიღოთ და ის გამოვუშვათ საპატიმრო დაწესებულებიდან. ვფიქრობ, ყველა პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსი ასე უნდა იქცეოდეს და ციხეებში მჯდომი ადამიანი ზურგს უკან არ უნდა იმალებოდეს, რომ აი, იმას ასე უნდა, იმას ასე უნდაო. მე ვიცი, ქვეყანას რა სჭირდება, მელია პოლიტპატიმარი ქვეყანას არ სჭირდება. მელია ციხეშია, მას შეიძლება განსხვავებული პოზიცია ჰქონდეს, მაგრამ ჩემი ვალდებულებაა, გარეთ მყოფი პოლიტიკოსის, პოლიტპატიმარი პატიმრობიდან დავისხნა. ღიად ვაცხადებ, რომ მისი ნების საწინააღმდეგოდ ამნისტიის კანონი უნდა მივიღოთ, რომ ის საპატიმრო დაწესებულებიდან გავათავისუფლოთ“, - განაცხადა ვაშაძემ.

იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ მელიას გადასაწყვეტია, თუ რა გზას აირჩევს ის, ვაშაძე აცხადებს, რომ „ეს მისი გადასაწყვეტი არ არის“.

„არ არის მისი გადასაწყვეტი, ჩემი გადასაწყვეტია, სხვა პოლიტიკოსების გადასაწყვეტია, მეყოს იმის გამბედაობა, რომ პასუხისმგებლობა ავიღო ჩემ თავზე და პოლიტპატიმარი გავათვისუფლო საპატიმრო დაწესებულებიდან. როცა იქნება თავისუფლებაზე, მერე გავარჩევთ, ვინ მტყუანი იყო და ვინ - მართალი. იმ ხალხის პოზა - მელიამ ასე თქვაო - ვერ გავიგე, ციხეში მყოფ ადამიანს ეკითხებით? ციხეში მყოფი ადამიანი უნდა გავათავისუფლოთ, რადგან პოლიტპატიმარია... მე იცით რატომ არ ვიყავი შესული? იმიტომ რომ არასწორი მგონია მას ვკითხო ციხეში, ნიკა შენ რას იზამო? ჩემი კაცობითაც, ვაჟკაცობითაც, პოლიტიკოსობითაც და ყველაფრით, სწორი მგონია, რომ პოლიტპატიმრობისაგან გავათავისუფლო“, - განაცხადა ვაშაძემ.

იხილეთ ვიდეო

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო