10-11 მაისს საარჩევნო რეფორმის საკითხებზე სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართება

პარლამენტის ოპოზიციონერი ვიცე-სპიკერის, ლევან იოსელიანის ინფორმაციით, 10-11 მაისს საარჩევნო რეფორმის საკითხებზე სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართება.

“ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირის რეკომენდაციების უდიდესი ნაწილი პარლამენტში ინიცირებულ პროექტში გათვალისწინებულია. მთავარია, განხილვები დანარჩენ ოპოზიციასთან ერთად მოხდეს. ასევე, საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესი ხელმოწერილ შეთანხმებას უნდა პასუხობდეს, სადაც საუბარია იმაზე, რომ ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევა 2/3-ით მოხდეს. ეს ის პრინციპული ცვლილებაა, რაც პროექტს უნდა დაემატოს. ყველა სხვა საკითხს, რაც ჩვენ არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობით მოვამზადეთ, აქვს მოწონება“, - განაცხადა ლევან იოსელიანმა.

საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებები პარლამენტში ინიცირებულია, თუმცა განხილვის პროცესი არ დაწყებულა.

“საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებების პროექტი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში მომზადდა და მისი ინიციატორები არიან დეპუტატები: შალვა პაპუაშვილი, ლევან იოსელიანი, ალეკო ელისაშვილი, ფრიდონ ინჯია, კახა კუჭავა, ნიკოლოზ სამხარაძე, ავთანდილ ენუქიძე, ანრი ოხანაშვილი, დავით მათიკაშვილი, მამუკა მდინარაძე და ირაკლი ჩიქოვანი.

“საარჩევნო კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებები შემდეგ სიახლეს ითვალისწინებს:

საკრებულოებში პროპორციული წესით არჩეული წევრების წილი იზრდება. კერძოდ, თვითმმართველ ქალაქებში - თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, ფოთი, ბათუმი - ყოველ ერთ მაჟორიტარ წევრზე 4 პროპორციული წესით არჩეული წევრი იქნება, ხოლო სხვა მუნიციპალიტეტებში ყოველ ერთ მაჟორიტარ წევრზე - ორი პროპორციული წესით არჩეული წევრი.

საარჩევნო ადმინისტრაციის ცენტრალური და საოლქო დონეები დაკომპლექტდება 8 პროფესიული და 9 პარტიული წევრით, პრინციპით - ერთი პარტია ერთი წევრი. ამასთან, ცესკოსა და საოლქო კომისიებში წევრებს პარტიები შემდეგ შემთხვევაში დანიშნავენ: თუ პარტიას პარლამენტის წევრის მანდატი მიეკუთვნა და ჰყავს სულ მცირე ერთი წევრი, რომელიც პარლამენტის წევრის უფლებამოსილებას ახორციელებს.

კანონპროექტით, ამომრჩეველთა ელექტრონული რეგისტრირება და საარჩევნო ბიულეტენების ელექტრონული დათვლის სისტემა ინერგება.

იკრძალება უბნის დოკუმენტაციის დალუქვის შემდეგ, საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ შესწორების ოქმის შედგენა და საოლქო კომისიების მიერ შესწორების ოქმის შედგენა დოკუმენტაციის გახსნის და ბიულეტენების გადათვლის გარეშე.

მიუხედავად იმისა, იქნება თუ არა საჩივარი, 73 საარჩევნო ოლქში შემთხვევითი შერჩევის პრინციპით ხუთ-ხუთი უბანი გამოვლინდება, რომელიც გადაითვლება. ინიციატორთა განმარტებით, საერთო ჯამში არჩევნებზე 365 უბანი გადაითვლება, რაც უბნების საერთო რაოდენობის 10% წარმოადგენს.

იზრდება საჩივრების შეტანის და განხილვის ვადები. შესაძლებელი გახდება სარჩელის ელექტრონული ფორმით შეტანა.

ასევე, შესაძლებელი იქნება ცესკოს მიერ სამართალდარღვევის ოქმის შედგენაზე უარის გასაჩივრება სასამართლოში.

აიკრძალება საარჩევნო უბნებიდან 100-მეტრიან რადიუსში ადამიანთა შეკრება და ამომრჩეველთა აღრიცხვა. გაფართოვდება იმ საჯარო მოხელეების წრე, ვისაც წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობა აეკრძალება.

იკრძალება წინასაარჩევნო აგიტაციისთვის საჯარო მოხელეების სამსახურებრივი ნიშნით შეკრება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო