რეიჩელ რიზო - რუსეთი ვერ წყვეტს და ვერც ვერასდროს გადაწყვეტს საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების საკითხს

იმის ნაცვლად, რომ ვფოკუსირდეთ რუსეთის შესაძლო რეაქციებზე, ყურადღება უნდა გავამახვილოთ იმაზე ნატოს წევრობას რა მნიშვნელობა ექნება საქართველოსა და უკრაინისთვის და იმ ნაბიჯებზე, რაც ნატოსთან მომავლის არსებობას შეეხება,- ამის შესახებ „ახალი ამერიკული უსაფრთხოების" მკვლევარმა, რეიჩელ რიზომ „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან განაცხადა.

კითხვაზე ბუქარესტის სამიტის შემდეგ, როდესაც არსებობდა ვარაუდი, რომ საქართველოს და უკრაინას წევრობის სამოქმედო გეგმა რუსული ფაქტორის გამო არ მისცეს, რამდენად მუშაობს ახლაც ეს ფაქტორი, რეიჩელ რიზომ განაცხადა, რომ ქვეყნები, რომლებიც წყვეტენ იმას, თუ ვინ შეუერთდება ალიანსს, არიან თავად ნატოს წევრები და რუსეთი.

„ვფიქრობ ეს თემა, სულ უფრო დიდ ყურადღებას იქცევს ბოლო დროს. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, კულებამ თქვა, რომ ნატოში არიან ქვეყნები, რომლებიც დღემდე იმ ლოგიკით ხელმძღვანელობენ, რომ რუსეთი არ უნდა გააღიზიანონ, იმ კუთხით, უნდა იყვნენ თუ არა საქართველო და უკრაინა ალიანსის წევრები.

თუმცა, ვფიქრობ, რომ ცოტა ხნის წინ, სახელმწიფო მდივან ბლინკენის ვიზიტი უკრაინაში და პრეზიდენტ ზელენსკისთან შეხვედრა, რეგიონში ამერიკის ვალდებულებების და ერთგულების ჩვენების ნიშანია. მან თქვა, რომ ამერიკა აქტიურად განიხილავს უსაფრთხოების მიმართულებით თანამშრომლობისა და უსაფრთხოებაში დახმარების საკითხებს, ასე რომ ეს ყველაფერი ძალიან კარგი ნიშანია.

ვფიქრობ საქართველოსა და უკრაინისთვის დემოკრატიული რეფორმების გატარება და იმ საკითხებზე მუშაობის გაგრძელება, რომელიც ხელს უშლის ამ რეფორმებს, არის გზა ნატოსკენ. როგორც ნატოს გენერალურმა მდივანმა თქვა, ნატოს კარი ღიად რჩება. ქვეყნები, რომლებიც წყვეტენ იმას, თუ ვინ შეუერთდება ალიანსს, თავად არიან ნატოს წევრები. რუსეთს არ აქვს იმის გადაწყვეტის უფლება, თუ ვინ შეუერთდება ნატოს და ამის უფლება არც არასდროს ექნება.

ჩვენ ვნახეთ, რომ ორი ქვეყანა, ჩრდილოეთ მაკედონია და მონტენეგრო ნატოს წევრი გახდა. ასე რომ, ნატო დგამს ნაბიჯებს, რომლითაც გვაჩვენებს, რომ რუსეთს არ აქვს გადაწყვეტილების მიღების უფლება იმასთან დაკავშირებით ვინ შეუერთდება ალიანსს. ვეჭვობ, ამ ორი ქვეყნის მიღება, არ იყო ამბავი, რომელიც კარგად მიიღეს კრემლში. დიდი ალბათობით, საქართველოსა და უკრაინის ამბავსაც ასე მიიღებენ. თუმცა, იმავდროულად, ესაა გადაწყვეტილება, რომელიც მხოლოდ მოკავშირეებმა და ნატომ უნდა მიიღონ. და მხოლოდ საქართველოს და უკრაინაზეა დამოკიდებული გაწვერიანებისთვის საჭირო დემოკრატიული რეფორმების გატარება. როგორც ადრეც ვთქვი, ეს ქვეყნები მუშაობენ ამ ცვლილებებზე. მესიჯი, რომელსაც ეს ყველაფერი აგზავნის ისაა, რომ ნატოს კარი ღიად რჩება“, - განაცხადა რეიჩელ რიზომ.

ამასთანავე, როგორც რეიჩელ რიზომ აღნიშნა, საქართველოს მომავალი დასავლეთშია. დასავლეთის მიერ აღებული პასუხისმგებლობები საქართველოს უსაფრთხოებისთვის ნათელია და ქვეყნის მომავალი ევროკავშირთანაა.

„[დიალოგი რუსეთთან] ძალიან მძიმე განსახილველი იქნება, განსაკუთრებით დასავლეთისთვის და ამერიკის შეერთებული შტატებისთვის. ჩვენ გვინდა, რომ ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ დავრწმუნდეთ, რომ პასუხისმგებლობები ისეთი ქვეყნების მიმართ, როგორიც საქართველო და უკრაინაა, ძალიან ნათელია,“- განაცხადა რიზომ.

მისივე განმარტებით, 14 ივნისს ჩანიშნული ნატო-ს სამიტი არის უდიდესი შესაძლებლობა ბაიდენის ადმინისტრაციისთვის, რომ თავიდან განამტკიცოს თავისი მოვალეობები და ერთგულება ნატოს ალიანსისადმი, გასული ტურბულენტური 4 წლის შემდეგ.

„იენს სტოლტენბერგმა თქვა, რომ რამდენიმე თემას განიხილავენ მოკავშირეები და ეს იქნება: ტერორიზმი, კიბერუსაფრთხოება და ჩინეთის საკითხი, თუმცა რუსეთის აგრესიული ქმედებები სიის თავში იქნება, ასე რომ, უნდა ველოდოთ, რომ რუსეთი იქნება განხილვის მთავარი თემა. მოკავშირეები განიხილავენ [რუსი] სამხედროების მიმდინარე მობილიზაციას უკრაინაში, სანქციებს, რომლებიც გასული თვის განმავლობაში ამერიკამ რუსეთს დაუწესა და იმას, თუ რა როლს ითამაშებს ეს პროცესი ურთიერთობების განვითარებაში. ასე რომ, მომავალ სამიტზე ძალიან ბევრი რამ იქნება განსახილველი“, - განაცხადა რიზომ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს