კრწანისის ტყე-პარკში გარემოსდაცვითი განათლების საზოგადოებრივი ცენტრი შეიქმნება

კრწანისის ტყე-პარკში გარემოსდაცვითი განათლების საზოგადოებრივი ცენტრი შეიქმნება. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა და საქართველოში შვედეთის სამეფოს ელჩის მოადგილემ, საერთაშორისო განვითარების განყოფილების ხელმძღვანელმა ერიკ ილესიმ კრწანისის ტყე-პარკის ტერიტორია დაათვალიერეს.

ლევან დავითაშვილმა და ერიკ ილესიმ სამომავლო თანამშრომლობის ფარგლებში, ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს ინსტიტუციური გაძლიერების და კრწანისის ტყე-პარკში გარემოსდაცვითი განათლების საზოგადოებრივი ცენტრის შექმნის საკითხები განიხილეს.

„შვედეთის განვითარების სააგენტოსთან ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ბევრი მიმართულებით. სამომავლო თანამშრომლობის ფარგლებში, განიხილება ახალი პროექტის დაწყება, რომელიც რამდენიმე მილიონი ევროს ოდენობის დახმარებას გულისხმობს და ფარავს როგორც კრწანისის ტყე-პარკის ინფრასტრუქტურის აღდგენა-გაუმჯობესების, ველური ბუნების სახეობების შესწავლის, მათ შორის, გენეტიკური კუთხით, და დაცულ ტერიტორიებზე ბიომრავალფეროვნების კონსერვაციის მხარდაჭერის მიმართულებებს, ასევე, ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მართვის სისტემის გაძლიერებაში მხარდაჭერას. კრწანისის ტყე-პარკის ტერიტორია არის უნიკალური ეკოსისტემა, მწვანე სივრცე ორ ქალაქს შორის, რომელსაც გადარჩენა, შენარჩუნება, აღდგენა და გალამაზება სჭირდება. ამ მიმართულებით ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ; უკვე დაწყებულია წითელის ნუსხის სახეობების აღდგენა-შემოტანა და იმ კოლექციის შექმნა, რომელიც საქართველოს ბიომრავალფეროვნებას და უნიკალურ ბუნებას გამოხატავს. კრწანისის ტყე-პარკი იქნება მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო სივრცეც გარემოსდაცვითი კუთხით, სადაც მოქალაქეები მიიღებენ ინფორმაციას საქართველოს უნიკალური ბუნების და ბიომრავალფეროვნების შესახებ“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

საქართველოში შვედეთის სამეფოს ელჩის მოადგილე ერიკ ილესის განცხადებით, ახალი პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს ტყე-პარკის ტერიტორიის დიდი პოტენციალის ათვისებას იმისათვის, რომ ბიომრავალფეროვნების შესწავლა საფუძვლიანად მოხდეს და რაც მნიშვნელოვანი იქნება მომავალი თაობების და, ზოგადად, მოსახლეობის გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებისთვის.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ველური ბუნების ეროვნული სააგენტო კრწანისის ტყეპარკის აღდგენასა და განახლებაზე აქტიურად მუშაობს. მასშტაბური სამუშაოების განხორციელების შემდეგ, ტყე-პარკი თავის ძირითად ფუნქციას დაიბრუნებს და გახდება მნიშვნელოვანი რეკრეაციული სივრცე ორ ქალაქს - თბილისსა და რუსთავს შორის. ტყე-პარკის ტერიტორიაზე გადაადგილება მხოლოდ ფეხით, ველოსიპედით ან მინი ელექტროავტომობილით იქნება შესაძლებელი.

ამ ეტაპზე, ტყეპარკის ტერიტორიაზე, მდინარე მტკვარზე, მიმდინარეობს მძლავრი სატუმბი სადგურის მშენებლობა, რომელიც მტკვრის წყალს ტერიტორიაზე მდებარე 8 ტბას და ჭალის ტყის კორომების სარწყავ არხებს მიაწვდის. სამუშაოები დაფინანსებულია გლობალური გარემოსდაცვითი ფონდისა (GEF) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტის „მტკვარი 2" მიერ.

აღსანიშნავია, რომ კრწანისის ტყე-პარკის განახლებისა და აღდგენის მიმდინარე სამუშაოების ფარგლებში, უკვე მოეწყო 100 კვტ. მზის ელექტროსადგური; ხეების უკანონო ჭრის აღკვეთის და ბრაკონიერებისაგან დაცვის მიზნით, შემოიღობა ტყე-პარკის ტერიტორიის 150 ჰა ფართობი. სამომავლოდ, დაგეგმილია მტკვრის სახეობათა თევზსაშენის მშენებლობა, დამშრალი 7 ტბორის აღდგენა - დათევზიანება და 50-მდე საპიკნიკე ლოკაციის მოწყობა.

კრწანისის ტყე-პარკის აღდგენა-განახლების გეგმის განხილვას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები ნინო თანდილაშვილი და იური ნოზაძე, ასევე სამინისტროს შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს