გივი მიქანაძე - გაოცებული ვარ, ოპოზიციის წარმომადგენლები ამტკიცებდით, რომ არჩევნები გაყალბდა, დღეს გვეუბნებით, რა საჭიროა საგამოძიებო კომისიის შექმნა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გივი მიქანაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ოპოზიციის წარმომადგენლებს მიმართა, თუ არჩევნების შესაძლო გაყალბების მტკიცებულებები გააჩნიათ, საგამოძიებო კომისიის საქმიანობაში ჩაერთონ. მან ასევე ოპონენტებს მოუწოდა, სათანადო მტკიცებულებები წარმოადგინონ.

“სიმართლე გითხრათ, გაოცებული და გაკვირვებული ვარ. ოპოზიციის წარმომადგენლები, რომლებიც მეშვიდე თვეა ამტკიცებდით, რომ არჩევნები ისე გაყალბდა, შეუძლებელია ამ ქვეყანაში რაიმე პროგრესზე იყოს საუბარი და მთელ საზოგადოებას, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ჩვენს პარტნიორებს დასავლეთში დილიდან საღამომდე ათასგვარ გზავნილს უგზავნიდით და ამაში არწმუნებდით, თუმცა, დღეს გვეუბნებით, რა საჭიროა ამ კომისიის შექმნაო. ამის საფუძვლად მოგყავთ შარლ მიშელის დოკუმენტი. შარლ მიშელის დოკუმენტი ამ კომისიის საქმიანობასთან არაფერ შუაშია. არანაირ წინააღმდეგობაში არ მოდის ამ კომისიის საქმიანობა შარლ მიშელის დოკუმენტთან. ნუთუ ფიქრობთ, რომ 6 თვე შეიძლება საზოგადოებას დილიდან საღამომდე ეძახოთ, არჩევნები გაყალბდა, ხელისუფლება არალეგიტიმური გვყავს და უცებ ერთ დღეს თქვათ, რომ აღარც კომისია გვინდა, აღარც არაფერი და საზოგადოება გაურკვევლობაში დავტოვოთ. თუ დღესაც ხედავთ იმ გარემოებებს, რომ ეს არჩევნები გაყალბებული იყო და მასობრივ, უხეშ დარღვევებს ჰქონდა ადგილი, მობრძანდით ამ კომისიაში, წარმოადგინეთ მტკიცებულებები, ჩაერთეთ ამ კომისიის საქმიანობაში“,-განაცხადა მიქანაძემ.

მან ოპოზიციის წარმომადგენლებს მიმართა, თუ არჩევნების შესაძლო გაყალბების მტკიცებულებები გააჩნიათ, წარმოადგინონ.

„ორი კვირის წინ შემობრძანდით პარლამენტში, თანაც ვნახეთ, რომ ერთი დღე იყავით ისიც, რაღაც ნაწილი წარდგენილი. ამით დააფიქსირეთ ის გარემოება, რომ ერთ-ერთი კრიმინალი გათავისუფლებულიყო თქვენი წარმომადგენლობის საფუძველზე. განხორციელდა რაც შეთანხმებული იყო შარლ მიშელის დოკუმენტით, დღეს მობრძანდით და გვეუბნებით, რომ ეს კომისია საჭირო არ არის. თქვენი გადასაწყვეტია, მიიღებთ ამ კომისიაში მონაწილეობას თუ არა, მაგრამ საზოგადოებამ სიმართლე უნდა იცოდეს“,-განაცხადა მიქანაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო