იაგო ხვიჩია  - მნიშვნელოვანია დიდი ოპოზიციური პარტიის პარლამენტში შემოსვლა - რა გახდა ასეთი სამსჯელო, რომ ეს სერიალი არ დაამთავრეს

მნიშვნელოვანია დიდი ოპოზიციური პარტიის პარლამენტში შემოსვლა - რა გახდა ასეთი სამსჯელო, რომ ეს სერიალი არ დაამთავრეს, - ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ განაცხადა.

ხვიჩიას თქმით, ამით ზარალდება საპარლამენტო პროცესი და თავად „ნაციონალური მოძრაობა“.

„რა თქმა უნდა, ცალსახად მნიშვნელოვანია დიდი ოპოზიციური პარტიის შემოსვლა პარლამენტში. ჩემთვის გაუგებარია, რას აკეთებენ ამდენ ხანს. როგორ შეიძლება ამდენ ხანს საზოგადოება ალოდინო. რა გახდა ახლა ასეთი სამსჯელო, რა არის ასეთი ამბავი, რომ ამდენი ხანი ეს სერიალი არ დაამთავრეს, მაშინ, როდესაც ამით ზოგადად საპარლამენტო პროცესს ზიანი ადგება და, ჩემი აზრით, თვითონ „ნაციონალურ მოძრაობასაც“, - აცხადებს ხვიჩია და დასძენს: „კარგად არ ვიცნობ „ნაციონალური მოძრაობის“ ანატომიას, მაგრამ ფაქტია, რომ ამ წუთას არ მოიძებნა კაცი, რომელიც საკუთარ თავზე აიღებდა, რომ შესასვლელია პარლამენტში“, - აღნიშნა ხვიჩიამ.

მან ასევე ამნისტიის შესახებ კანონპროექტზეც ისაუბრა. როგორც ხვიჩია აღნიშნავს, კანონპროექტთან დაკავშირებით შეუთანხმებელს ვერაფერს ხედავს, თუ მართლაც სურთ „შარლ მიშელის დოკუმენტის აღსრულება“.

რაც შეეხება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას პოზიციას ამნისტიაზე, როგორც ხვიჩია ამბობს, მელია საბაბი იყო დოკუმენტის მიღების, პროცესმა კი აჩვენა, რომ ის „რაღაც მოვლენის“ დასასრულებლად იყო.

„მელია თავისთავად ცხადია საბაბი იყო ამის. შემდეგ პროცესმა აჩვენა, რომ ეს დოკუმენტი მხოლოდ მელიას გამოსაშვებად კი არ არის, არამედ რაღაც მოვლენის დასამთავრებლად. ფაქტობრივად, ჩვენ ხელი მოვაწერეთ შეთანხმებას ერთმანეთზე რაღაცის პატიების შესახებ. ვინაიდან, ერთ-ერთმა პარტიამ ხელი არ მოაწერა ამ ამბავს, მან დანარჩენ ხელმომწერებთან ბრძოლა და ტალახის სროლა გადაწყვიტა. სინამდვილეში არაფერ ამორალურზე და საგანგაშოზე ხელი არავის მოუწერია. იმის გამო, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ შიდა მენეჯმენტის პრობლემების გამო თავიდანვე ვერ გაერკვა, როგორი იქნებოდა სწორი ქცევა, დარჩა ერთამენთზე ნალანძღი ოპოზიციას. „ნაციონალური მოძრაობა“ რომ აყოლოდა დანარჩენ ოპოზიციონერებს და მათთან ერთად ხელი მოეწერა დოკუმენტზე, ჩემი აზრით, მთელი ოპოზიცია გამარჯვებული დარჩებოდა“, - განაცხადა ხვიჩიამ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს