ნიკა მელიას განცხადებით, ციხიდან „ქართული ოცნების“ რამდენიმე დეპუტატს დაურეკა, თუმცა არ უპასუხეს

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, ნიკა მელიას განცხადებით, დაჭერის შემდეგ, მალევე, „ქართული ოცნების“ რამდენიმე დეპუტატს დაურეკა, თუმცა მათ ზარებს არ უპასუხეს.

ამის შესახებ მელიამ ჟურნალისტებს საპატიმრო დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ განუცხადა.

როგორც მელიამ აღნიშნა, ყველაზე ცუდი მისთვის ის იყო, რომ ვერავის ესაუბრებოდა.

„ახალი დაჭერილი ვარ, ბრაზით შევედი, მესამე, მეოთხე დღეს როცა მივხვდი, სად ვარ, მეგობარ ადვოკატს ვთხოვე, გეხვეწები, „ქართული ოცნების“ დეპუტატების სია შემომიტანე-მეთქი. ერთ კვირაში შემომიტანეს. რამდენიმეს დავურეკე, ჩემთვის ძვირფასი 15 წუთი... [გამოვიყენე]. არ მიპასუხა. მერე ბრაზმა გადამიარა და ძვირფასი წუთების ფასიც გავიგე, მერე მაგათთან დავრეკავდი? რაღაცების გაფუჭების ხასიათზე ვიყავი. „მივლინებიდან“ ბევრი ისტორია მაქვს - სუპები, მჟანას სუპები...დღეში ერთხელ ვჭამდი, დღისით. ცუდი რა არის იცით? - მარტო რომ ხარ ვერ ესაუბრები ვერავის, გინდა ლაპარაკი, რაღაცას ტელევიზიით უყურებ და გინდა ემოციები გაუზიარო, არავინ არ გყავს. რაღაცები გავაკარი საკანში, თურმე შეიძლება 3-დან 6 სმ-მდე [პლაკატების გაკვრა]. ბოლოს არ ჰქონდა საკანს საკნის იერი. რაღაც საშინელი დეპრესიული რუხი ფერები ხომ არის, რაც მელანქოლიურ განწყობაზე გაყენებს. რომ შევედი საკანში სამი ნათურაა, მესამე არ ანათებს. ვიფიქრე, გადამწვარია და ციხის ზედამხედველს დავუძახე და ვუთხარი, შუა ნათურა გადამწვარია-თქო. თურმე, გადამწვარი კი არ არის, გარედან ინთება, რომ ზოგჯერ დაგხედონ. მაგიდის 4 სანათი ვიყიდე, ერთი ტელევიზორის უკან დავდგი და ვაჩახჩახებდი“, - აღნიშნა მელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.

მისივე თქმით, როდესაც აქტივისტები საპატიმრო დაწესებულებასთან მიდიოდნენ, ეს მისთვის სასიამოვნო იყო, თუმცა უხერხულობასაც უქმნიდა.

„სასიამოვნო იყო და ამავე დროს მერიდებოდა. იქ მარტო მე ხომ არ ვიყავი? უხერხულობა მქონდა. თუმცა, იქ, სადაც ხვდები, თუ შენ თავს მოერიე, უფრო გაძლიერებული გამოხვალ და ბევრს წამოიღებ. ეს მარტოობა იძლევა ღრმად ფიქრის შესაძლებლობას. ტვინი ისეთ წვრილმან დეტალებში იქექება ავტომატურად, როგორი რაღაცები გამახსენდა იცით? - რომელიღაც ტელეკომპანიაში რომ მივდიოდი და ლიფტთან რომელი ჟურნალისტი შემხვდა. ეს დეტალებიც გახსენდება. ატყობ ვინ გიჭერს მხარს გულწრფელად, ვინ ღელავს, ვინ განიცდის, ვინ ნახევრად გულწრფელად. საკუთარი თავის შეცნობისთვის და უკეთ გაცნობისთვის, არაჩვეულებრივი ადგილია, ფიქრისთვისაც. ფიქრებში არწივივით თავისუფალი ხარ, კითხულობ, ხან ერთ კონტინენტზე ხარ, ხან მეორეზე, დრო სწრაფად გადის, როცა კითხულობ. სულიერადაც ძლიერდები“, - განაცხადა ნიკა მელიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა