ჯარჯი აქიმიძის და დავით დვალის ადვოკატი „რუსთავი 2“-ის მმართველებს მიმართავს, სააქციო საზოგადოების შექმნის შესახებ დეტალური ინფორმაცია გაასაჯაროვონ

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის დამფუძნებლების ჯარჯი აქიმიძისა და დავით დვალის ადვოკატი, კახა კოჟორიძე ტელეკომპანიის დღევანდელ მმართველებს მიმართავს, სააქციო საზოგადოების შექმნის შესახებ დეტალური ინფორმაცია გაასაჯაროვონ.

როგორც კოჟორიძემ პრესკონფრენციაზე განაცხადა, სააქციო საზოგადოების შექმნის შემდეგ „რუსთავი 2“-ის მფლობელებმა ტელეკომპანიის ავტორიზაცია გააუქმეს და დღეს ამ სახელით მაუწყებლობს არა ტელეკომპანია „რუსთავი 2“, არამედ მედია ჰოლდინგი. ამასთან, კოჟორიძის ინფორმაციით, მედია ჰოლდინგში შემავალ „პრაიმ ტაიმს“, წესდების მიხედვით, აქვს უფლება მართოს სააქციო საზოგადოების მთელი ქონება „რუსთავი 2“-ის ინფორმირების გარეშე.

ადვოკატის თქმით, „რუსთავი 2“-ის მმართველებმა ეს ქმედებები განახორციელეს, რათა 60%-იანი წილის დაკარგვას თავი აარიდონ.

„როგორც ჩანს, ჩვენმა მოწინააღმდეგე მხარემ, ხალვაშმა, მმართველებმა და მათ უკან მდგომმა ადამიანებმა, დაინახეს რეალური საშიშროება, რომ ჩვენი სარჩელის მყარი სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძველი არსებობს. ბევრად უფრო მყარი, ვიდრე ეს იყო ქიბარ ხალვაშის სარჩელი 2015 წელს. ამიტომ გადაწყვიტეს კანონდარღვევით, თვალთმაქცური და რიგ შემთხვევაში, სავარაუდოდ, დანაშაულებრივი გზებით გადამალონ „რუსთავი 2“-ის საკუთრება - უძრავი და მოძრავი ქონება.

„რუსთავი 2“-ს გაუუქმეს ავტორიზაცია. დღეის მდგომარეობით, „რუსთავი 2“-ის სახელით მაუწყებლობს არა ტელეკომპანია „რუსთავი 2“, არამედ მედია ჰოლდინგი. ეს მედია ჰოლდინგი არის სააქციო საზოგადოება, რომელიც შექმნილია დაახლოებით 2 თვის წინ. დეტალები საზოგადოებისთვის არ მოუწოდებიათ და ამ დეტალებშია ეშმაკი დამალული.

შეიქმნა სააქციო საზოგადოება. აქცია არის 100. ამ 100 აქციიდან 90 აქციის მესაკუთრეა „პრაიმ ტაიმი“, ხოლო 10 აქციის მესაკუთრეა - „რუსთავი 2“. მმართველებმა „რუსთავი 2“- ს გაუუქმეს ავტორიზაცია, რაც მიიღო მედია ჰოლდინგმა.

ამავე დროს არის კაბალური წესდება, მსგავსი წესდება არ მახსოვს. „პრაიმ ტაიმს“ აქვს სრული უფლება „რუსთავი 2“-ის არათუ ჩართულობის, არამედ ინფორმირების გარეშე განკარგოს სააქციო საზოგადოების მთელი ქონება, მათ შორის „რუსთავი 2“-ის მიერ შეტანილი თუ მომავალში შეტანილი ქონება სრულად ისე, რომ „რუსთავი 2“-ის არანაირი ჩართულობა არ უზრუნველყოს.

ასევე, დღეის მდგომარეობით, ის შრომითი კონტრაქტები, რომლებიც „რუსთავი 2“-ის თანამშრომლებს ჰქონდათ ტელეკომპანიასთან, გაუქმდა და ჩანაცვლდა სააქციო საზოგადოებასთან დადებული კონტრაქტებით.

ჩვენ გვინდა მივმართოთ „რუსთავი 2“-ის დღევანდელ მმართველებს კითხვებით, რომ საზოგადოებას მიაწოდონ ინფორმაცია იმის შესახებ: რა აუცილებლობა არსებობდა „რუსთავი 2“-ის მაუწყებლობის ავტორიზაციის გაუქმების. ამის აუცილებლობა არ არსებობდა.

იმ შემთხვევაში, თუ „პრაიმ ტაიმი“ გადაწყვეტს, რომ „რუსთავი 2“-ის მიერ შეტანილი თუ მომავალში შეტანილი ქონება განკარგოს, გაასხვისოს, გაანიავოს, რა სამართლებრივი ბერკეტები არსებობს ამ მოქმედების შესაჩერებლად წესდების თანახმად- ეს კითხვები რიტორიკულია, რადგან პასუხები ნათელია, რომ არანაირი სამართლებრივი ბერკეტები არ არსებობს.

კითხვები გვაქვს ასევე საქართველოს ფინანსურ ინსტიტუტებთანაც - რაც გააკეთეს „რუსთავი 2“-ის მესაკუთრეებმა და მმართველებმა, თუ ამის უფლება მათ ჰქონდათ, გამოდის, რომ ნებისმიერ კომპანიას, რომელსაც აქვს ბიუჯეტის მიმართ მრავალმილიონიანი დავალიანება, შეუძლია შექმნას სხვა იურიდიული პირი, იმას გადასცეს აქტივები და ამ ფორმით აარიდოს თავი გადასახადების გადახდას. თუ ეს იყო ლეგიტიმური მოქმედება, ვსვამ კითხვას, აქვს თუ არა იგივე ლეგიტიმური ქმედების განხორციელების უფლება საქართველოში მოქმედ სხვა იურიდიულ კომპანიებს. თუ აქვთ და ეს იყო ლეგიტიმური მოქმედება, მაშინ ბიუჯეტი რანაირად აზღვევს მის წინაშე არსებული მრავალმილიონიანი დავალიანების გადახდას. ესეც რიტორიკული კითხვაა. ცხადია, საფინანსო ორგანოებმა ამაზე რეაგირება უნდა მოახდინონ“,- განაცხადა კოჟორიძემ.

როგორც ის აცხადებს, „რუსთავი 2“-ის დამფუძნებლები სამართლებრივ ბრძოლას გაანგრძობენ.

„მიუხედავად არსებული სირთულეებისა, გავაგრძელებთ სამართლებრივ ბრძოლას და ყველა ის უკანონო მოქმედება, რასაც „რუსთავი 2“-ის დღევანდელი მესაკუთრეები თუ მმართველები ახორციელებენ, მათი ინტერესების საწინააღმდეგოდ და ჩვენი ინტერესების სასარგებლოდ იქნება გამოყენებული“,- განაცხადა კახა კოჟორიძემ მედიაცენტრ „მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე.

თენგიზ ფხალაძე - დღეს თამაშის დრო ნამდვილად არ არის, 12-ვე ვალდებულება უნდა შესრულდეს და არა შესრულების ილუზია შეიქმნას, კანდიდატობის ვერ მიღება მხოლოდ ჩვენს თავს უნდა დავაბრალოთ და სხვას არავის
ქართული პრესის მიმოხილვა 27.06.2022
უკრაინის დამოუკიდებელი ანტიკორუფციული კომისიის აღმასრულებელი დირექტორი - დრო ჩვენთვის სიცოცხლით იზომება, ჩვენ არც თუ ისე ტოლერანტულები ვართ ლოდინისადმი - ამ დროში ვკარგავთ ქვეყანას, რომელსაც რუსეთი წამებით კლავს
„სილქ როუდ ჯგუფი“ ბიზნესმენ ლევან კაჭარავას გარდაცვალებას ეხმაურება
პირველი კრიპტო POS-ტერმინალი საქართველოშია