ბადრი ჯაფარიძე - თუ კეთილსინდისიერად ჩატარებულ არჩევნებში "ქართული ოცნება" მოახერხებს 43 %-ის გადალახვას, რაც ახლა წარმოუდგენლად მეჩვენება, ამას უნდა შევეგუოთ და თუ დადგება მეორე შედეგი, უნდა შევთანხმდეთ ვადამდელი არჩევნების თარიღზე

ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ კონკრეტულ პიროვნებებზე აღარ იყოს დამოკიდებული არჩევნების შედეგები, - ამის შესახებ ფრაქცია „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“ თავმჯდომარე ბადრი ჯაფარიძემ ტელეკომპანია "პალიტრანიუსის" გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა. ბადრი ჯაფარიძემ შარლ მიშელის შეთანხმებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ შეთანხმებიდან ერთი თვის თავზე, კვლავ ბევრი სამუშაოა ჩასატარებელი, რათა არჩევნებზე „მანიპულაციები და თაღლითობები“ გამოირიცხოს. "რა თქმა უნდა, ჩვენ არ გვქონია ილუზია, რომ ამ ხელშეკრულების განხორციელება იქნებოდა მარტივი და არ მოგვიწევდა ბრძოლა თითოეული პუნქტის სრული იმპლემენტაციისთვის. უნდა ითქვას, რომ ამ ერთი თვის განმავლობაში, ჩვენ ბევრი რამ მოვახერხეთ. პირველ რიგში, შეთანხმების თანახმად, პარლამენტში შევედით, ფრაქციაც შეიქმნა, 2 ადამიანი, რომლის გათავისუფლებაც ამ შეთანხმების ერთ-ერთ მიზანი იყო, ორივე თავისუფალია საპატიმროდან, ასევე მომზადდა კანონპროექტები საკანონმდებლო ცვლილებებთან მიმართებაში, რომელიც ძირითადში ასახავს შარლ მიშელის მედიაციით მიღწეული დოკუმენტით გათვალისწინებულ ცვლილებებს. ასევე, დარეგისტრირებულია ამნისტიაზე ორი პროექტი - „ქართული ოცნების“ და ოპოზიციის ვერსია. ბევრი შრომა გვაქვს წინ. ერთი თვის განმავლობაში ბევრი რამ მოესწრო, კიდევ ბევრია სამუშაო, რომ მოვახერხოთ ისეთი არჩევნების ჩატარება, რომელიც არ დაბადებს კითხვის ნიშნებს, გამორიცხავს იმ მანიპულაციებს და თაღლითობებს, რაც ჩვენ ვნახეთ გასულ არჩევნებზე“, - აღნიშნავს ჯაფარიძე.

მან ცესკოს წევრების დანიშვნის პროცესზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მცდარია გავრცელებული კულუარული ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, პოლიტიკურ მხარეებს შორის არსებობს შეთანხმება, რომ თამარ ჟვანია და ცესკოს სხვა მოქმედი პირები, რომლებსაც ადგილობრივ არჩევნებამდე უფლებამოსილების ვადა არ ეწურებათ, თანამდებობებს თავად დატოვებენ.

„ასეთი შეთანხმება არ არსებობს. რა თქმა უნდა, შარლ მიშელის დოკუმენტით გათვალისწინებული ცესკოს წევრების დანიშვნის პროცესი ვრცელდება ახალ წევრებზე და პარტიულ წარმომადგენლობაზე. ჯამში ჩვენ 17 წევრი გვეყოლება, საიდანაც 10 იქნება ახალი, რაც ცესკოს განახლებას ნიშნავს. თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენი სურვილი იქნებოდა, იმ ადამიანებს, ვისაც ჯერ უფლებამოსილების ვადა არ გასვლიათ, მათაც მიეღოთ შერჩევის პროცესში მონაწილება და ისე მომხდარიყო მათი გადანიშვნა. ეს იქნებოდა, ჩვენი აზრით, იდეალური და სწორი. თუმცა, ვიღებ პასუხს, რომ ეს გათვალისწინებული არ არის შარლ მიშელის დოკუმენტში. ეს ანტიკონსტიტუციურად შეიძლება იყოს ჩათვლილი, თუ მოვითხოვდით არსებული წევრების და თავმჯდომარის ისეთივე პროცესით გადანიშვნას, როგორითაც ახალი წევრები ინიშნებიან “, - აღნიშნავს ჯაფარიძე.

რაც შეეხება შეკითხვას, მზადაა თუ არა ოპოზიცია, რომ ადგილობრივი არჩევნები თამარ ჟვანიას თავმჯდომარეობის პირობებში ჩატარდეს, არჩევნების შემდეგ კი მის შედეგებთან დაკავშირებით კითხვები ჟვანიას ფაქტორის გამო არ დასვას, როგორც ჯაფარიძე აცხადებს, საარჩევნო რეფორმამ უნდა უზრუნველყოს, რომ კონკრეტულ პიროვნებებზე აღარ იყოს დამოკიდებული არჩევნების შედეგები. „ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, სწორედ ამას ემსახურება ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები საარჩევნო კანონმდებლობაში, რომ კონკრეტულ პიროვნებებზე აღარ იყოს დამოკიდებული არჩევნების შედეგები იმ თვალსაზრისით, რომ ვერ მოახდინონ ზეგავლენა. ამას ემსახურება ის, რომ 10 ახალი წევრი იქნება, პლუს ტექნოლოგიური გაუმჯობესება, საჩივრების განხილვების სისტემა. შარლ მიშელის დოკუმენტში საუბარია, რომ უნდა შეიქნას სამეთვალყურეო საბჭოს მსგავსი, რომელიც საჩივრების განხილვის პროცესს დააკვირდება და რეკომენდაციებით მიმართავს ცესკოს თუ დაინახავს, რომ პროცესი ჯანსაღად არ მიმდინარეობს“, - აცხადებს ჯაფარიძე და დასძენს, რომ მნიშვნელოვანია ბევრი დამკვირვებელი იყოს წარმოდგენილი წინასაარჩევნო პერიოდშიც, რათა დარღვევები აღმოიფხვრას.

როგორც ჯაფარიძემ აღნიშნა, თუ კეთილსინდისიერად ჩატარებული არჩევნების შემთხვევაში „ქართული ოცნება“ მოახერხებს 43 პროცენტის გადალახვას, „ამას უნდა შევეგუოთ“.

"იმედი მაქვს, შევძლებთ, საბოლოო ჯამში, სრულად მივიღოთ ეს ცვლილებები. თუ გათვალისწინებული იქნება ოდირის და ეუთოს რეკომენდაციები, ვენეციის კომისიის რეკომენდაციები, ჩვენ მართლაც ვამცირებთ მანიპულაციების და გაყალბების რისკებს. თუმცა, ეს არ ნიშნავს რომ წინასაარჩევნო პერიოდში არ უნდა ვიყოთ მობილიზებულები. არ ვამხილოთ დამრღვევები, არ შევეწინააღმდეგოთ მცდელობას, რომ ზემოქმედება მოახდინონ ამომრჩეველზე. დამკვირვებლები, ოპოზიციის კოორდინირებული მუშაობა, მოგვცემს გარანტიას, რომ გაყალბების და დარღვევების რისკები მინიმუმადე დავიყვანოთ. თუ კეთილსინდისიერად ჩატარებული არჩევნების შემთხვევაში „ქართული ოცნება“ მოახერხებს 43 პროცენტის გადალახვას, რაც წარმოუდგენლად მეჩვენება დღევანდელი გადასახედიდან, ამას უნდა შევეგუოთ. ასევე, თუ დადგება მეორე შედეგი, უნდა შევთანხმდეთ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების თარიღზე“, - აღნიშნავს ჯაფარიძე.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - თუ დაინიშნა რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები, რისი ალბათობა რეალურია, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად ვერც ერთი პარტია გადამწყვეტ უმრავლესობას ვერ მოიპოვებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.06.2021
ვიქტორ ყიფიანი - მოსკოვს ჰიბრიდულ-რევიზიონისტული საგარეო კურსის შესანარჩუნებლად სჭირდება ჟენევის მსგავსი ფორმატები, ძველი ან ახალი „წითელი ხაზების“ მონიშვნით საკუთარი და სხვისი ძალების მოსინჯვა
შვეიცარული პრემიუმ ბრენდი HORMETA უკვე ხელმისაწვდომია საქართველოში, ექსკლუზიურად PSP-ში
ვაშლის და საზამთრო-ნესვის არომატი – "სნო" ზაფხულს წყლის ახალი არომატებით იწყებს (R)
მოგზაურობა ძველ თბილისში და კულინარიული სამოთხე გურმანებისთვის - თბილისში უნიკალური სივრცე „ბაზარი“ გაიხსნა
ბინა განვადებით ლარში - „თეთრი კვადრატის“ ექსკლუზიური შეთავაზება უძრავი ქონების ბაზარზე