დავით ზალკალიანი - ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მიერ საქართველოს საკითხზე მიღებული გადაწყვეტილება უპრეცედენტოა, დაფიქსირდა ტერმინი „ოკუპაცია“

საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომელიც ერთმნიშვნელოვნად განსაზღვრავს რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ უმძიმეს მდგომარეობაზე რუსეთის პასუხისმგებლობას, როგორც ქვეყნის, რომელიც მის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე კონტროლს ახორციელებს.

როგორც დავით ზალკალიანმა აღნიშნა, მინისტრთა კომიტეტი მოუწოდებს რუსეთს, შეასრულოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განჩინება საქმეზე - „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“.

„სტრასბურგში, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტზე მიღებულია საქართველოსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება. 2014 წლის შემდეგ, ყოველწლიურად ჩვენ ამ ორგანიზაციის ფარგლებში ვიღებთ გადაწყვეტილებებს . აღსანიშნავია, რომ წლევანდელი გადაწყვეტილება განსაკუთრებული და უპრეცედენტოა, რადგან პირველად, საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში აღმასრულებელ დონეზე დაფიქსირდა ისეთი მნიშვნელოვანი ტერმინი, როგორიც არის „ოკუპაცია“. გარდა ამისა, უაღრესად მნიშვნელოვანია ეს გადაწყვეტილება იმ თვალსაზრისით, რომ მინისტრთა კომიტეტი ასევე მიესალმება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განჩინებას საქმეზე - „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“. გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, რუსეთის ფედერაცია, როგორც ეფექტური კონტროლის განმახორციელებლი სახელმწიფო, პასუხისმგებელია საქართველოს რეგიონებში, აფხაზეთსა და ცხინვალის ოკუპაციის პერიოდში ადამიანის უფლებათა სერიოზულ დარღვევებზე, კერძოდ, საქართველოს მოქალაქეების მკვლელობაში, წამებაში, არასათანადო მოყრობასა და უკანონო დაკავებაში, ქართველების სახლების ძარცვასა და დაწვაში, ქართველების მიმართ ეთნიკური ნიშნით არაადამიანურ მოყრობაში, იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილების საკუთარ სახლებში დაბრუნების უფლების ხელყოფაში. როგორც ხედავთ, ძალიან მკაცრი შეფასებებია“,-განაცხადა ზალკალიანმა.

მისი თქმით, მინისტრთა კომიტეტის მიერ მიღებულ დოკუმენტში შეშფოთებაა გამოხატული საოკუპაციო ძალების მხრიდან ზაზა გახელაძის უკანონო ტყვეობის 12 წელზე მეტი ვადით გახანგრძლივების გადაწყვეტილების გამო. როგორც ზალკალიანი აღნიშნავს, მინისტრთა კომიტეტი მოუწოდებს რუსეთს, ზაზა გახელაძისა და სხვა უკანონო დაკავებულთა დაუყოვნებლივი გათავისუფლებისკენ.

„პირდაპირი მოწოდებაა რუსეთისადმი, მოხსნას ყველა დაბრკოლება აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ეთნიკურად ქართველების მკვლელობის საქმეებზე და დამნაშავეები პასუხისგებაში მიეცნენ. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ელემენტი, რომელიც ამ გადაწყვეტილებაშია, არის ის, რომ დაუყოვნებლივ გაიხსნას ე.წ. დაბლოკილი გადასასვლელები და ხალხს მიეცეს თავისუფალი გადაადგილების უფლება. გადაწყვეტლოილებაშ ასევე ხაზგასმულია „ოთხოზორია-ტატუნაშვილის“ სიის მნიშვნელობის შესახებ“,-განაცხადა ზალკალიანმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო