მთავრობამ აკვაკულტურის ნებართვის გაცემის წესისა და პირობების თაობაზე დადგენილება დაამტკიცა

საქართველოს მთავრობამ აკვაკულტურის ნებართვის გაცემის წესისა და პირობების თაობაზე დადგენილება დაამტკიცა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, დადგენილების პროექტი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნულ სააგენტოში მომზადდა და მისი მიზანია, აკვაკულტურის სექტორში წარმოებით დაინტერესებულ პირთათვის იმ დოკუმენტების ნუსხისა და ინფორმაციის განსაზღვრა, რომელიც აუცილებელია აკვაკულტურის ნებართვის გასაცემად.

„აღნიშნული დადგენილება უზრუნველყოფს საქართველოს შავი ზღვის კონტინენტური შელფის, ტერიტორიული ზღვის და განსაკუთრებული ეკონომიკური ზონისა და შიდა წყალსატევების (ტბები, წყალსაცავები, ტბორები, მდინარეები, ნაკადულები, არხები და სხვა წყლის პროდუქტების მოშენებისთვის ვარგისი წყალსატევები) აკვაკულტურის მიზნებისათვის სარგებლობის რეგულირებას და მათ რაციონალურ და ეფექტიან გამოყენებას, წყლის ორგანიზმების (თევზი, წყლის მცენარეები და სხვა) მოშენებას (კულტივირება, გამოზრდა, გამრავლება) აკვაკულტურის კონსტრუქციების გამოყენებით.

დადგენილება ითვალისწინებს აკვაკულტურის ნებართვის გაცემის პროცედურებსა და ვადებს. აკვაკულტურის ნებართვის გაცემა შესაძლებელი იქნება 20 წლამდე ვადით, განახლების შემდგომი შესაძლებლობით. დადგენილების თანახმად, აკვაკულტურის ნებართვა გაიცემა აუქციონის წესით, გარდა კერძო საკუთრების ან სახელმწიფო საკუთრების მიწაზე აკვაკულტურის წარმოების შემთხვევისა, რომელზედაც, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ დაინტერესებულ პირთან იჯარის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ აკვაკულტურის ნებართვა გაიცემა პირდაპირი წესით.

დადგენილება განსაზღვრავს აკვაკულტურის ნებართვის მფლობელის სანებართვო პირობებს, რომელიც უზრუნველყოფს აკვაკულტურის დარგის მდგრად განვითარებას, გარემოს დაცვასა და ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებას, ყოველივე ეს კი ხელს შეუწყობს ქვეყანაში შემოსავლების ზრდას, სამუშაო ადგილების შექმნას და, შესაბამისად, სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობას“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

სამინისტროს ცნობით, აკვაკულტურის ნებართვას არ საჭიროებს მცირე ზომის (საოჯახო მეურნეობები 50 მ3 მოცულობის) აკვაკულტურის წარმოების განხორციელება.

„რაც შეეხება, აკვაკულტურის კონსტრუქციების გარეშე ტბებსა და სხვა წყალსატევებზე ბუნებრივი საკვების ხარჯზე აკვაკულტურის მეურნეობის წარმოების მიზნით ნებართვების გაცემას, აღნიშნული მოწესრიგდება ექსტენსიური აკვაკულტურის ნებართვის გაცემის შესახებ ცალკე დადგენილებით.

აღსანიშნავია, რომ მზარდია აკვაკულტურის როლი ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და შემოსავლების ზრდის თვალსაზრისით. ამიტომ, მნიშვნელოვანია დარგში ინვესტიციების განხორციელება, ადგილობრივ და უცხოელ მეწარმეთა დაინტერესება აღნიშნული მიმართულებით ქვეყნის პოტენციალით“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა