გია ხუხაშვილი - ოპოზიციას თუ უნდა კოორდინაცია, სჯობს ახლა კი არ ისაუბრონ ერთიან კანდიდატზე, რაც წამგებიანი იქნება, არამედ ისაუბროს იმაზე, რომ მეორე ტურში მოხდეს ფინალში გასული კანდიდატის მხარდაჭერა

თუ გიორგი გახარია ნორმალურად წარმართავს ყველაფერს და გაუძლებს იმ ცეცხლს, რომელიც ხელისუფლების და ასევე, ოპოზიციის მხრიდან გაიხსნება მის მიმართ, მაშინ მას შეუძლია საკმაოდ სერიოზული შედეგი აჩვენოს, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ თბილისის მერობის არჩევნებში ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას შესაძლო მონაწილეობასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, გიორგი გახარიას თბილისის მერობის კანდიდატად წარდგენა ლოგიკას მოკლებული არ არის.

გიორგი გახარიას მხრიდან კანდიდატურის დაყენება არ იქნება შეცდომა, რადგან ეს არის ახლად ფორმირებადი პარტიული წარმონაქმნი, რომელსაც ამ ეტაპზე არამგონია, რომ პრეტენზია ჰქონდეს ნაციონალური მასშტაბით გასვლაზე, უფრო წერტილოვანი პროექტები უნდა აიღოს და წერტილოვან პროექტებში უნდა აჩვენოს რაღაც შედეგი იმიტომ, რომ ინფრასტრუქტურის გაშლა მათთვის ძალიან რთული იქნება მთელი ქვეყნის მასშტაბით. ამიტომ, მათ უნდა აიღონ რამდენიმე ქალაქი, რამდენიმე პროექტი და კონცენტრირებული აქტივობა აჩვენონ. შესაბამისად, გახარიას თბილისის მერად წარდგენაში მიმაჩნია, რომ არის გარკვეული ლოგიკა. მას შედეგი ექნება თუ სწორად შემოვიდა პოლიტიკაში, თუ ის ნორმალურად წარმართავს ყველაფერს და გაუძლებს იმ ცეცხლს, რომელიც ორივე მხრიდან, როგორც ხელისუფლების, ასევე ოპოზიციის მხრიდან გაიხსნება მის მიმართ. მაშინ მას შეუძლია აჩვენოს საკმაოდ სერიოზული შედეგი“, - განაცხადა ხუხაშვილმა.

ამასთან, პოლიტოლოგმა ოპოზიციის სავარაუდო კანდიდატებიც შეაფასა და განმარტა, რომ ოპოზიციამ არ უნდა ისაუბროს ერთიან კანდიდატზე, რადგან ეს მათთვის წამგებიანი იქნება.

მისივე თქმით, მაღალი ალბათობით მეორე ტური იქნება და სწორედ ამიტომ, ოპოზიციამ ფინალში გასული კანდიდატის მხარდაჭერაზე უნდა ისაუბროს.

„ოფიციალური განაცხადი არავის გაუკეთებია, ერთადერთი ვინც ამაზე ხმამაღლა საუბრობს არის ზურაბ ჯაფარიძე, მაგრამ აქაც გარკვეული სიმსუბუქე შეიმჩნევა იმიტომ, რომ ზურაბ ჯაფარიძეს ესმის, რომ ის ოპოზიციის ერთიანი კანდიდატი ვერ გახდება, მაგრამ მორიგ ეპატაჟთან გვაქვს საქმე და მეტი არაფერი.

მე ვფიქრობ, კარგი იქნება, რომ ბევრი კანდიდატი იყოს წარმოდგენილი თავიდან იმისათვის, რომ გამოიკვეთოს ორი ლიდერი, რადგან მაღალი ალბათობით ჩვენ გვექნება მეორე ტური ამ არჩევნებზე და ოპოზიციას თუ უნდა რაიმე კოორდინაცია, ჯობია ახლა კი არ ისაუბრონ ერთიან კანდიდატზე, რაც წამგებიანი იქნება, არამედ ისაუბროს იმაზე, რომ უკვე მეორე ტურში მოხდეს მხარდაჭერა ფინალში გასული კანდიდატის - ეს არის ალბათ ყველაზე სწორი და ჯანსაღი ფორმულა ორი მიზეზის გამო. პირველი - იმიტომ, რომ წინასწარ ერთმანეთის დაჭმა, ვინ იქნება ერთიანი კანდიდატი, არ იქნება სწორი და ეს დაძაბავს მათ შორის ურთიერთობებს და მეორე მიზეზი გახლავთ ის, რომ ეს ერთიანი კანდიდატი ვერ მოიცავს ყველა პარტიის გემოვნებას.

შესაბამისად, არითმეტიკულად იმისათვის, რომ მიღწეული იყოს მეორე ტურის ამოცანა, ჯობია, რომ პირველ ტურში ფრონტი იყოს მაქსიმალურად გაშლილი და უკვე მეორე ტურში შეუძლიათ გარკვეულწილად მოახდინონ ამომრჩევლის მაქსიმალური კოორდინაცია. დღეს საუბარი ერთიან კანდიდატზე არის მხოლოდ და მხოლოდ დამაზიანებელი და მეტი არაფერი, მითუმეტეს მელიას კანდიდატურა ძალიან უცნაური იქნება იმიტომ, რომ თუ ეს პარტია თვლის, რომ ის არის ყველაზე მსხვილი პარტიული წარმონაქმნი და პრეტენზია აქვს ხელისუფლებაში მოსვლაზე, ბუნებრივია ამ პარტიის თავმჯდომარე უნდა განიხილებოდეს არა თბილისის, როგორც მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელად გარკვეული სამეურნეო დატვირთვით, არამედ უნდა განიხილებოდეს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად, უკვე რიგგარეშე არჩევნებზე, რომელიც უნდა იქნეს მიღწეული. შესაბამისად, ჩემთვის გაუგებარი იქნებოდა მელიას წარდგენა თბილისის მერად“, - განაცხადა ხუხაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა