კორნელი კაკაჩია - თუ ადგილობრივ არჩევნებში გახარიასა და ვასაძის პარტიები მიიღებენ მონაწილეობას, „ქართულ ოცნებას“ პროპორციული სისტემით  ხმების 43%-ის აღება გაუჭირდება

საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ თსუ-ს პროფესორს კორნელი კაკაჩიას ესაუბრა.

- ბატონო კორნელი, მას შემდეგ, რაც 19 აპრილის შეთანხმების შესაბამისად ოპოზიციის ნაწილი პარლამენტში შევიდა, „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია ციხიდან გამოვიდა და აქტიურად განიხილება „ნაცმოძრაობის“ დეპუტაციის პარლამენტში შესვლის საკითხი, დამკვირვებელთა უმრავლესობა საუბრობს იმაზე, რომ საშინაო პოლიტიკაში ახალი რეალობაა დამდგარი.

ოპოზიციიდან პარლამენტში შესული დეპუტატები ყურადღებას კი ამახვილებენ 19 აპრილის შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებულ პრობლემებზე, მაგრამ მმართველი გუნდი და ოპოზიციური სპექტრი „ნაცმოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ ნაწილის სახით იმაზე ამჯობინებს მსჯელობას, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის 6 თვიან დავაში ვინ მოიგო და ვინ წააგო.

იმ რეალობის გათვალსიწინებით, რაც ქვეყანაში 2020 არჩევნების შემდეგაა დამდგარი, ვინ უფრო მოგებულად და ვინ უფრო წაგებულად გამოიყურება - ოპოზიცია, თუ ხელისუფლება?

- არ ვიცი რამდენად მართებულია საკითხის ამგვარად დასმა. ჩემი აზრით, 19 აპრილის შეთანხმებით ყველა მხარემ მოიგო და ყველაზე მთავარია, რომ ქვეყანამ მოიგო. კარგია, რომ ყველა მხარემ გააცნობიერა თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო ქვეყნისთვის ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დაპირისპირების გარკვეული შედეგით დასრულება.

19 აპრილის შეთანხმებით არც ერთი მხარე არაა სრულად კმაყოფილი. ეს გასაგებიცაა, ვინაიდან შეთანხმება კომპრომისულია და მისი შემუშავება ჩვენი დასავლელი პარტნიორების, კერძოდ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის უშუალო მოდერაციით მოხდა.

ჩვენ ისიც უნდა გვესმოდეს, რომ მომხდარი, ვგულისხმობ შეთანხმებაზე ხელმოწერას, პარლამენტში ოპოზიციის ჯერ თუნდაც ნაწილის შესვლას, გახლავთ მხოლოდ პირველი ნაბიჯი იმისათვის, რომ შიდა პოლიტიკაში მხარეებს შორის დაპირისპირება თანამშრომლობის პროცესით გაგრძელდეს.

იმედი მაქვს, რომ მათ შორის თანამშრომლობის დაწყებით პოლიტიკურ ძალებს შორის პოლიტიკური პოლარიზაცია მნიშვნელოვნად შემცირდება და ქვეყანაში დემოკრატიზაციის პროცესი გაღმავდება.

- ახლა ყველაზე აქტუალური თემაა შევა თუ არა პარლამენტში 35 კაციანი „ნაცმოძრაობის“ დეპუტაცია. ვიცით, რომ პარტიაში ამ თემაზე აზრთა სხვადასხვაობაა. მეტიც, „ნაცმოძრაობის“ ლიდერშიფის დიდი ნაწილი ამ საკითხზე კონსულტაციებისთვის კიევში იმყოფება და მესამე პრეზიდენ მიხეილ სააკაშვილთან მართავს შეხვედრებს.

თქვენი დაკვირვებით „ნაციონალების“ დეპუტაცია შევა თუ არა პარლამენტში?

- სავარაუდოდ, „ნაცმოძრაობა“ შევა პარლამენტში. ვხედავთ, რომ „ნაცმოძრაობის“ ლიდერებს შორისაც ამ თემაზე აზრთა სხვადასხვაობაა, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ოპოზიციური სპექტრის უდიდესი ნაწილი პარლამენტშია შესული, არა მგონია „ნაცმოძრაობამ“ მოისურვოს პარლამენტში შეუსვლელობით თავის მარგინალიზაციას თავად შეუწყოს ხელი. „ნაცმოძრაობა“ იძულებულია ჩათრევას ჩაყოლა ამჯობინოს და შევიდეს პარლამენტში.

არა მგონია „ნაცმოძრაობამ“ მოისურვოს პარლამენტში შეუსვლელობით თავის მარგინალიზაციას თავად შეუწყოს ხელი. „ნაცმოძრაობა“ იძულებულია ჩათრევას ჩაყოლა ამჯობინოს და შევიდეს პარლამენტში

ამ თვალსაზრისით, საინტერესო იყო „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას კიევში გამგზავრებამდე გაკეთებული განცხადება, იმის თაობაზე, რომ მას მიხეილ სააკაშვილთან ექნება იმის თაობაზე საუბარი, თუ როგორ ესახება მას „ნაცმოძრაობასთან“ და დანარჩენ ოპოზიციასთან თანამშრომლობა.

ვფიქრობ, მელიას ეს განცხადება შემთხვევით არ გაუკეთებია. მან უნდა დაამტკიცოს, რომ იგი არა მარტო „ნაცმოძრაობის“, არამედ მთელი ოპოზიციური სპექტრის ლიდერია. რიგ საკითხებში „ნაცმოძრაობის“ პოზიციების გამო ეს ორი რამ ხშირ შემთხვევაში შეუთავსებლად გამოიყურება.

ვფიქრობ, კიევში გამართული შეხვედრები ამ თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანი იქნება თუ რამდენად ექნება მას მისგან მხარდაჭერა იყოს არა მარტო „ნაცმოძრაობის“ არამედ მთელი ოპოზიციის საკმაოდ დიდი ნაწილის ლიდერი.

ამ შეხვედრის შედეგები მნიშვნელოვანია იმ თვლსაზრისით, თუ რამდენად შეძლებს ოპოზიცია მოახლოებულ არჩევნებზე კოორდინაციაში იყოს დანარჩენ ოპოზიციასთან. ვნახოთ რა მესიჯს ჩამოიტანს მელია კიევიდან ერთი მხრივ „ნაცმოძრაობის“ მხარდამჭერებისთვის, ხოლო მეორე მხრივ დანარჩენი ოპოზიციისთვის.

ვნახოთ რა მესიჯს ჩამოიტანს მელია კიევიდან ერთი მხრივ „ნაცმოძრაობის“ მხარდამჭერებისთვის, ხოლო მეორე მხრივ დანარჩენი ოპოზიციისთვის

- თუ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებებით ვიმსჯელებთ, მმართველი გუნდს არ უნდა პარლამენტში 35 -კაციანი „ნაცმოძრაობის“ დეპუტაცია შევიდეს. თქვენი აზრით რატომ?

- „ნაცმოძრაობის“ 35 კაციანი დეპუტაცია პარლამენტში საჩუქარი რომ არ იქნება „ქართული ოცნებისთვის“ ცხადია.

„ნაცმოძრაობა“ ოპოზიციურ სპექტრში გამოირჩევა არა მხოლოდ რადიკალური განცხადებებით, მათ რიგებში პოლიტიკურ ბრძოლებში გამოცდილი ხალხია. ამიტომ ვამბობ, „ნაციონალების“ პარლამენტში შესვლა წაადგება ქართულ პარლამენტარიზმს. პარლამენტი არ შეიძლება იყოს მხოლოდ ერთ პოლიტიკური გუნდის მოედანი. პარლამენტი მაშინაა პარლამენტი, როცა, იქ განსხვავებული მოსაზრებები ისმის.

- 19 აპრილის შეთანხმებას მხარეებმა ხელი კი მოაწერეს, მაგრამ იმის გამო, რომ შეთანხმება კომპრომისული იყო, ფაქტია, რომ შეთანხმებაში ასახული შესასრულებული პუნქტებით კმაყოფილია არც ერთ მხარე არაა.

უკვე ვხედავ, რომ მხარეების წარმომადგენლები ამნისტიის კანონპროექტზე, ასევე საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებულ თემებზე სხვადასხვა მოსაზრებებს აფიქსირებენ. ფაქტია, რომ შეთანხმების შესრულება ისევე რთული იქნება, როგორც შეთანხმებამდე მისვლა იყო რთული.

ხელისუფლება და ოპოზიცია შეძლებენ ამნისტიის კანონპროექტთან, ან საარჩევნო კოდექსსა და საარჩევნო ადმინისტრაციის ფორმირების წესთან დაკავშირებით კონსენსუსის მიღწევას?

- მოსალოდნელიც იყო, რომ ამნისტიის კანონზე და საარჩევნო კანონმდებლობასთან დაკავშირებულ საკითხებში მხარეებს შორის აზრთა სხვადასხვაობა მრავლად იქნებოდა.

ორივე მხარე უნდა იყოს დაინტერესებული იმით, რომ შემოდგომისთვის დაგეგმილი ადგილობრივი არჩევნები ნორმალურ ვითარებაში და ისე ჩატარდეს, რომ შემდმომ მის შედეგებზე არავის ჰქონდეს კითხვები.

ფაქტია, რომ ორივე მხარე დაინტერესებული უნდა იყოს ამ საკითხებში აქტიურად ითანამშრომლონ. არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამნისტიის კანონიც და არჩევნებთან დაკავშირებულ კანონებში ცვლილებები დროზე უნდა იქნას მიღებული.

ბევრ საკითხში მათ შორის აზრთა სხვადასხვაობაა, ერთმანეთი არც ერთ მხარეს გულზე არ ეხატება, მაგრამ ყველას ესმის, რომ 19 აპრილის ხელმოწერილი შეთანხმება შესასრულებელია.

ვხედავთ, რომ ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს ესმით, რომ 19 აპრილის შეთანხმების შესასრულებლად, მათ ორივეს მნიშვნელოვანი და კომპრომისული გადაწყვეტილებები კონსენსუსით აქვთ მისაღები.

ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს ესმით, რომ 19 აპრილის შეთანხმების შესასრულებლად, მათ ორივეს მნიშვნელოვანი და კომპრომისული გადაწყვეტილებები კონსენსუსით აქვთ მისაღები

- რაც შეეხება საარჩევნო კანონმდებლობას, აქაც თითქოს უკვე გადადგმულია გარკვეული ნაბიჯები, მაგრამ როგორც 19 აპრილის შეთანხმებაშია ნათქვამი, მასზე „ამბიციურიაო“, ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით ძნელია თქმა.

მმართველი გუნდის წარმომადგენლები ოპოზიციისაგან მოითხოვენ ბოდიში უნდა მოუხადონ ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიას, ხოლო ამის შემდეგ ის თავად გადაწყვეტს გადადგება თუ არა.

რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ თამარ ჟვანია აღარ იქნება ცესკოს თავმჯდომარე? რომ საარჩევნო კანონმდებლობა და საარჩევნო ადმინისტრაციის ფორმირების წესში ცვლილებები „ამბიციურ ცვლილებებად“ ჩაითვალოს?

- რაც შეეხება ცესკოს დაკომპლექტებისა და მუშაობის წესს, ჩემი აზრით, აქ რადიკალური ცვლილებებია გასატარებელი და აქ პერსონალიებს მნიშვნელობა არ აქვს. ახლა აქტუალურია, რამდენად მოხერხდება ამ სფეროში სისტემური ცვლილებების განხორციელება. ვიმეორებ, ამისთვის ძალიან ცოტა დროა დარჩენილი არადა, ბევრი რამაა გასაკეთებელი.

ცესკო თვისობრივად უნდა შეიცვალოს, არ უნდა იყოს იმის გადმონაშთი, რომელიც აქამდე პოსტსაბჭოთა გადმონაშთის სახით არსებობდა. მნიშვნელოვანი საკითხია ცესკოსადმი ნდობის საკითხი. თუ ახალი ცესკოს მიმართ ნდობა არ იქნა მაღალი, ეს ჩრდილს მიაყენებს ადგილობრივი არჩევნების ნებისმიერ შედეგს.

ცესკო თვისობრივად უნდა შეიცვალოს, არ უნდა იყოს იმის გადმონაშთი, რომელიც აქამდე პოსტსაბჭოთა გადმონაშტის სახით არსებობდა. მნიშვნელოვანი საკითხია ცესკოსადმი ნდობის საკითხი. თუ ახალი ცესკოს მიმართ ნდობა არ იქნა მაღალი, ეს ჩრდილს მიაყენებს ადგილობრივი არჩევნების ნებისმიერ შედეგს

მმართველი გუნდის წარმომადგენლების განცხადებები თამარ ჟვანიაზე შესაძლოა იმ საკითხზე მოთელვაც იყოს, რომ იგი მართლაც თავისი ნებით გადადგეს. ფაქტია, რომ მას რეპუტაციული ზიანი მიადგა მას შემდეგ, რაც ოპოზიციამ 2020 არჩევნები არალეგიტიმურად გამოაცხადა.

უცნაური ისაა, რომ არ ტიპის განცხადებებს მმართველი გუნდი აკეთებს და არა თავად დამოუკიდებელი ორგანო ცესკო და მისი თავმჯდომარე თამარ ჟვანია.

- დამკვირვებელთა ნაწილი თვლის, რომ ოპოზიციისთვის დამდგარი რეალობა უფრო რთულია, ვიდრე ხელშეკრულების ხელმოწერამდე არსებული. არჩევნებამდე ხუთი თვით ადრე რა ამოცანების წინაშე დგას „ნაცმოძრაობა“, რომელმაც 2020 არჩევნებზე ხმების 27% მიიღო?

- „ნაცმოძრაობისთვის“ მთავარი პრობლემა გახლავთ ის, რომ ისინი ვერ ახერხებენ მათი ამომრჩევლების რიცხვის ზრდას, ანუ ახალი მხარდამჭერების შეძენას. მათ ჰყავთ სტაბილური ამომრჩეველი, რომელთა რიცხვი ცოტა ნამდვილად არაა, მაგრამ ფაქტია ისიც, რომ ყველა ბოლო არჩევნებზე „ნაცმოძრაობის“ მხარდამჭერების რიცხვი არ იზრდება.

მხოლოდ „ნაციონალების“ მხარდამჭერებით „ნაციონალები“ ვერ შეძლებენ ხელისუფლების დამარცხებას, ამიტომ მათთვის მნიშვნელოვანია თუ რა ფორმით შეინარჩუნებენ იმ პარტიებთან თანამშრომლობას, რომლებთანაც აქამდე თანამშრმლობდნენ.

ფაქტია, „ნაციონალებს“ ოპოზიციასთან კონკრეტულ თემებზე მოუწევს თანამშრლობა და კოორდინაცია, მაგრამ ნაკლებადსავარაუდოა, რომ მათ მოახლოებულ არჩევნებზე „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ ერთიანი ფრონტი შექმნან

აქამდე „ნაციონალები“ ოპოზიციის გაერთიანებას ახერხებდნენ, მაგრამ ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა აჩვენა - ძალიან დიდია იმის შანსი, რომ ოპოზიციის საკმაოდ დიდი ნაწილი მოახლოებულ არჩევნებზე „ნაციონალებთან“ არ იქნებიან გაერთიანებული.

ფაქტია, „ნაციონალებს“ ოპოზიციასთან კონკრეტულ თემებზე მოუწევს თანამშრლობა და კოორდინაცია, მაგრამ ნაკლებადსავარაუდოა, რომ მათ მოახლოებულ არჩევნებზე „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ ერთიანი ფრონტი შექმნან.

ამიტომაა მნიშვნელოვანი რა როლს შეასრულებს ოპოზიციასთან თანამშრომლობაში ნიკა მელია

- ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს, რომ „ნაცმოძრაობა“ პარლამენტში „მოქალაქეებთან“, „გირჩთან“ და „ევროპელ სოციალისტებთან“ არ ითანამშრომლებს. თანამშრომლობის რა გზას აირჩევს მელია და „ნაცმოძრაობა“ პარლამენტში შესულ „ლელოსთან“ და იმ ფრაქციასთან, რომელშიც სალომე სამადაშვილი, არმაზ ახვლედიანი და შალვა შავგულიძეს შევიდნენ?

- ქართულ პოლიტიკაში, ისევე როგორც ზოგადად პოლიტიკაში არც მუდმივი მტრები არსებობენ და არც მუდმივი მოკავშირეები. „ნაცმოძრაობას“ მოუწევს თემატურ საკითხებზე ოპოზიციის სხვადასხვა ჯგუფებთან თანამშრომლობა. ეს არ ეხება ოპოზიციის იმ ჯგუფს, რომელიც მათთვის კარგა ხანია მიუღებელია.

არჩევნების შემდეგ „ნაციონალები“ თანამშრომლობდნენ ნინო ბურჯანაძესთან, რომელიც მათთვის იდეოლოგიურად მიუღებელი იყო. ამიტომ, პოლიტიკა ის სფეროა, სადაც არასდროს არ უნდა ვთქვათ არასდროს. იგულისხმება დაპირისპირებულ მხარეებს შორისაც კი თანამშრომლობა.

- მას შემდეგ რაც ცხადია გახდა, რომ თუ შემოდგომისთვის დაგეგმილ არჩევნებზე მმართველი გუნდი ამომრჩეველთა ხმების 43% ნაკლებს მიიღებს, 2022 წელს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება, ამ არჩევნების მნიშვნელობის პოლიტიკური ფასი გაზრდილია.

ოპოზიციურ ფლანგზე ყველა თანხმდება, რომ მოახლოებულ არჩევნებზე ოპოზიციურ ჯგუფებს შორის კოორდინაცია საკმაოდ მაღალი უნდა იყოს.

დამკვირვებელთა ნაწილი თვლის, რომ პოლიტიკური პროექტი, რომლის მიზანია „ქართულმა ოცნებამ“ ადგილობრივ არჩევნებში ამომრჩეველთა ხმების 43% არ აიღოს, რეალისტურია.

რა შანსები აქვს ოპოზიციას არჩევნებზე ერთმანეთთან კოორდინაციის შემთხვევაში დაარწმუნოს ამომრჩეველი, რომ მმართველმა გუნდმა ხმების 43% ვერ მიიღოს?

- ოპოზიციას აქვს შანსები დაარწმუნოს ამომრჩეველი „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნებზე 43% არ მიიღოს. მაგრამ, ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად მოახერხებს ოპოზიცია არჩევნებზე კოორდინებულად მოქმედებას კონკრეტულ საარჩევნო ოლქებში თუ უბნებში და თემატურ საკითხებზე თანამშროლობას.

ოპოზიციას აქვს შანსები დაარწმუნოს ამომრჩეველი „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნებზე 43% არ მიიღოს

ბევრი რამ დამოკიდებული იქნება იმაზე, ხმების რა პროცენტს აიღებს „ნაცმოძრაობა“ და დანარჩენი ოპოზიციური პარტიები ცალ-ცალკე. ქართულ პოლიტიკაში ახალი პოლიტიკური ძალების გამოჩენა იქნება ის, რამაც შესაძლოა უბიძგოს აქამდე არსებულ ოპოზიციას ადგილობრივ არჩევნებზე მეტი კოორდინაციისა და თანამშრომლობისთვის.

- ოპოზიციის მტკიცებით, ხელისუფლების უახლოესი ამოცანაა 19 აპრილის პუნქტები მისთვის სასარგებლო რედაქციით იქნას მიღებული.

მეტიც, ხელისუფლება ახერხებს რომ ოპოზიცია ერთმანეთს დააპირისპიროს და იმიჯურად დააზიანოს ოპოზიციის ორივე ფრთა, თავად კი განზე გადგეს და სეირს უყუროს.

ოპოზიციის მტკიცებით, ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რომ შეთანხმების დანარჩენი პუნქტები სრულად არ შესრულდეს. თქვენი აზრით, ახალ რეალობაში 19 აპრილის შეთანხმების შესასრულებლად არჩევნებამდე 5 თვით ადრე რა ამოცანები აქვს გადასაჭრელი ხელისუფლებას?

- არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ოპოზიციის მსგავსად ხელისუფლებას აქვს შესასრულებელი თავისი ვალდებულებები. გარდა ამისა, ხელისუფლებამ არ უნდა დაუშვას, რომ საარჩევნო გარემოს მიმართ ნდობა არ აღმოაჩნდეს ოპოზიციას, ამომრჩეველს.

ხელისუფლებამ უარი უნდა თქვას არჩევნებზე ისეთ მანკიერ ტრადიციაზე, როგორიცაა არჩევნებზე ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება. ხელისუფლებამ უნდა ესმოდეს, რომ ლეგიტიმაციის ზღვარზე ჩატარებულ და მოგებულ არჩევნებს ხალხი აღარ შეეგუება.

ხელისუფლებამ უარი უნდა თქვას არჩევნებზე ისეთ მანკიერ ტრადიციაზე, როგორიცაა არჩევნებზე ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება. ხელისუფლებამ უნდა ესმოდეს, რომ ლეგიტიმაციის ზღვარზე ჩატარებულ და მოგებულ არჩევნებს ხალხი აღარ შეეგუება

ხელისუფლების ინტერესებშია არჩევნები ჩატარდეს სამაგალითოდ. არჩევნების შედეგებს ამჯერად დიდი ლუპით დააკვირდებიან ჩვენი დასავლელი პარტნიორები.

- ქართულ პოლიტიკურ სცენაზე ახალი პოლიტიკური აქტორები და ჯგუფები გამოჩდნენ. მხედველობაში მაქვს ექსპრემიერ გიორგი გახარია და ლევან ვასაძე.

ერთსაც და მეორესაც ხელისუფლების სატელიტობას უწინასწარმეტყველებენ. თქვენ როგორ შეაფასებდით ქართულ პოლიტიკაში ექსპრემიერ გიორგი გახარიასა და ლევან ვასაძის პერსპექტივას?

- ჯერ არარსებულ პარტიებზე საუბარი რთულია. მაგრამ, იმის გათვალისწინებით, რომ „ქართული ოცნების“ ამომრჩევლების ნაწილი მმართველ პარტიაზე გულაცრუებულია, არაა გამორიცხული გახარიასა და ვასაძის პოლიტიკაში გამოჩენამ „ქართული ოცნების“ შედეგებზე გარკვეული გავლენა მოახდინოს.

ახლა ჭირს იმაზე საუბარი ხმების რამდენ პროცენტს მიიღებს გახარიასა და ვასაძის პარტიები, მაგრამ, ფაქტია ის, რომ ისინი ამომრჩეველს სწორედ „ქართულ ოცნებას“ წაართმევენ. ძალიან მნიშვნელოვანია, თუ როგორი ურთიერთობა ექნება ამ პოლიტიჯურ ჯგუფებს „ქართულ ოცნებასთან“.

დღეისათვის ვხედავთ, რომ „ქართულ ოცნებაში“ გახარიასთან დაკავშირებით პოზიცია ნათლად არაა ჩამოყალიბებული. ასე მიუხედავად იმისა, რომ გახარიას მხარდამჭერები რიგ რეგიონებში სამსახურებიდან გაუშვეს. ჩემი აზრით, მმართველი გუნდი ბოლომდე არ არიან ჩამოყალიბებული გახარიას გუნდი მიიღონ, როგორც მოკავშირეები თუ მტრები.

ჩემი აზრით, მმართველი გუნდი ბოლომდე არ არიან ჩამოყალიბებული გახარიას გუნდი მიიღონ, როგორც მოკავშირეები თუ მტრები

რაც შეეხება ვასაძეს. აქ უფრო რთული იქნება „ქართული ოცნების“ და ვასაძის პარტიის თანამშრომლობა. ფაქტია, რომ მათ შორის იდეოლოგიური განსხვავებაა. თუ კრიზისული ვითარება შეიქმნა, არაა გამორიცხული „ქართულმა ოცნებამ“ ვასაძის პარტიასთანაც ითანამშრომლოს.

- დამკვირვებელთა ნაწილი არ გამორიცხავს, რომ „ქართულ ოცნებას“ ადგილობრივ არჩევნებზე პროპორციული სისტემით 43%-ის მიღება გაუჭირდება იმ შემთხვევაში, თუ არჩევნებში მონაწილეობას გახარია და ვასაძეც მიიღებენ.

მეტიც, რეალურად არიან თუ არა გახარია და ვასაძე „ქართული ოცნების“ ოპონენტები სწორედ მაშინ გამოჩნდება. რამდენად საფუძვლიანია ამგვარი მტკიცება და თქვენი აზრით, მიიღებენ თუ არა მონაწილეობას ადგილობრივ არჩევნებში გახარია და ვასაძე?

- გახარიას შემთხვევაში ბევრი რამ დამოკიდებული იქნება იმაზე, რა ფინანსური და ადმინისტრაციული რესურსები ექნება მას. ასევე მნიშვნელოვანია ვინ იქნებიან მისი პარტიის სახეები და ვინ იქნებიან მათი მხარდამჭერები.

ყველა კი ამბობს, რომ ივანიშვილი პოლიტიკიდან წასულია, მაგრამ ყველამ იცის, რომ მმართველ პარტიაში მის აზრს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. თუ ივანიშვილი გახარიას მიმართ ნეიტრალურ პოზიციას შეინარჩუნებს, ეს გახარიასთავის ცუდი ნამდვილად არ იქნება. თუ ამომრჩეველმა გახარიას პარტია „ქართული ოცნების“ ივანიშვილის სათადარიგო პარტიად მიიჩნია, ასეთ შემთხვევაში, გახარია მმართველ გუნდს ბევრ ხმებს წაართმევს.

თუ ამომრჩეველმა გახარიას პარტია „ქართული ოცნების“ ივანიშვილის სათადარიგო პარტიად მიიჩნია, ასეთ შემთხვევაში, გახარია მმართველ გუნდს ბევრ ხმებს წაართმევს

ფაქტია, რომ ქართულ პოლიტიკურ მოედანზე გახარიასა და ვასაძის გამოჩენით კონკურენცია გაიზრდება. იმის ფონზე, რომ ქვეყანაში მეტად არასახარბიელო სოციალურ-ეკონომიკური ვითარებაა, თვალს ვადევნებთ პანდემიასთან ბრძოლის ცუდ მენეჯმენტს, ოპოზიციური ფრთა საკმაოდ მომართულ-ფრთაშესხმულია, ადგილობრივი არჩევნები უბრალო გასეირნება არ იქნება არც ხელისუფლებისთვის და არც ოპოზიციისთვის.

თუ ადგილობრივ არჩევნებზე გახარისა და ვასაძის პარტიები მიიღებენ მონაწილეობას, „ქართულ ოცნებას“ პროპორციული სისტემით ამომრჩევლების ხმათა 43%-ია აღება გაუჭირდება.

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს