ანრი ოხანაშვილი გიორგი გახარიაზე - მერყევი ადამიანის ადგილი პოლიტიკაში არ არის - მისი გუნდი არანაირი „ქართული ოცნება 2“ არ არის

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი მისი გუნდის ყოფილი პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას ნებისყოფას უწუნებს და აცხადებს, რომ „მერყევი ადამიანის ადგილი პოლიტიკაში არ არის“. ამის შესახებ ანრი ოხანაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

როგორც ოხანაშვილმა აღნიშნა, „ქართულ ოცნებას“ ცალ კარში თამაში არ უყვარს, ამიტომ ყოფილი თანაგუნდელების პოლიტიკურ ასპარეზზე გამოსვლას ელოდება.

„რაც შეეხება ჩვენს ყოფილ თანაგუნდელებს, პოლიტიკაში და არა მხოლოდ, ძალიან მნიშვნელოვანი არის ადამიანური სიმტკიცე - რამდენად შეუძლია პოლიტიკოსს გაუძლოს ერთი მხრივ წნეხს, მეორე მხრივ, გამოწვევას, რთულ დატვირთვას და მძიმე გრაფიკს; იხელმძღვანელოს სახელმწიფოებრივად და საზოგადოების ინტერესების შესაბამისად. ეს ყველას არ გამოსდის.

სახელმწიფო სამსახურში როდესაც ხარ, შენი ნომერ პირველი ვალდებულება არის კეთილსინდისიერად ემსახურო ხალხს და ქვეყანას. ეს უნარჩვევები შესაძლებელია ყველამ ყოველთვის ვერ გამოავლინოს და ამის ნათელი მაგალითია ის, რაც მოხდა. არ ეყო ყველას ამ უნარ-ჩვევების ასე მტკიცედ გამოვლენის შესაძლებლობა და მიიღეს გადაწყვეტილება“, - განაცხადა ოხანაშვილმა.

კითხვაზე: გიორგი გახარიას არ ეყო მტკიცე ნებისყოფა? ოხანაშვილმა უპასუხა: „რა თქმა უნდა, ეს ფაქტია“.

„იმის იქეთ კიდევ რა იყო სხვა განხილვის საგანია. ფაქტია ის, რომ როდესაც X დესტრუქციული რადიკალური მოქალაქე კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს სახელმწიფოებრიობას, სახელმწიფო ინსტიტუტების ფუნქციონირებას და გამოწვევას უკეთებს სახელმწიფოს, ვინ არის ნიკანორ მელია, რას წარმოადგენს, რომ ის უფრო მაღლა დადგეს, ვიდრე ქართველი ხალხი და ჩვენი სახელმწიფო?! აქ როდესაც ადამიანი მერყეობს, ვფიქრობ, მისი ადგილი პოლიტიკაში არ არის. საზოგადოება განსჯის. თუ ის პოლიტიკაში შემოვა, მოგვეცემა ალბათ, საშუალება, დებატებში დავსხდეთ როგორც მის თანაგუნდელებთან, ასევე მასთან და საზოგადოებამ გადაწყვიტოს ვინ იყო მტკიცე, ვინ იყო პრინციპების ერთგული, ვინ დაიცვა სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპი, ვინ დაიცვა და უზრუნველყო ის, რომ საზოგადოებაში არ გაჩენილიყო განცდა - ვცხოვრობთ იქ, სადაც კანონს არავინ პატივს არ სცემს, ამ კითხვებზე ყველას მოუწევს პასუხები“, - განაცხადა ოხანაშვილმა და დასძინა, რომ „გახარიას გუნდს“ პარლამენტში ფრაქცია არ აქვს და ვერც შექმნიან.

„ერთი გუნდის სახელით როდესაც შემოხვალ პარლამენტში და შემდეგ ავლენ კეკლუცობას აქ არის ჩამკეტი, რაც არ უშვებს იმის შესაძლებლობას, რომ „ქართული ოცნების“ გუნდის სახელით შეხვიდე, შემდეგ მოინდომო გაცლა და ცალკე დაიწყო პოზიციონირება. ამის უფლება აქვთ, მაგრამ არა ფრაქციის სახელით. ჩვენ არ ვაპირებთ ცალ კარში ბრალდების წაყენებას. თუ ისინი პოლიტიკაში იქნებიან, მოუწევთ კითხვებზე პასუხის გაცემა - არიან ისინი „ქართული ოცნება“ გეგმა „ბ“, თუ ვის თამაშს თამაშობენ. თუ არიან ისინი დამოუკიდებლები რამდენად არიან. არანაირი „ქართული ოცნება 2“ ეს არ არის და ეს გამოჩნდება კონკრეტულ ნაბიჯებში - ვინ იქნებიან მათი თანამოაზრეები, რა კურსს გაატარებენ, ვინ იქნებიან მათი შემომწირველები და ა.შ. დაველოდოთ, საინტერესო პროცესები შეიძლება ვიხილოთ და იქ მოუწევთ პასუხების გაცემა“, - განაცხადა ოხანაშვილმა.

ზაზა ფირალიშვილი - სამწუხაროდ, ჩვენი პოლიტიკური სპექტრი და უბრალო ადამიანები განსხვავებულ სამყაროებში ცხოვრობენ, ვფიქრობ, ეს არის სერიოზული პოლიტიკური, უფრო მეტიც, საზოგადოებრივი კრიზისის ნიშანი
ქართული პრესის მიმოხილვა 14.06.2021
კარლ ჰარცელი - მჯერა, რომ 19 აპრილის შეთანხმებით, სულ მცირე, კრიზისის ეს თავი დაიხურა - საბოლოო ჯამში, ეს ახალი ეპოქის დასაწყისია
ლექსუს თბილისი  ევროპის 300 დილერს შორის საუკეთესო ათეულში მოხვდა და უკვე ზედიზედ მეორედ  მიიღო კლიენტთა გამორჩეული მომსახურებისთვის დაწესებული LEXUS KIWAMI-ის უმნიშვნელოვანესი ჯილდო
PSP და MASTERCARD განსაკუთრებული შეთავაზებით სარგებლობას მომხმარებელი უკვე დღეიდან შეძლებს
მნიშვნელოვანი წვლილი ქართული ეკონომიკის განვითარებაში: „კარფური“ 10 უმსხვილეს ინვესტორს შორის