გიგა ბოკერია - დმანისში ჩვენ ახლა ვხედავთ საათობის განმავლობაში ძალადობას, რომლის აღკვეთას ვერ ან არ ახერხებს პოლიციის ხელმძღვანელობა იმიტომ, რომ არ აძლევს შესაბამის დავალებას პოლიციელებს

ჩვენ ახლა ვხედავთ საათობის განმავლობაში ძალადობას, რომლის აღკვეთას ვერ ან არ ახერხებს პოლიციის ხელმძღვანელობა იმიტომ, რომ არ აძლევს შესაბამის დავალებას პოლიციელებს, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ გიგა ბოკერიამ დმანისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა.

ის მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელ პირებს, რომ სწრაფი რეაგირება მოახდინონ მომხდარ ფაქტზე და დამკვირვებლის როლიდან გამოვიდნენ.

„ის მოვლენები, რასაც დღეს მთელი საქართველო უყურებს დმანისში, ბუნებრივია დიდ შეშფოთებას და დიდ საფრთხეს იწვევს არამარტო ჩვენი მოქალაქეებისთვის, რომლებიც ამ რეგიონში ცხოვრობენ, არამედ მთელი ჩვენი ქვეყნის ინტერესებისთვის, სამოქალაქო თანხმობისთვის. ბუნებრივია, ყოფითი ინციდენტი ყველგან შეიძლება მოხდეს და ზოგჯერ ამ ყოფით ინციდენტში სხვდასხვა თემის წარმომადგენლები იყვნენ ჩართული, მაგრამ ის როგორც განვითარდა მოვლენები, რა განაცხადებებიც გვესმის, რა განწყობაც ტრიალებს, ეს არის უაღრესად შემაშფოთებელი ამბავი. პირველ რიგში მინდა, რომ ყველა ჩვენს მოქალაქეს მოვუწოდო სიმშვიდისკენ, მშვიდობისკენ, ძალადობისგან თავის შეკავებისკენ, მაგრამ პირველ რიგში უნდა მოვუწოდოთ შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობას და პოლიციის ხელმძღვანელობას, რომ გამოვიდნენ დამკვირვებლის როლიდან, მათი ფუნქცია არის ძალადობის სწრაფად აღკვეთა. ჩვენ კარგად გვახსოვს როგორ რეაგირებდნენ ისინი, როდესაც ეს ეხებოდა ივანიშვილის რეჟიმის პოლიტიკურ ინტერესებს, როცა შეშის შეტანის გამო აქციაზე იღებდნენ უმკაცრეს ზომებს და მობილიზებული იყო პოლიცია და ადამიანებს აკავებდნენ სწრაფად.

ჩვენ ახლა ვხედავთ საათობის განმავლობაში ძალადობას, რომლის აღკვეთას ვერ ან არ ახერხებს პოლიციის ხელმძღვანელობა იმიტომ, რომ არ აძლევს შესაბამის დავალებას პოლიციელებს. ეს ვითარება, დაპირისპირების შემდეგ განვითარებული ვითარება - არის პირდაპირი შედეგი ივანიშვილის რეჯიმის პოლიტიკის, ეს არის შედეგი ეთნიკური და პოლიტიკური შუღლის გამოყენებისა პოლიტიკური ამოცანებისთვის და ეს არის შედეგი ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფების და ძალადობის გამოყენებისა საარჩევნო ამოცანებისთვის, რომელიც განსაკუთრებით ამ რეგიონში იყო ფართოდ გამოყენებული. როცა აღვივებ ეთნიკურ და რელიგიურ შუღლს, შენ თვითონ, შენი ამოცანებისთვის, რომ ძალაუფლება შეინარჩუნო, თქვენი ქვეყნის ინტერესების საპირისპიროდ, როცა ორგანიზებულ დანაშაულთან ხარ შეკრული და იყენებ მას ყველა არჩევნებზე, როცა კრიმინალს და ძალადობას იყენებ ყველა არჩევნებზე - შემდეგ იღებ ატმოსფეროს, როცა ყოფითი, უბრალო ინციდენტი გადაიზარდოს ასეთ ვითარებაში მაშინ, როცა კანონის უზენაესობა არის მორყეული, როდესაც პოლიციას ავალებენ მხოლოდ რეჟიმის ხელმძღვანელის ინტერესების დაცვას და სხვა საკითხი ან მეორეხარისხოვანია, ან პირიქით განსხვავებული ამოცანა აქვთ“, - განაცხადა ბოკერიამ.

დმანისში დღეს ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა. დაპირისპირებაში მონაწილე ჯგუფებმა პოლიციის კორდონის გარღვევა მოახერხეს, ისინი ერთმანეთს ხელკეტებითა და ქვებით გაუსწორდნენ.

არსებული ინფორმაციით, დაშავებულია 5-მდე პირი, რომელთა შორის ერთი სამართალდამცავიცაა.

დაკავებულების რაოდენობის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ცნობისთვის, დმანისში ერთ-ერთ მაღაზიასთან დაპირისპირება გუშინაც მოხდა. სოციალურ ქსელში გავრცელდა კადრები, სადაც ჩანს, რომ მოქალაქეები ერთმანეთს ფიზიკურად ჯოხების და სხვადასხვა ნივთების გამოყენებით უპირისპირდებოდნენ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა