ნიკა მელია - თუ 10 პრიორიტეტს ავიღებთ, თბილისის მერობის კანდიდატობა შეიძლება იყოს მე-8, მე-9, მე-10 პრიორიტეტად - სხვა უფრო მნიშვნელოვანი საკითხები მაინტერესებს

ჩემი პირადი პოზიცია არის შემდეგი - თბილისის მერობის კანდიდატობა, თუ 10 პრიორიტეტს ავიღებთ, შეიძლება იყოს მე-8, მე-9, მე-10 პრიორიტეტად, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია აცხადებს.

როგორც მელია ამბობს, მისი თანხმობა თბილისის მერობის კანდიდატად დასახელებაზე დამოკიდებულია ოპოზიციურ კოლეგებზე, პარტიებზე, ბლოკზე „ძალა ერთობაშიაზე“.

„არ ვიცი, საიდან გაჩნდა მოსაზრება, რომ მე თბილისის მერობის კანდიდატობის შესახებ კამპანია მაქვს გაჩაღებული. ციხეში ვიყავი გამოკეტილი. ჩემი პირადი პოზიცია არის შემდეგი - თბილისის მერობის კანდიდატობა, თუ 10 პრიორიტეტს ავიღებთ, შეიძლება იყოს მე-8, მე-9, მე-10 პრიორიტეტად. ამ საკითხთან შედარებით სხვა უფრო მნიშვნელოვანი საკითხები მაინტერესებს ამ ეტაპზეც და შემდეგშიც. თუკი მე თეორიულად შეიძლება დავთანხმდე თბილისის მერობის კანდიდატობას, ეს დამოკიდებულია ოპოზიციურ კოლეგებზე, პარტიებზე, ბლოკზე „ძალა ერთობაშიაზე“. ასეთ შემთხვევაში ანგარიშს გავუწევ კოლეგების სურვილს. როცა ოპოზიციური პარტიების ლიდერებს ვხვდები ან შევხვდები მომდევნო დღეებში, არც ვესაუბრები და არც გავესაუბრები თბილისის მერობის ჩემ კანდიდატურაზე. ეს რომ გავაკეთო, მინიმუმ უნდა მაინტერესებდეს“, - განაცხადა მელიამ.

რაც შეეხება ევროპელი პარტნიორების მოწოდებას, რომ ნიკა მელიას გათავისუფლების შემდეგ ის პოლიტიკური პარტიები, რომლებსაც შარლ მიშელის დოკუმენტისთვის ხელი არ მოუწერიათ, პარლამენტში უნდა შევიდნენ, მელია აცხადებს, რომ აღნიშნულ საკითხზე კონსულტაციები მიმდინარეობს, რაც შესაძლოა კიდევ ერთი კვირის განმავლობაში გაგრძელდეს.

„ჩვენმა ევროპელმა პარტნიორებმაც, საზოგადოებამაც, მედიის წარმომადგენლებმაც უკვე იცით, რომ აქტიური კონსულტაციები მიმდინარეობს, რაც აბსოლუტურად ბუნებრივია ისეთი მსხვილი მოძრაობისთვის, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ და ბლოკი „ძალა ერთობაშია“ წარმოადგენს. კონსულტაციების დასრულების შემდეგ საზოგადოებას ეცნობება გადაწყვეტილების შესახებ. მე გავაკეთებ განცხადებას. ამიტომ ყოველდღე იმაზე საუბარი, თუ რა გადაწყვეტილება მივიღეთ, არ მგონია შედეგიანი იყოს. ამას დასჭირდება რამდენიმე დღე, შესაძლებელია ერთი კვირაც“, - განაცხადა მელიამ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს