კახა კუჭავას განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებასთან დაკავშირებით ერთი საერთო კანონპროექტი დარეგისტრირდეს

პარლამენტის თავმჯდომარის კახა კუჭავას განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებასთან დაკავშირებით ერთი საერთო კანონპროექტი დარეგისტრირდეს, რომელიც კონსენსუსის საფუძველზე იქნება ჩამოყალიბებული.

პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, სანამ მოლაპარაკებები მიმდინარეობს, კონკრეტულ დეტალებზე საუბარი ნაადრევია.

„ჩვენ მომსწრეები ვართ, რომ მმართველი გუნდის წარმომადგენლები ოპოზიციის წარმომადგენლებთან ერთად ერთ მაგიდასთან სხედან და ბჭობენ იმ საკითხებზე, რომელიც ერთიანი საარჩევნო რეფორმა უნდა იყოს და უნდა იყოს წარდგენილი პარლამენტში და მე იმედი მაქვს, რომ ასეც მოხდება. არის სხვადასხვა მოსაზრებები, არის მსჯელობა, მე ამ პროცესის მონაწილე არ ვარ, ამიტომ დეტალებში ვერ შევალ. ჩემი სურვილი იქნება, რომ საბოლოო ჯამში, დარეგისტრირდეს ერთი კანონი, რომელიც კონსენსუსის საფუძველზე იქნება წარმოდგენილი, თუმცა ჯერ არ არის დასრულებული მოლაპარაკებები. დღესაც იმართება შეხვედრა, დაველოდოთ, ამის შემდეგ შევძლებთ უფრო კონკრეტული პასუხები გავცეთ ამა თუ იმ შეთანხმებას თუ უთანხმოებას, რომელიც შეიძლება უკვე დასრულების შემდეგ წარმოიშვას,“- განაცხადა კუჭავამ.

მისივე განმარტებით, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში მიმდინარე რეორგანიზაცია ნაადრევი არ არის, რაგან რეფორმა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე უნდა გატარდეს.

„მე ვერ დავარქმევდი ამას დაჩქარებულ პროცესს, ეს პროცესი დაიწყო თებერვალში და წარმოადგენს შარლ მიშელის დოკუმენტის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პუნქტს, რომ ეს რეფორმა უნდა განხორციელდეს და რაც ყველაზე მთავარია, უნდა განხორციელდეს თვითმმართველობის არჩევნებამდე, რომ ახალი საარჩევნო კოდექსით მოხდეს თვითმმართველობის არჩევნების ჩატარება, ხოლო, ეს, პირველ რიგში, ნიშნავს, რომ ყველა პარტია, რომელიც მონაწილეობას მიიღებს თვითმმართველობის არჩევნებში, აუცილებელია, იცოდეს ის ცვლილებები, რომლებიც შეიძლება განხორციელდეს. აუცილებელია, რომ ეს პროცესი განხორციელდეს არა მხოლოდ კონსტრუქციულად, არამედ გონივრულ ვადებში, რომ თუ რამე ცვლილებები განხორციელდა და როგორც ვატყობ, ნამდვილად იქნება ამის რეალური შესაძლებლობა და კანონპროექტი კანონად იქცევა, აუცილებელია დროზე იცოდეს ყველამ. აუცილებელია, რომ დრო არ დაიკარგოს და მაქსიმალურად კონსტრუქციულ ვადებში მოხდეს ამ კანონის მიღება,“- განაცხადა კახა კუჭავამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო