ვახტანგ მეგრელიშვილი "ნაცმოძრაობაზე" - სწორი და არასწორი არ უნდა გაარჩიოს ამ ხალხმა? ახლა ხომ გასაგებია, რომ სწორი პარლამენტში შესვლაა - საბჭოთა კავშირი ხომ არ არის, რასაც იტყვის პარტიაო

ვარჩევთ სტაჟიორებს, რომლებიც შეიძლება საპარლამენტო საქმიანობაში დაგვეხმარონ, ისეთ ამოცანებს ვსვამთ, რომელიც ადრე არ დაუსვიათ პოლიტიკურ პარტიებს. როდესაც ვსაუბრობთ საპარლამენტო სტუდიაზე, ვიდეოპროდუქციის შექმნის შესაძლებლობა უნდა შევქმნათ პარლამენტში, - ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა ვახტანგ მეგრელიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

მისივე თქმით, ახლა პარლამენტში სხვა ბრძოლის უნარ-ჩვევები არის უკვე საჭირო, რაც შეიძლება „მოჩლუნგებული აქვს იმ ხალხს, რომელსაც დიდი ხანია საპარლამენტო პროცესში მონაწილეობა არ მიუღია“.

„პოლიტიკოსები გარკვეული კონცეპტის და როლების შესრულების ფუნქციებით იყვნენ დაკავებული. შესაძლოა ამისაც ეშინიათ, ადამიანები სხვა პოლიტიკურ თამაშს არიან შეჩვეულები და დღევანდელი ჩვენი რეალობა მოითხოვს ამ პრაქტიკის შეცვლას, მათ შორის პარლამენტში სხვა კომპეტენცია და სხვა ბრძოლის უნარ-ჩვევები არის უკვე საჭირო, რაც შეიძლება მოჩლუნგებული აქვს იმ ხალხს, რომელსაც დიდი ხანია საპარლამენტო პროცესში მონაწილეობა არ მიუღია.

ჩვენ ახლა ვემზადებით საპარლამენტო ცხოვრებისთვის, მართლა არ ვიყავით მზად, თანამშრომლებს ვქირაობთ და რაღაცებს ვაკეთებთ ისეთს, რაც საპარლამენტო ცხოვრებისთვის მოგვამზადებს“, - აღნიშნა ვახტანგ მეგრელიშვილმა.

მან ასევე ისაუბრა პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის“ შესვლის მნიშვნელობასთან დაკავშირებით. მეგრელიშვილის შეფასებით, პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის“ შესვლა ძალიან მნიშნველოვანია, თუმცა პარტიის ლიდერებს სწორსა და არასწორს შორის გადაწყვეტილების გაკეთება უჭირთ.

„პარლამენტს მართლა ძალიან აკლია მსხვილი ოპოზიციური პარტია, რომ რაოდენობრივად მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენა შეგვეძლოს. პირველი დღიდან ჩვენი სურვილი იყო, რომ საპარლამენტო საქმიანობა ყოფილიყო შესაძლებელი, რასაც ხელს უშლიდა „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ დაპირისპირება, რაც დღემდე გრძელდება და ერთმანეთს უჩხიკინებენ. „ნაციონალური მოძრაობა“ საკუთარ ამომრჩეველს ისეთ ვიწრო „მესიჯბოქსს“ აწვდიდა, რომ ახლა ამის გამრავალფეროვნება უჭირს. სწორი და არასწორი არ უნდა გაარჩიოს ამ ხალხმა? ახლა ხომ გასაგებია, რომ სწორი შესვლაა პარლამენტში. საბჭოთა კავშირი ხომ არ არის, რასაც იტყვის პარტიაო, ეს ეპოქა ხომ დასრულდა. შეიძლება მე სხვანაირი პარტიის წარმომადგენელი ვარ და ამიტომ არ მესმის.

საპარლამენტო ცხოვრებაში ეს 35 ადამიანი ძალიან მნიშნველოვანია, რადიკალურად შეცვლიდა საპარლამენტო სურათს, ამიტომ ვგულშემატკივრობთ, რომ პარლამენტი სრული შემადგენლობით შედგეს. ერთადერთი ადამიანი ვისაც მეგულება, რომ შეიძლება განსხვავებული აზრი შეიძლება ჰქონდეს და ეს აზრი მნიშვნელოვანი იყოს, ეს არის მიხეილ სააკაშვილი. მისი მკაფიო პოზიცია ბევრად მეტ ნათელს შეიტანდა ამ სიტუაციაში. მან მანამდე თქვა, რომ ნიკა მელიას შემდეგ პარლამენტში უნდა შესულიყვნენ, შესაძლოა დღეს სააკაშვილს სხვა პოზიცია აქვს და არ უნდა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ შევიდეს, უბრალოდ სხვა მიზეზს ვერ ვხედავ“, - აღნიშნა ვახტანგ მეგრელიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა