„ჯეოქეისის“ ვებინარების სერიის ფარგლებში, ონლაინ დისკუსია „საქართველოს უსაფრთხოების გარემო“ გაიმართა

ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ ვებინარების სერიის ფარგლებში, ონლაინ დისკუსია „საქართველოს უსაფრთხოების გარემო“ გაიმართა, რომელსაც მოდერატორობას „ჯეოქეისის“ თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულების დირექტორი, გიორგი ანთაძე უწევდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ჯეოქეისიდან“ აცნობეს.

მათივე ცნობით, თავდაცვისა და უსაფრთხოების თემაზე, რიგით მეორე ონლაინ შეხვედრაზე მოწვეულმა სპიკერებმა, საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორმა, შალვა ძებისაშვილმა და „ჯეოქეისის“ აღმოსავლეთმცოდნეობის მიმართულების დირექტორმა, ემილ ავდალიანმა საერთაშორისო უსაფრთხოების გარემო, საგარეო ასპარეზზე არსებული უმთავრესი ტენდენციები და საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფის მნიშვნელოვანი საკითხები მიმოიხილეს.

ამასთან, გიორგი ანთაძემ, დისკუსიის დასაწყისში მსოფლიო ტენდენციების კვალდაკვალ ლიბერალიზმის კრიზისზე, გამოწვევებსა და პრობლემებზე ყურადღება გაამახვილა.

„მსოფლიოში პოპულიზმის, „ტრადიციული მემარჯვენე ძალების“ აღმასვლა შეინიშნება და საქართველოშიც, ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით, ანალოგიური ტენდენციები ვლინდება. ჩვენთვის საინტერესოა ის პრობლემები, რომელსაც დასავლეთი დღეს მის პოლიტიკურ ცხოვრებაში, საერთაშორისო ურთიერთობების ჭრილში აწყდება, რადგან ეს არის გარემო, სადაც საქართველოს ოპერირება უწევს და მისი ეროვნული ინტერესები, მიზნები მეტწილად სწორედ ამ სივრცეში ინტეგრაციისკენაა მიმართული“,- აღნიშნა გიორგი ანთაძემ.

ინფორმაციის თანახმად, საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორმა, შალვა ძებისაშვილმა დისკუსიისას აღნიშნა, რომ ტერმინში „ლიბერალიზმის კრიზისი“, შეფარულად, არაკეთილმოსურნე ძალების მიერ, კნინდება მარადიული ღირებულებები, როგორიცაა, ადამიანის თავისუფლება, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, რასობრივი დისკრიმინაციის უარყოფა და ა.შ. რისი მატარებელიც არის დასავლეთი.

„ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, რომელიც არის ერთადერთი გლობალური მასშტაბის მქონე, ლიბერალური ღირებულებების მატარებელი ძალა უნდა გააგრძელოს ამ ღირებულებების გლობალური დაცვა. საქართველოსთვის ამას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს იმიტომ რომ, ჩვენთვის ის სამყარო, რაზეც ჩვენ როგორც ერს და საზოგადოებას ორიენტირი გვაქვს აღებული და რისი წევრიც გვინდა, რომ გავხდეთ, ეს არის სწორედ ლიბერალური ღირებულებების მატარებელი სივრცე“,- განაცხადა შალვა ძებისაშვილმა.

უწყების ცნობით, „ჯეოქეისის“ აღმოსავლეთმცოდნეობის მიმართულების დირექტორმა, ემილ ავდალიანმა ცივი ომის შემდგომ, მსოფლიოში ძალთა ბალანსის გადანაწილების ისტორიული დისკურსისას განმარტა, რომ არალიბერალური ფასეულობების მქონე ქვეყნებმა მიუხედავად ერთმანეთთან დაპირისპირების ისტორიისა, ავტოკრატიული რეჟიმების გასაძლიერებლად წარმატებული კოლაბორაცია მოახერხეს.

„ლიბერალური ინტერნაციონალიზმი, რაც ცივი ომის დროს იყო მოწოდების სიმაღლეზე, არის მიუღებელი არალიბერალური ღირებულებების მატარებელი ქვეყნებისთვის, რადგან ეს მოასწავებს ამერიკულ ძალაუფლებას მთელ მსოფლიოში და ეს მათთვის მიუღებელია გეოპოლიტიკურადაც. რა თქმა უნდა, ჩინეთისთვის, რუსეთისთვის, თურქეთისთვის, ირანისთვის ასევე მრავალი სხვა ქვეყნისთვის ეს არის მიუღებელი“,- განაცხადა ემილ ავდალიანმა.

„ჯეოქეისის“ ინფორმაციით, დისკუსიის ბოლოს, მოდერატორმა, გიორგი ანთაძემ თავდაცვისა და უსაფრთხოების თემაზე მსჯელობების სერიის მეორე ნაწილი შეაჯამა. ასევე, სერიის ფარგლებში მორიგი დისკუსია, უშუალოდ რეგიონის უსაფრთხოებისა და საქართველოს გეოპოლიტიკური გარემოს ანალიზის შესახებ დაანონსა.

„ჩვენ მნიშვნელოვანი ტრანსფორმაციების, ფუნდამენტური ცვლილებების ეპოქაში ვცხოვრობთ, უმნიშვნელოვანესია მკაფიო ორიენტირი და ამ ორიენტირის დაცვის მზაობა, როგორც საზოგადოებაში ისე პოლიტიკურ სექტორში“,- განაცხადა გიორგი ანთაძემ.

იხილეთ ონლაინ დისკუსია „საქართველოს უსაფრთხოების გარემო“ https://bit.ly/3uSltOM

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა