ნუგზარ წიკლაური - ბატონი ვაშაძე პოზიციონირებდა როგორც პრემიერი,  მაგრამ სამწუხაროდ, 3% მიიღო - არ მგონია, რომ ეს 3% 40%-ად გადაქცეულიყო

როგორ წარმოუდგენია ვინმეს, ვისაც ოპოზიციური მძლავრი ერთობა უნდა, რომ ოპოზიციური ბრძოლიდან გამორიცხოს ის პოლიტიკური ძალა, ვისაც მასზე 10-ჯერ მეტი ხმა აქვს აღებული? - ასე ეხმაურება „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ნუგზარ წიკლაური „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის ინიციატივას, ოქტომბრამდე მესამე ალტერნატიული ცენტრის შექმნის თაობაზე, რომლის მიზანის ქვეყანაში ორპოლუსიანობის დასრულება უნდა იყოს.

როგორც წიკლაურმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, როცა ნიკა მელია ციხეშია, პარტიებისგან სხვა პოლიტიკური ცენტრის შექმნაზე საუბარი დასანანია.

„დასანანია ზოგიერთი პოლიტიკური პარტიისგან, მათ შორის „სტრატეგია აღმაშენებლის“ მხრიდან სხვა პოლიტიკური ცენტრის შექმნაზე ლაპარაკი იმ პირობებში, როდესაც მელია ციხეშია. არ მგონია, ეს პოლიტიკური მორალის და პრაგმატული თვალსაზრისით გამართლებული იყოს. ბოლომდე, სანამ შესაძლებელი იქნება, დავრჩებით იმ სულისკვეთების მომხრე, რომ ერთობა არის მნიშვნელოვანი ჩვენი გამარჯვებისთვის. გიორგი ვაშაძეზე 10-ჯერ მეტი ხმა მიიღო „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და როგორ წარმოუდგენია ვინმეს, ვისაც ოპოზიციური მძლავრი ერთობა უნდა, რომ ოპოზიციური ბრძოლიდან გამორიცხოს ის პოლიტიკური ძალა, ვისაც მასზე 10-ჯერ მეტი ხმა აქვს აღებული? ასე რომ, ყველას შევახსენებდი, რომ ბატონი ვაშაძე პოზიციონირებდა როგორც პრემიერ-მინისტრი, მაგრამ სამწუხაროდ, მან 3% მიიღო. არ მგონია, რომ მისი პარტიის რეიტინგში რაიმე დრამატული ცვლილებები მომხდარიყო, რომ ეს 3% მაგალითად, 40%-ად გადაქცეულიყო“,- განაცხადა წიკლაურმა.

რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტში შესვლის საკითხს, წიკლაურის თქმით, პარტიაში ამაზე აზრთა სხვადასხვაობაა და ამ საკითხზე ნიკა მელიას გათავისუფლების შემდეგ იმსჯელებენ.

„სანამ ნიკა მელია გამოსული არაა, ეს დისკუსია ჯერ არ არსებობს. „ნაციონალური მოძრაობა“ ძალიან დიდი პარტიაა. იქ სხვადასხვა მოსაზრებაა პარალმენტში შესავლასთან დაკავშირებით მას შემდეგ, რაც ნიკა მელია გათავისუფლდება, თუმცა ეს არ არის კონფრონტაციული მოსაზრებები“, - განაცხადა წიკლაურმა.

ნუგზარ წიკლაურმა ასევე ისაუბრა ნიკა მელიას საპატიმროდან გამოსვლის გზებზეც და აღნიშნა, რომ ამის ორი გზა არსებობს - პროკურატურა გირაოს თაობაზე გადაწყვეტილებას თავად მიიღებს ან მელია საპატიმროს ამნისტიის კანონით დატოვებს.

ნიკა მელიას დაკავების გადაწყვეტილება მიიღეს „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს სხდომაზე. ახლაც პოლიტიკური გადაწყვეტილება უნდა იყოს მიღებული. თავის ინსტრუმენტებს სასამართლოს თუ პროკურატურას სახით, რანაირად და როდის მისცემენ ბრძანებას, რომ ეს ე.წ. სამართლებრივი ნაბიჯები გადადგან, არ ვიცი. მაგრამ ან პროკურატურის გადაწყვეტილება იქნება, ან ეს პროცესი შედარებით გაჯანჯლდება და მივა ამნისტიამდე“, - განაცხადა წიკლაურმა.

ამასთან, წიკლაური ამნისტიის კანონში ბრალდებულის თანხმობის მუხლის ჩადებას ნიკა მელიაზე ფსიქოლოგიური ზეწოლის მცდელობად აფასებს და დარწმუნებულია, რომ კანონპროექტიდან ამ მუხლს ამოიღებენ. ის გამორიცხავს, რომ ნიკა მელია ციხეში დარჩეს, რადგან ამბობს, რომ „გამორიცხულია, 20 ივნისის საქმესთან დაკავშირებით ყველა გათავისუფლდეს და არ გათავისუფლდეს ის ადამიანი, ვის გამოც შეიქმნა ხელშეკრულება და რის გამოც ჩამოვიდა შარლ მიშელი“.

„რასაც ჩვენ ვეძახით პრინციპულობას, ისინი ფიქრობენ, რომ ეს არის ლაბირინთი, რადგან მმართველ გუნდს სიმართლესთან ცუდი ურთიერთობა აქვს. რასაც ვამბობდით ორი თვის წინ, იმავეს ვამბობთ, რომ უსამართლო პოლიტიკურ გირაოს არ ვაღიარებთ და ხელისუფლებამ უნდა გადადგას ნაბიჯები. ან ერთი მიმართულებით იქნება პროგრესი - ესაა გირაოს საკითხი და თვითონ პროკურატურა შევა ასეთი მოთხოვნით, ან იქნება ამნისტიის კანონი.

ამნისტიაში პრიმიტიული მუხლების შეტანა, რომ თუ თვითონ მელია არ აღიარებს, ამ შემთხვევაში არ გამოვიდეს, მიმართულია იმისკენ, რომ ფსიქოლოგიური წნეხი გააძლიერონ ციხეში მყოფ ადამიანზე, მაგრამ არც მელიას იცნობენ და არც „ნაციონალურ მოძრაობას“,- განაცხადა წიკლაურმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა