სალომე სამადაშვილი - მომავლისთვის უნდა დავხუროთ წარსული და გავერთიანდეთ საერთო გეგმების გარშემო - დროა, მოქალაქეებმა მიიღონ ის, რაც აირჩიეს

მე და ჩემმა კოლეგებმა მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ საქართველოს პარლამენტში შეიქმნას ძლიერი ფრაქცია „ლელოს“ და პარტნიორების სახით - დღეს ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ ისტორიაში იწყება ახალი, ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი - დავხუროთ წარსული, გავერთიანდეთ მომავალი საერთო გეგმების გარშემო, - ამის შესახებ პარლამენტში ახალშექმნილი ფრაქციის „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილე სალომე სამადაშვილმა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ფრაქცია ქვეყნის დემოკრატიული მომავლისთვის პოლიტიკურ საქმიანობას დღეიდან იწყებს.

„ვფიქრობ,ყველას გვესმის, რომ დღეს ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ ისტორიაში იწყება ახალი, ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი. ჩვენ უკან უნდა დავტოვოთ ის უმძიმესი პოლიტიკური კრიზისი, რომელმაც ქვეყანას წაართვა განვითარების შანსი და ჩვენ ერთად უნდა მოვემზადოთ იმისთვის, რომ ადგილობრივ არჩევნებზე „ქართული ოცნება“ დავამარცხოთ და შემდეგ ვადამდელი არჩევნების გზით ერთხელ და საბოლოოდ დავემშვიდობოთ ოლიგარქიულ რეჟიმს, რომელმაც ჩვენს ქვეყანას წაართვა განვითარების შანსი. სწორედ ამ მიზნით და იმ მიზნით, რომ ჩვენ ჩვენს ქვეყანას, ჩვენს სახელმწიფოს და ჩვენს ხალხს აღარ აქვს არც ერთი დღე დასაკარგი ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, მე ისევე, როგორც ჩემმა კოლეგებმა, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ საქართველოს პარლამენტში შეიქმნას ძლიერი ფრაქცია „ლელოს“ და პარტნიორების სახით. ჩვენ შევუერთდით ამ ინიციატივაში „ლელოს“ როგორც დამოუკიდებელი პარლამენტის წევრები და ფრაქციის მთავარი დღის წესრიგი იქნება როგორც პარლამენტის შიგნით, ასევე პარლამენტის გარეთ მუშაობა იმისთვის, რომ არ მივცეთ შანსი „ქართულ ოცნებას“, უკან დაიხიოს რომელიმე ვალდებულებისგან, რომელიც აიღო მიშელის შეთანხმებული დოკუმენტის თანახმად. ეს დოკუმენტი არის გზა ჩვენი მომავლისთვის და დღეიდან ჩვენ ვიწყებთ სრულ რეჟიმში ამ მომავლის უზრუნველყოფისთვის შესაბამის პოლიტიკურ საქმიანობას პარლამენტში და ასევე, პარლამენტის გარეთ.

ის, რამაც ჩიხში შეიყვანა ეს ქვეყანა არის უკიდურესი პოლარიზაცია ჩვენს საზოგადოებაში, რომელმაც გახლიჩა და დაანაწევრა ჩვენი საზოგადოება და მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ სწორედ შარლ მიშელის და ჩვენი ევროპელი კოლეგების დახმარებით გაკვალულ გზაზე ჩვენ შევძლებთ, რომ ქვეყანაში დავასრულოთ პოლარიზაცია და გავერთიანდეთ ყველა ოპოზიციური პარტია, რომელსაც სურს ამ ქვეყნის უკეთესი მომავალი. მომავლისთვის დავხუროთ წარსული, გავერთიანდეთ მომავალი საერთო გეგმების გარშემო და ეს მომავალი არის დემოკრატიული, თავისუფალი, ევროპული, სახელმწიფო, რომელსაც ხმას აძლევს ჩვენი ყველა თანამოქალაქე და დროა, მიიღონ ის, რაც აირჩიეს“, - განაცხადა სამადაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა