შალვა პაპუაშვილი - ნიკა მელიამ დაწერა, რომ სტრასბურგის სასამართლოში საქმე არის „ნიკა მელია „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ“, როგორც ჩანს, ამის თქმა ეთაკილება, რომ საქართველოს წინააღმდეგ შეაქვს სარჩელი

ახლა ეს არის მცდელობა, რომ საერთაშორისო ინსტიტუტების გამოყენებით პიარულად თემა აწიონ, - ასე შეაფასა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა შალვა პაპუაშვილმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიას სარჩელი, რომელიც სტრასბურგის სასამართლომ განსახილველად მიიღო და შესაბამისი კითხვები მოპასუხე მხარეს გაუგზავნა.

პაპუაშვილის განმარტებით, საზოგადოებამ საკუთარი თვალით დაინახა, როგორ დაარღვია კანონი ნიკა მელიამ, როდესაც მან ელექტრონული სამაჯური მოიხსნა.

„ეს ყველაფერი ჩვენს თვალწინ მოხდა, ჩვენს თვალწინ მოიხსნა მან სამაჯური, ჩვენს თვალწინ თქვა, რომ არ ემორჩილება კანონს და მართლმსაჯულებას, ის არ გადაიხდიდა გირაოს და ვერ დაიჭერდნენ, ამ ყველაფერს კანონის შესაბამისი პასუხი მოჰყვა. შემდეგ გვესმოდა მისგან საუბარი, რომ გირაოს არ მიიღებდა და ყველა, ვინც გირაოს გადაიხდიდა, მისი მტერი იქნებოდა. საბოლოოდ, ვნახეთ როგორ დასრულდა ეს ყველაფერი. ის მართლმსაჯულებამ დააკავა, გირაოც გადაიხადეს, ამნისტიაც იქნება გამოცემული, ეს არის ახლა უბრალოდ მცდელობა, რომ საერთაშორისო ინსტიტუტების გამოყენებით პიარულად თემა აწიონ. გარწმუნებთ, რომ შინაარსობრივად რაიმე პრობლემა არ არის. ჩვენ ვნახეთ, როგორ არღვევდა კანონს ნიკა მელია“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

მისი შეფასებით, პოლიტიკური ოპონენტები საკუთარ თავს „არასერიოზულ მდგომარეობაში იყენებენ“.

„საერთო ჯამში, ესეც აჩვენებს, რამდენად არასერიოზულ მდგომარეობაში იყენებენ საკუთარ თავს ჩვენი ოპონენტები. ნიკა მელიამ რომ დაწერა, ეს საქმე არის „ნიკა მელია „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ“, სინამდვილეში საქმის განხილვა თუ იქნება, იქნება „ნიკა მელია საქართველოს წინააღმდეგ“. როგორც ჩანს, მას ამის თქმა ეთაკილება, რომ სწორედ საქართველოს წინააღმდეგ შეაქვს სარჩელი“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიას დაპატიმრების საქმეზე სარჩელი განსახილველად მიიღო და შესაბამისი კითხვები მოპასუხე მხარეს გაუგზავნა. ამის შესახებ ნიკა მელიას ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა. მისი თქმით, სარჩელი უშუალოდ ნიკა მელიას დაპატიმრებას ეხება და ამ კონტექსტში სტრასბურგის სასამართლო საქართველოს ხელისუფლების მისამართით კითხვას სვამს შესაძლო პოლიტიკური პატიმრობისა და პოლიტიკური დევნის საკითხზე.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს