ნიკა მელია - არავინ იფიქროს ოლიგარქის სამსახურში, რომ შეიძლება ამნისტიის წინააღმდეგი არ ვიყო, გაგრძელდეს სისხლის სამართლის საქმე - 20 ივნისი ცხელი უთოა, ვინც ხელს დაადებს, ყველა დაიწვება

არ იფიქროს არავინ ოლიგარქის სამსახურში, რომ მე შეიძლება არ ვიყო ამნისტიის წინააღმდეგი. გამორიცხულია! გაგრძელდეს სისხლის სამართლის საქმე! - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ განაცხადა.

როგორც მელიამ აღნიშნა, „20 ივნისი არ არის ჩვეულებრივი კალენდარული დღე - ცხელი უთოა, ვინც ხელს დაადებს, ყველა დაიწვება“.

„პოლიტიკური ამნისტია რომ გამოეცათ, ამასთან მიმართებაში პრობლემა არავის ექნებოდა. ის სივერაგე, მზაკვრულობა, რაც შეიმუშავეს - ხელმომწერ პარტიებს ერთი უთხრეს და სინამდვილეში მეორე დაახვედრეს, აქ ჩანს ამ ხელისუფლების ხასიათი და ბუნება. მე წინააღმდეგი არ უნდა ვიყო ამ სახის ამნისტიის, წინააღმდეგ შემთხვევაში არ შემეხება. ამაზე არ იფიქროს არავინ ოლიგარქის სამსახურში, რომ მე შეიძლება არ ვიყო წინააღმდეგი. გამორიცხულია! გაგრძელდეს სისხლის სამართლის საქმე! ხომ არ დაავიწყდათ, რის გამო ვყავდი ციხეში, პარლამენტის შენობიდან გამომაგდეს გარეთ, თამარ ბაღაშვილს გამოვესარჩლე, როგორც დეპუტატი და ასე აღმოვჩნდი სცენაზე რუსთაველის გამზირზე, მერე მოხდა ის, რაც მოხდა. ჩემი პერსონალური თანხმობა სადაც საჭიროა, ახლავე ვეუბნები, რომ შეიძლება „ქართულმა ოცნებამ“ ძალიან აკურატულად კოხტად დაახვიოს გრაგნილად და თაროზე შემოდოს. ეს არის წარმოუდგენელი. ყველაფერს გავაკეთებ კოლეგებთან ერთად, თუ იოტისოდენა შანსი არის რომ მეტასტაზირების ეს პროცესი შევაჩეროთ. 20 ივნისი არ არის ჩვეულებრივი კალენდარული დღე - ცხელი უთოა, ვინც ხელს დაადებს ამ ცხელ უთოზე, ყველა დაიწვება. 20 ივნისის დამახინჯება, გადაწერა არავის შეუძლია. მე რასაც შევძლებ მეგობრებთან და კოლეგებთან ერთად, აუცილებლად გავაკეთებ“, - განაცხადა მელიამ.

რაც შეეხება პარლამენტში შესვლის საკითხს, როგორც მელია აცხადებს, მორალურად და პოლიტიკურად გამართლებული არ იქნება, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ბლოკში შემავალ პარტიებს საკანონმდებლო ორგანოში შესვლისკენ მოუწოდოს და პარლამენტში თავად არ შევიდეს.

„ამნისტია თუ იქნება იმ სახით მიღებული, რა სახითაც აპირებენ, მე იმ პარლამენტში, სადაც ორჯერ იმუნიტეტი შემიჩერეს, ერთხელ დამიჭირეს, ერთხელ გამომაგდეს, არ არის ტრაგედია და არც დანაკლისი [რომ არ შევიდე]. ამაზე გადაწყვეტილება მისაღები მაქვს მეგობრებთან ერთად. მე პარლამენტში პრაქტიკულად არც ვყოფილვარ, ცოტა ხანს ვიყავი ხოლმე, მერე გამომაგდებდნენ. მაგრამ ვფიქრობ, არაფერი დამიკლია და ჩამოვყალიბდი „ქართული ოცნების“ პროფესიონალ ერთ-ერთ დემონტაჟ პოლიტიკოსად, რომელმაც იცის როგორ იშლება „ქართული ოცნება“. რაღაც წვლილი უკვე შევიტანე და ნახევრად ჩამოშლილები უკვე არიან. ერთი კვირა მაინც დაგვჭირდება, რომ მთელი რიგი მიმართულებებით გადაწყვეტილებები მივიღოთ. მე არც ისე მინდა გამოვჩნდე, რომ ჩემს უახლოეს მეგობრებს პარტიაში, „ნაციონალური მოძრაობის“ ბლოკში - „ძალა ერთობაშია“ ვუთხრათ, რომ თუ პარტია პარლამენტში უნდა შევიდეს, თქვენ შედით და მე გარეთ დავრჩები. ეს არ იქნება არც მორალურად, არც პოლიტიკურად გამართლებული. თუკი შევლენ, იქ არც არავინ შევა დროის გასატარებლად, მერწმუნეთ! არც ბადრი ჯაფარიძეს, არც მამუკა ხაზარაძეს, არც სხვა პარტიებს არ სიამოვნებთ იქ ყოფნა. სასიამოვნო აურა და ატმოსფეროც არ არის. ამიტომ იმ გადაწყვეტილებას მივიღებთ, რომელიც ხელს შეუწყობს ძალთა გაერთიანებას, არათუ ერთობას“, - განაცხადა მელიამ, ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში.

ზაზა ფირალიშვილი - სამწუხაროდ, ჩვენი პოლიტიკური სპექტრი და უბრალო ადამიანები განსხვავებულ სამყაროებში ცხოვრობენ, ვფიქრობ, ეს არის სერიოზული პოლიტიკური, უფრო მეტიც, საზოგადოებრივი კრიზისის ნიშანი
ქართული პრესის მიმოხილვა 14.06.2021
კარლ ჰარცელი - მჯერა, რომ 19 აპრილის შეთანხმებით, სულ მცირე, კრიზისის ეს თავი დაიხურა - საბოლოო ჯამში, ეს ახალი ეპოქის დასაწყისია
ლექსუს თბილისი  ევროპის 300 დილერს შორის საუკეთესო ათეულში მოხვდა და უკვე ზედიზედ მეორედ  მიიღო კლიენტთა გამორჩეული მომსახურებისთვის დაწესებული LEXUS KIWAMI-ის უმნიშვნელოვანესი ჯილდო
PSP და MASTERCARD განსაკუთრებული შეთავაზებით სარგებლობას მომხმარებელი უკვე დღეიდან შეძლებს
მნიშვნელოვანი წვლილი ქართული ეკონომიკის განვითარებაში: „კარფური“ 10 უმსხვილეს ინვესტორს შორის