აკაკი ბობოხიძე - „ევროპული საქართველო“ ამ პარლამენტში მანდატს არ გამოიყენებს და მიმაჩნია, რომ იქ „ნაციონალური მოძრაობაც“ არ უნდა შევიდეს

„ქართული ოცნება“ პრეზიდენტის იმიჯის გამოსწორებას ცდილობს, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა აკაკი ბობოხიძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, რითაც პრეზიდენტის მიერ ოპოზიციასთან შეხვედრის შესახებ კითხვას უპასუხა.

მისივე თქმით, „ქართულ ოცნებას“ პროცესებში პრეზიდენტის ჩართულობის გაზრდა უნდა, ამიტომ „რაღაც გააფუჭა და პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ რაღაცას დათმობს“.

„ოპოზიციის ერთობა გარდაუვალია, რომ ბიძინა ივანიშვილი დავამარცხოთ. „ქართულ ოცნებას“ თუ გონიერება ჰყოფნის, პრეზიდენტის იმიჯის გამოსწორებას ცდილობს. იმედი მაქვს, რომ პრეზიდენტის ჩართულობის გაზრდა უნდა, ამიტომ რაღაც გააფუჭა და პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ რაღაცას დათმობს“, - განაცხადა ბობოხიძემ.

რაც შეეხება უშუალოდ „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებებს, რაზეც პრეზიდენტი ოპოზიციის პოზიციებს ისმენს, ბობოხიძის შეფასებით, მიღებული კანონპროექტით „ქართული ოცნება“ ძალაუფლების შენარჩუნებას ცდილობს, რის საწინააღმდეგოდაც ოპოზიციამ კვლავ მედიატორები უნდა გაააქტიუროს.

ბიძინა ივანიშვილი თვლის, რომ მან ყველაზე დიდი პრობლემა გადააგორა. ოპოზიციის უიმედობის, სულსწრაფობის გამო, ზოგიერთის შეგნებული მავნებლობის გამო, ოპოზიციამ იმის ნახევარზე შეწყვიტა შედეგის დაყენება, სადაც ჩვენ შეგვეძლო ბიძინა ივანიშვილისთვის პასუხი გაგვეცა. თუ ქართული ხელმომწერი ოპოზიცია თვლის, რომ „ქართული ოცნება“ რამეში არღვევს შეთანხმების სულისკვეთებას, მსაჯები, ანუ მედიატორები დროზე უნდა ჩააყენონ საქმის კურსში. თუ ამას გააქტიურებენ, შედეგი შედარებით უკეთესი იქნება. პრობლემა რა არის?! გუშინ რაც ჩვენი მოთხოვნები იყო, დღეს სათხოვნელი, სავედრებელი გაგვიხდა“, - განაცხადა ბობოხიძემ.

გარდა ამისა, მან შეთანხმების დოკუმენტის იმპლემენტაციის პროცესზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ქართული ოცნება“ ტოვებს შესაძლებლობას, ნიკა მელია საბოლოო ჯამში, მაინც ციხეში აღმოჩნდეს.

„აბსურდული ფორმულირებაა, რომ ამნისტია ვისაც ეხება, იმის თანხმობა სჭირდებათ, რომ მასზე განხორციელდეს. „ქართული ოცნება“ ტოვებს შესაძლებლობას, რომ ნიკა მელია საბოლოო ჯამში, მაინც ციხეში აღმოჩნდეს“, - აღნიშნა მან.

ბობოხიძის თქმით, ნიკა მელიას მიმართ არც ერთ შემთხვევაში, არანაირი კითხვები არ დარჩება და „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ციხიდან ღირსეულად გამოვა.

ნიკა მელიას მიმართ კითხვები არც ერთ შემთხვევაში არ დარჩება. არც ერთ შედეგზე ნიკა მელია პასუხისმგებელი არ არის. ოპოზიციის ბრალი იცით რა არის, ვინც ხელი მოაწერა?! რომ ის ცუდიც კი სანატრელი ხდება. იმის გამო, რომ უარესი გვემუქრება, მისაღწევი ის ცუდი გაგვიქრა. ნიკა მელია ღირსეულად გამოვა! რატომ ვსვამთ კითხვის ნიშნებს, ნიკა მელია სახეს შეინარჩუნებს, თუ არა?! ნიკა მელიამ სახე უკვე შეინარჩუნა. თქვა, რომ ჩემი გულისთვის ამნისტიას ნუ მიიღებთო“, - განაცხადა ბობოხიძემ.

რაც შეეხება იმას, რა გადაწყვეტილებას მიიღებს „ევროპული საქართველოს“ რიგებიდან არჩეული დეპუტატი, ტარიელ ნაკაიძე თუ ნიკა მელიას გათავისუფლების შემდეგ „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში შევა, აკაკი ბობოხიძემ აღნიშნა, რომ მისი პარტია პარლამენტში მანდატს არ გამოიყენებს და ამავდროულად მიიჩნევს, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამაც“ მათ უნდა მიბაძონ.

„ევროპული საქართველო“ ამ პარლამენტში მანდატს არ გამოიყენებს. „ევროპული საქართველოს“ სახელით პარლამენტში წევრი არ იქნება. ჩვენ ცესკოს სიების აღდგენის მოთხოვნით არ მივმართავთ. მეტსაც გეტვით, რომ მიმაჩნია, „ნაციონალური მოძრაობაც“ არ უნდა შევიდეს პარლამენტში, რადგან ახლა ეს პარლამენტი არალეგიტიმურია. „ევროპული საქართველო“ მოქმედებს ისე, როგორც სწორი ჰგონია. მერე შედეგი დადგება ისეთი, როგორიც დადგება“, - განაცხდა ბობოხიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა