პაატა ზაქარეიშვილი - "ნაციონალურ მოძრაობას" სისხლი წურწურით ჩამოსდის - თუ ოპოზიცია ალტერნატივად "ნაცმოძრაობას" მთავაზობს, ერთი მანკიერის გაშვება მეორე მანკიერის მოყვანით, ჩემთვის მიუღებელია

„ნაციონალურ მოძრაობას“ სისხლი წურწურით ჩამოსდის , - ამის შესახებ გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის პროფესორმა, ექსპერტმა პაატა ზაქარეიშვილმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „დღის ნიუსრუმი“ განაცხადა და აღნიშნა, რომ ცალკეული ოპოზიციური პარტიის სტრატეგია, ადგილობრივ არჩევნებზე "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატებს მხარი არ დაუჭიროს, სწორია.

მისი შეფასებით, საზოგადოების დიდი ნაწილისთვის „ნაციონალური მოძრაობა“ ის ძალა არ არის, რომელიც შესაძლოა, „ქართულ ოცნებას“ ჩაენაცვლოს.

„ჩემთვის „ნაციონალური მოძრაობა“ არ არის ოპოზიცია, ჩემთვის ის ისეთივე ხელისუფალია, რომელიც ისევე მანკიერად მართავს სიტუაციას, როგორც „ქართული ოცნება“. უფრო მეტიც, „ნაციონალურ მოძრაობას“ სისხლი წურწურით ჩამოსდის. ეს ჩვენ ყველამ ვიცით, ასეთი სისხლი წურწურით „ქართულ ოცნებას“ არ ჩამოსდის, მას თავისი მანკიერებები და მინუსები აქვს, სისხლი მასაც აქვს, მაგრამ არა ასეთი მასშტაბებით და რაოდენობებით. ამიტომ, საზოგადოების დიდი ნაწილისთვის „ნაციონალური მოძრაობა“ ის ძალა არ არის, რომელიც შესაძლოა, „ქართულ ოცნებას“ ჩაენაცვლოს. ამიტომ, ყველაზე ჭკვიანური იქნებოდა, "ნაციონალური მოძრაობა“ თვითონ იყოს დისტანცირებული. დღეს რასაც ამბობს ნიკა მელია, რომ გავერთიანდეთ რაღაცის გარშემოო, ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“. მათი მთელი ტრაგედია ის არის, რომ დანარჩენ ოპოზიციას ამადლიან, ჩვენ ვიღებთ ყველაზე მეტ ხმას, ამიტომ, კეთილი ინებეთ და ჩვენი პრინციპების გარშემო გავერთიანდეთო. ის, რომ დღეს მაჟორიტარული სისტემა ჩავარდა, ვისი ბრალია? - მათი. მათ დაიწყეს ადგილებზე რეგიონებში თამაში, იქნებ ჩვენი კანდიდატი უფრო ძლიერი იყოსო“, - განაცხადა ზაქარეიშვილმა.

მისი შეფასებით, მიუღებელი იქნება, თუ „მანკიერ „ქართული ოცნებას“ ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ, მანკიერი „ნაციონალური მოძრაობა“ შეცვლის“.

ზაქარეიშვილის განმარტებით, „დღეს „ნაციონალურ მოძრაობას“ პარლამენტში შესვლა არ უნდა აწყობდეს, რადგან ძალიან უტიფრად და თავხედურად იქცევა „ქართული ოცნება“, ვინც კი პარლამენტში შევიდა, ყველას დასცინეს“.

„გასაგებია, რომ „ქართული ოცნება“ ისტორიას უნდა ჩაბარდეს, მაგრამ მთავარი პრობლემა ამის შემდეგ მოდის, როგორ უნდა ჩაბარდეს ისტორიას და ვინ უნდა მოვიდეს. თუ მე ოპოზიცია „ნაციონალურ მოძრაობას“ მთავაზობს, პირადად მე და მარტო მე არ ვარ, მაშინ ერთი მანკიერის გაშვება, მეორე მანკიერის მოყვანით, ჩემთვის ყოვლად მიუღებელია“, - განაცხადა ზაქარეიშვილმა.

მისი შეფასებით, როგორც „ქართულმა ოცნებამ", ასევე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ქვეყანა ჩიხში შეიყვანა და ამიტომ, საზოგადოებაში ე.წ. მესამე ძალის მოლოდინი არსებობს.

რაც შეეხება, "ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას შესაძლო მონაწილეობას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, ზაქარეიშვილს მიაჩნია, რომ გასათვალისწინებელი იქნება, ის ოპოზიციის ლიდერი იქნება, თუ თბილისის რეალური მერი.

„ამომრჩევლის დიდი ნაწილი მელიას შეხედავს, როგორც ოპოზიციის ლიდერს და ხმას მისცემს, ბევრი შეხედავს, როგორც ქალაქის მერს და ხმას ან მისცემს, ან არა. ამიტომ, უნდა ვნახოთ, ეს ადამიანი მოდის ქალაქის მერობისთვის თუ ბრძოლის გასაგრძელებლად, რათა „ქართული ოცნება“ ბოლომდე ჩამოანგრიოს“, - განაცხადა ზაქარეიშვილმა.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ ოპოზიციის გაერთიანებას ვერ შეძლებს, რადგან „პარტიამ საკუთარი თავი ამოწურა“.

„ნაციონალურ მოძრაობას“ საკუთარი თავი ამოწურული აქვს, არ მგონია, რომ ნებისმიერი ადამიანი, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ სათავეში იქნება, გამაერთიანებელი იყოს. მითუმეტეს, როცა მელია ციხეში იყო, აშკარად თავის თავზე ლიდერობა აიღო სააკაშვილმა, რომელიც სხვა ქვეყნის მოქალაქეა და სხვა ქვეყანაში ცხოვრობს. საზოგადოების წინაშე ის მუდმივად „ნაციონალური მოძრაობის“ სახელით გამოდიოდა... ის ხმები, რასაც მელია ღებულობს, მაინც სააკაშვილის ხმებია. გვინდა ჩვენ ასეთი ხმები თუ არ გვინდა, ეჭვი მეპარება, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ გამაერთიანებელი ძალა გახდეს, რადგან ძალიან ბევრი პოლიტიკური ფაქტორით ის უკვე ჩამოწერილია, ბევრს ხელს უშლის“, - განაცხადა ზაქარეიშვილმა.

გარდა ამისა, მან ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას პოლიტიკაში შესაძლო მოსვლაც შეაფასა და განაცხადა, რომ აღნიშნული საკითხი „ქართული ოცნების“ გამოწვევა გახდა.

„თუ რამე გამოწვევა აქვს დღეს „ქართულ ოცნებას“, ეს არის გახარია, მისი წამოსვლით. გახარიას მიაქვს მხოლოდ და მხოლოდ „ქართული ოცნების“ ხმები, თან, როგორც ჩანს, ამას ივანიშვილი არ ეწინააღმდეგება. მისთვის მთავარია, მისი ხალხი იყოს მმართველობაში. არ მგონია, რომ გახარია იყოს შეთანხმებული პროექტი ივანიშვილთან, მოდი, ახლა გავალ. მან ვერ დაინახა თავისი თავი კობახიძის გუნდთან, გავიდა და აშკარად ახალი რეალობა, კრიზისიც შექმნა „ქართულ ოცნებაში“. თუ „ქართულ ოცნებაში“ ვინმეს რამის ეშინია, ეს არის გახარია და მის მიერ გადადგმული ნაბიჯები“,-განაცხადა ზაქარეიშვილმა.

მან გიორგი გახარიას ურჩია, „ნაციონალური მოძრაობის“ გარდა, სხვა ოპოზიციურ ძალებთან ითანამშრომლოს.

ზაზა ფირალიშვილი - სამწუხაროდ, ჩვენი პოლიტიკური სპექტრი და უბრალო ადამიანები განსხვავებულ სამყაროებში ცხოვრობენ, ვფიქრობ, ეს არის სერიოზული პოლიტიკური, უფრო მეტიც, საზოგადოებრივი კრიზისის ნიშანი
ქართული პრესის მიმოხილვა 14.06.2021
კარლ ჰარცელი - მჯერა, რომ 19 აპრილის შეთანხმებით, სულ მცირე, კრიზისის ეს თავი დაიხურა - საბოლოო ჯამში, ეს ახალი ეპოქის დასაწყისია
ლექსუს თბილისი  ევროპის 300 დილერს შორის საუკეთესო ათეულში მოხვდა და უკვე ზედიზედ მეორედ  მიიღო კლიენტთა გამორჩეული მომსახურებისთვის დაწესებული LEXUS KIWAMI-ის უმნიშვნელოვანესი ჯილდო
PSP და MASTERCARD განსაკუთრებული შეთავაზებით სარგებლობას მომხმარებელი უკვე დღეიდან შეძლებს
მნიშვნელოვანი წვლილი ქართული ეკონომიკის განვითარებაში: „კარფური“ 10 უმსხვილეს ინვესტორს შორის