მეუფე სტეფანე - მე მღვდელმთავარი ვარ, მომხრეები არ მყავს, მე მრევლი მყავს

მე აქაური ეპისკოპოსი, მღვდელმთავარი ვარ, მომხრეები არ მყავს, მე მრევლი მყავს, - ამის შესახებ ჭყონდიდის მიტროპოლიტმა, მეუფე სტეფანემ მარტვილში, ღვთისმშობლის შობის ტაძრის ეზოში, ბზობის დღესასწაულზე განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას განაცხადა.

როგორც მეუფე სტეფანე განმარტავს, ბზობის დღესასწაულზე გარკვეულმა პირებმა ის ტაძარში არ შეუშვეს, რადგან ეპისკოპოსად არ ცნობდნენ. მისივე თქმით, ბზობის დღესასწაული მედიის მიერ არასწორად გაშუქდა.

„იმდენად არასწორად გაშუქდა ყველაფერი, იძულებული ვარ ამაზე ვილაპარაკო. მანამდე ტაძარში არ შემიშვეს, რა მოტივით? ე.ი. არ მცნობენ, როგორც ეპისკოპოსს.

აბსოლუტურად არაკანონიკური მიდგომაა. წმინდა სინოდია ერთადერთი ორგანო, რომელიც წყვეტს საკითხს, ვინაა ეპისკოპოსი რომელიმე ეპარქიაში. წმინდა სინოდმა გადაწყვიტა მეუფე პეტრეს გადაყენება და ჩემი დადგინება.

მედია არ არის ის ორგანო, რომელიც აცხადებს, ვინ არის კანონიერი და ვინ უკანონო. ის უბრალოდ სიტუაციას აფიქსირებს. ამ შემთხვევაში გამოვიდა, რომ ისინი მართლები არიან, მე უკანონო ვარ. მედია მამკობს სიტყვებით, რაც მედიისთვის შეუფერებელია.

მე ასეთი მოვალეობა მაქვს, როდესაც ეკლესიას არ ცნობენ, სინოდის გადაწყვეტილებას არ ცნობენ, როდესაც პატრიარქის მიმართ არის საშინელი ბრალდებები, მე იძულებული ვარ, საკმაოდ თავშეკავებულად, გარკვეული დიდი შუალედებით რაღაც ვთქვა, რომ ასე არ შეიძლება, შემდეგ რაღაც კანონიკური გადაწყვეტილება მივიღო. ამაზე მედია ერთ ამბავს ტეხს, რომ თითქოს, მე ვიღაცები უკანონოდ დავსაჯე. მედიამ რა იცის, უკანონოდ დავსაჯე თუ არა?“, - აცხადებს მეუფე სტეფანე.

მან ბიზნესმენ კლიმენტი კეკუტიაზეც ისაუბრა და განმარტა, რომ ის ბიზნესმენს რამდენჯერმე შეხვდა, თუმცა, მეუფესთვის უცნობია, კონკრეტულად რას საქმიანობს ის.

„ბზობის დღესასწაულზე უამრავი ხალხი იყო, სულ სხვა ვითარება იყო, ვიდრე ეს მედიამ ასახა. კეკუტია რამდენჯერმე თავისი ინიციატივით შემხვდა, რაღაცებზე მესაუბრა. არც მისი საქმიანობა ვიცი. ვიცი, რომ მეუფე პეტრეს ეხმარებოდა, ეს რეზიდენცია, რაც კი რამეა, კეკუტიას სახსრებითაა გაკეთებული“, - აცხადებს მეუფე სტეფანე.

ცნობისთვის, მარტვილში, ღვთისმშობლის შობის ტაძრის ეზოში, ბზობის დღესასწაულთან დაკავშირებით, საზეიმო წირვის დაწყებამდე სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება იყო. სასულიერო პირების ნაწილმა, რომელიც ჭყონდიდელ მიტროპოლიტ, მეუფე სტეფანეს არ ემორჩილება, ტაძარში ადგილობრივი ბიზნესმენის კლიმენტი კეკუტიას გამოჩენა გააპროტესტეს, შემდეგ კი მეუფე სტეფანეს ტაძრის შესასვლელთან დახვდნენ. მეუფე სტეფანე ტაძარში პოლიციის დახმარებით შევიდა. მომხდარზე შსს-მ გამოძიება 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ცემას გულისხმობს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო