მიხეილ სააკაშვილი - ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ნამდვილი გმირი ნიკა მელია კიევშია ჩამოსული - ნიკა უკვე გამარჯვებულია, რადგან ვერ გატეხეს და ციხის შიში საერთოდ გააქრო

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიასთან კიევში გამართული შეხვედრის ვიდეომასალას აქვეყნებს.

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ნიკა მელია უკვე გამარჯვებულია, რადგან ვერ გატეხეს და „ციხის შიში საერთოდ გააქრო“.

"ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ნამდვილი გმირი ნიკა მელია არის ჩამოსული კიევში ძალიან დატვირთული სამუშაო ვიზიტით. მე მის ადგილზე ციხის შემდეგ დავისვენებდი, მაგრამ იმხელა ენერგია აქვს, რომ ერთი წამით არ შეუძლია დაჯდომა და დასვენება, რაც არის გამარჯვების საწინდარი. ძალიან დიდი გეგმები აქვს ნიკას და მაღალი ტალღა აწია ქართველი ხალხის დასახმარებლად. ვამაყობ, რომ მისი თანამებრძოლი ვარ, აღფრთოვანებული ვარ, მისი გამბედაობით და პრინციპულობით, რაც გამოიჩინა. მგონი ჩვენს ხალხს ყველაფერი გამოუვა. სხვანაირად არ შეიძლება, ამდენი წელია ხალხი ელოდება რაღაც შვებას და წინსვლას.

ჩემი აზრით, ნიკა უკვე გამარჯვებულია, იმიტომ, რომ ვერ გატეხეს და ციხის შიში საერთოდ გააქრო, შიში რეპრესიების და ზეწოლების, რაც ამდენი წელი არსებობდა. როდესაც ადამიანი ასეთ სტანდარტს ქმნის, სხვები ვალდებულები არიან მიჰყვნენ მის გამბედაობას და სტანდარტს. ეს არის გარდამტეხი მომენტი საქართველოს უახლეს ისტორიაში, ახალი ძალა მიეცა მთელს ჩვენს ხალხს“, - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიას თქმით, სჯერა, რომ მიხეილ სააკაშვილს არც თუ ისე შორეულ პერსპექტივაში, არა მხოლოდ კიევში, არამედ თბილისშიც შეხვდება.

2 წელი და 7 თვეა ჩვენ არ გვქონდა შეხვედრის შესაძლებლობა. მე ფიზიკურად პასპორტი არ მქონდა, რომ დამეტოვებინა ქვეყანა. მიშას სამწუხაროდ დღემდე არ ეძლევა შესაძლებლობა ჩამოვიდეს იქ, სადაც ეკუთვნის ყოფნა. ძალიან მოხარული ვარ, რომ ბევრ მნიშვნელოვან საკითხზე ვისაუბრეთ. მჯერა, რომ არც თუ ისე შორეულ პერსპექტივაში ჩვენ კვლავ შევხვდებით არა მხოლოდ კიევში, არამედ თბილისშიც, ეს ასეც უნდა იყოს და შეუძლებელია სხვაგვარად მოხდეს. ამისათვის მნიშვნელოვანია საერთო სტრატეგია იყოს შემუშავებული, მტერი არ გავახაროთ. უამრავი ხაფანგი დაგებული დამხვდა ციხიდან რომ გამოვედი, ბევრი ადამიანი ხელებს იფშვნეტდა, რომ იქნებ რაიმე გაუგებრობა მოხდეს ოპოზიციაში. ჭორებს ავრცელებენ, თითქოს მიშასთან დაძაბული ვითარება მაქვს, რაც არის პირიქით. იმაზე გონიერი ხალხია ოპოზიციაში და “ნაციონალურ მოძრაობაში“ ვიდრე მავანს გონია, ამიტომ არავის მივცემთ უფლებას პროვოკაციაზე წამოგვაგოს და სახელმწიფოებრივი საფუძვლები ბოლომდე ამოიშანთოს. მთავარია ჩვენ თვითონ ვირწმუნოთ საქართველოში, პოლიტიკოსებმა, რომ გამარჯვება შეგვიძლია, ჩვენ თუ არ ვირწმუნეთ როგორ უნდა ირწმუნოს მოსახლეობამ“, - აღნიშნა ნიკა მელიამ.

ცნობისთვის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია კიევში 16 მაისს გაფრინდა. უკრაინაში მასთან ერთად გაემგზავრნენ პარტიის წევრები: კობა ნაყოფია, პეტრე ცისკარიშვილი, ეკა ხერხეულიძე, კახა ოქრიაშვილი და აკაკი მინაშვილი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო