რა იქნება ხორბლის ფასი სუბსიდირების დასრულების შემდეგ, როგორია მსხვილი მეწარმეების პროგნოზი

ხორბლის გადამამუშავებელი მსხვილი საწარმოების წარმომადგენლების პროგნოზით, „ხორბლის ფქვილის სუბსიდირების“ სახელმწიფო პროგრამის დასრულების შემდეგ, პროდუქტზე ფასის ზრდა მოსალოდნელი არ არის.

როგორც გორში მდებარე ხორბლის გადამამუშავებელი საწარმო „კარმენის“ დირექტორი ზაზა ჯაფარიძე განმარტავს, ივლისიდან, როცა ხორბლის ახალი მოსავალი შემოვა, ფასი სავრაუდოდ, არსებულთან შედარებით დაბალი იქნება.

„დღე-ღამის განმავლობაში 250 ტონა ხორბალს გადავამუშავებთ და ძირითადად, საქართველოს ყველა კუთხეს ვაწვდით. ხორბლის მარაგი ჩვენ ახალ სეზონამდე ანუ ივლისამდე გვაქვს აღებული, სუბსიდირების პროგრამა კი ივნისის ბოლომდე მიმდინარეობს. შესაბამისად, ფასი სუბსიდირებულ პურზე ივნისის ბოლომდე არ გაიზრდება.

რაც შეეხება 2021 წლის ივლისს, ამ პერიოდიდან უკვე ახალი მოსავალი შემოდის და ფასები ხორბალზე სავარაუდოდ, შედარებით დაბალი იქნება. ასევე, მნიშვნელობა აქვს, მსოფლიოს მასშტაბით როგორი მოსავალი იქნება. ჩვენი პროგნოზით, ფასები უნდა იყოს დაბალი და არათუ გაძვირება, არამედ პირიქით, გაიაფებაც შეიძლება იყოს მოსალოდნელი. თუ ხორბლის ფასი დაიწევს, რა თქმა უნდა, სუბსიდირება აღარ იქნება საჭირო“, - განმარტა მან.

ხორბლის გადამამუშავებელი საწარმოს დირექტორის თქმით, პროდუქტზე ფასის შენარჩუნება მარაგების შექმნის ხარჯზეც შეძლეს.

„გვჭირდებოდა, რომ ხორბალი შეგვეძინა და ახალ სეზონამდე მარაგი აგვეღო. 2020 წლის გაზაფხულიდან დავიწყეთ მარაგის საკუთარი სახსრებით შევსება, შემდეგ დაგვჭირდა თანხის დამატება და „საქართველოს ბანკმა“ გაგვიწია ფინანსური მხარდაჭერა. ჩვენი სახსრებითა და ბანკის დახმარებით მარაგის შექმნამ და სუბსიდირების პროგრამამ უზრუნველყო ის, რომ ხორბლის ფქვილზე ფასი არ გაიზარდა“, - განმარტავს ზაზა ჯაფარიძე.

მარნეულის მუნიციპალიტეტში მდებარე ხორბლის გადამამუშავებელი საწარმოს მთავარი ფინანსისტის შაჰინ ბალაკიშიების პროგნოზითაც სუბსიდირების პროგრამის დასრულების შემდეგ ხორბლის ფქვილის ფასის ზრდა ნაკლებად სავარაუდოა.

„ვფიქრობ, რომ სუბსიდირების პროგრამის დასრულების შემდეგ არ გაიზრდება ხორბლის ფასი, რადგან ამ პერიოდში ახალი მოსავალი იქნება როგორც რუსეთში, საიდანაც პროდუქციის ნაწილი შემოგვაქვს, ისე საქართველოში. ეს სერიოზულად იმოქმედებს ხორბლის ფასზე და მისი ზრდა მოსალოდნელი არ არის, შესაძლოა შემცირდეს კიდეც. ჩვენ წელს ვგეგმავთ, დაახლოებით 10 000 ტონაზე მეტი ადგილობრივი ხორბალი შევისყიდოთ მარნეულის, ბოლნისის, დმანისის მუნიციპალიტეტში, თეთრ წყაროსა და კახეთში მცხოვრები ფერმერებისგან, რომლებიც მოსავლის ჩვენთან ჩაბარებით არიან დაინტერესებულები. აღსანიშნავია, რომ საქართველოში ხორბლის ყველაზე მსხვილი მომწოდებელი კახეთი, კერძოდ, წნორია.

ზოგადად, ჩვენი მიდგომა ასეთია: ახალი მოსავლის აღებისას ვიწყებთ შესყიდვებს როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ისე ექსპორტიორი ქვეყნისგან. აქედან გამომდინარე, რუსეთში მომწოდებლებს ავანსის სახით წინასწარ ვუხდით თანხას, რომ აგვისტო-სექტემბრის პერიოდში, როცა ხორბალი გაძვირდება, პროდუქტი ჩვენ დაბალ ფასად მოგვაწოდონ. ავანსის სახით რომ ექსპორტიორებისთვის თანხა ჩაგვერიცხა, მივმართეთ საბანკო კაპიტალს და „საქართველოს ბანკისგან“, რომელთანაც 2012 წლიდან ვთანამშრომლობთ, 10 მილიონი ლარის ოდენობით საკრედიტო ლიმიტი მივიღეთ. წინასწარ თადარიგის ამგვარად დაჭერა ხელს უწყობს ხორბალზე სტაბილური ფასის შენარჩუნებას“, - განმარტავს კომპანიის მთავარი ფინანსისტი.

შეგახსენებთ, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, „ხორბლის ფქვილის სუბსიდირების“ სახელმწიფო პროგრამა 2021 წლის 30 ივნისამდე გრძელდება. პროგრამის ფარგლებში, ერთ 50 კილოგრამიან ტომარა პირველი ხარისხის ხორბლის ფქვილზე სუბსიდიის მოცულობა შეადგენს არაუმეტეს 20 ლარს. სუბსიდიის შედეგად, ბენეფიციარი ვალდებულია, ერთი 50 კილოგრამიანი ტომარა სუბსიდირებული პირველი ხარისხის ხორბლის ფქვილის რეალიზაცია არაუმეტეს 53 ლარად მოახდინოს.

იოსებ ბარათაშვილი - მოვლენები მიმდინარეობს არა ხელისუფლების, არამედ მიხეილ სააკაშვილის სცენარით
ქართული პრესის მიმოხილვა 29.11.2021
მარინა კალიურანდი - დიახ, არჩევნებით საქართველომ დემოკრატიის ტესტი ჩააბარა, გადააბიჯა დემოკრატიულობის ზღურბლს, მაგრამ არის კითხვა, რამდენად გსურთ მხოლოდ ზღურბლს გადააბიჯოთ
კახა ოქრიაშვილი - უკანონოდ დანიშნული მოსამართლეები მართლმსაჯულების სისტემის გარეთ დარჩებიან
გამჭვირვალე და მნიშვნელოვანი ინფორმაციის წყარო მედიკამენტებზე - "ფარმადეპომ" ახალი პორტალი SANDO.COM.GE პრეზენტაცია გამართა
აიღეთ „ვითიბიში“ იპოთეკური სესხი უცხოურ ვალუტაში და მომენტალურად დაიბრუნეთ თანხის 2%
დაადგინეთ თქვენი კომპანიის ციფრული სიმწიფე BDO Digital-თან ერთად
“მწვანე კონცხი ბოტანიკო” საახალწლო აქციის ფარგლებში ბინების ფასდაკლებით შეძენას და საჩუქარს გთავაზობთ
„ავერსის“ თვითმომსახურების აპარატი - სწრაფად, მარტივად, ურიგოდ
შეიძინე Samsung-ის სმარტფონი მხოლოდ ოფიციალური ჰოლოგრამით და ჩაერთე Trade-In აქციაში
„სიმეტრია პარკი“ ოქროყანაში - თბილისს მალე ახალი ჯანსაღი საცხოვრებელი გარემო შეემატება
ჰუალინგის თავისუფალმა ინდუსტრიულმა ზონამ საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
„თქვენს გზავნილზე ახალი საჩუქარია“ - ლიბერთი საერთაშორისო ფულად გზავნილებზე ახალი კამპანიას იწყებს