გიორგი ხოჯევანიშვილი - მნიშვნელოვანია საქართველომ პროაქტიულად წარმოაჩინოს რეგიონში საკუთარი როლი, ადგილი და მნიშვნელობა

დღეს ჩვენს რეგიონში დიდი ცვლილებებია - დამძიმებულია უსაფრთხოების გარემო და ამ ფონზე კრიტიკულად მნიშვნელოვანია საქართველომ პროაქტიულად წარმოაჩინოს საკუთარი როლი, ადგილი და მნიშვნელობა, - ამის შესახებ უმრავლესობიდან გასულმა დეპუტატმა, გიორგი გახარიას გუნდის წევრმა, გიორგი ხოჯევანიშვილმა პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ერთ თვეში ბრიუსელში ნატო-ს სამიტი გაიმართება, სადაც აუცილებელია, რომ უკრაინასთან ერთად საქართველოს საკითხი წინ იყოს წამოწეული.

„ამ სამიტის გარშემო არსებობს რამდენიმე მნიშვნელოვანი გარემოება და კითხვა. პირველი საკითხი, რომელსაც მინდა შევეხო ეს არის ის, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციისა და ნატო-სთვის კიდევ უფრო მეტი დატვირთვის მქონე ხდება შავი ზღვის უსაფრთხოება. შავი ზღვის კონტექსტში დისკუსიის ცენტრში არის მოქცეული მხოლოდ უკრაინა. საინტერესოა, რატომ არის ეს და რით არის ეს განპირობებული. ჩნდება კითხვა, ხომ არ არის ეს ჩვენი პასიურობით და კონკრეტული გეგმის არარსებობით. ბუნებრივია, ბოლოდროინდელი რუსეთის აგრესიული ქმედებები უკრაინის გარშემო დიდ ყურადღებას იქცევს, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საქართველოში ბორდერიზაციის და დესტაბილიზაციის მრავალი და თითქმის ყოველდღიური შემთხვევები გვაქვს. აუცილებელია, რომ გავაქტიურდეთ სამიტის წინ და უკრაინასთან ერთად საქართველოს საკითხი წინ წამოვწიოთ. ეს პროცესი არ არის მხოლოდ ნატო-ზე დამოკიდებული და მოითხოვს ჩვენს აქტიურ ძალისხმევას. გვჭირდება კონკრეტული ხედვა, ამოცანები და გეგმები სამიტთან დაკავშირებით - რა შედეგებს გვინდა მივაღწიოთ და რა ამოცანებით მივდივართ სამიტზე - ამ ყველაფერზე პასუხია გასაცემი. ასევე დავამატებდი, რომ ალბათ, მიზანშეწონილი იქნება ევროპული დედაქალაქების პოლიტიკურ ცენტრებთან უფრო აქტიური თანამშრომლობა, იმიტომ, რომ საქართველოს შესახებ საუბარი არ იყოს მხოლოდ ოფიციალური ვიზიტების და ფორმალობის ნაწილში.

და ასევე, მეორე საკითხი აღნიშნული მიმართულებით - სრულდება ჩვენი ხანგრძლივი და მასშტაბური მისია ავღანეთში. დამეთანხმებით, რომ მასშტაბური სამხედრო მონაწილეობა საერთაშორისო მისიებში იყო და არის საქართველოს ერთ-ერთი ძლიერი დასაყრდენი ნატოსა და მოკავშირეებთან საუბრისას. რა გეგმა გვაქვს, როდესაც ეს დასაყრდენი წლის ბოლომდე აღარ იქნება. აქ კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს ნატოსა და მოკავშირეებთან ახალი დღის წესრიგის შექმნა და ურთიერთობების გაღრმავება. დღეს ჩვენს რეგიონში დიდი ცვლილებებია - დამძიმებულია უსაფრთხოების გარემო და ამ ფონზე პრინციპულად კრიტიკულად მნიშვნელოვანია საქართველომ პროაქტიულად წარმოაჩინოს საკუთარი როლი, ადგილი და მნიშვნელობა”, - განაცხადა გიორგი ხოჯევანიშვილმა.

გარდა ამისა, ის ასევე, გამოეხმაურა ისრაელში განვითარებულ მოვლენებს და თითოეული გარდაცვლილი თუ დაზარალებული ადამიანის გამო მწუხარება გამოთქვა.

„იმედს გამოვთქვამთ, რომ მალე დასრულდება ეს გაუგონარი აგრესია, რისი მოწმეებიც ჩვენ ყველანი ვართ. აქვე მინდა გავამხნევო ჩვენი ებრაელი და ქართველი მეგობრები, რომლებიც ცხელ წერტილებში არიან და დარწმუნებული ვარ, რომ ქვეყანა უახლოეს დღეებში დაუბრუნდება მშვიდობიან და სტაბილურ გარემოს”, - აღნიშნა ხოჯევანიშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო