ბადრი ჯაფარიძე - გიორგი გახარია ჩვენი კონკურენტი ვერ იქნება, ის ცალსახად „ქართული ოცნების“ თავის სატკივარია

„ლელო საქართველოსთვის“ საერთო კანდიდატთან დაკავშირებით ამ ეტაპზე არანაირ მოლაპარაკებებში ჩართული არ არის, მათ შორის არც „ნაციონალურ მოძრაობასთან“, - ამის შესახებ ფრაქცია „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“ თავმჯდომარე ბადრი ჯაფარიძემ ტელეკომპანია "პალიტრანიუსის" გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.

ჯაფარიძის თქმით, ყველა პარტიამ ჯერ თავისი სიები, მაჟორიტარები უნდა შეარჩიოს და ამის შემდეგ გახდება ცნობილი, არსებობს თუ არა შეთანხმების შესაძლებლობა.

„ვამბობ, რომ მოდით ყველა პარტიამ თავისი სიები, თავისი მაჟორიტარები შეარჩიოს და პარალელურად, მოვსინჯოთ, თუ არსებობს შეთანხმების შესაძლებლობა. მე ვფიქრობ, მიზანშეწონილი იქნება შეთანხმება. ახლა რაიონულ კონფერენციებს ვატარებთ და გვინდა, ჩვენი კანდიდატები არა მხოლოდ თბილისში, არამედ სხვა ქალაქებშიც გამოვკვეთოთ. ამ ეტაპზე ნაადრევია თქმა, როგორი კონფიგურაციით იქნება მოქმედება. ასევე, ახლა ძნელია ვთქვათ, გამარჯვების ფორმულა რა იქნება. დღეს, ახლა, არანაირ მოლაპარაკებებში საერთო კანდიდატთან დაკავშირებით ჩართული არ ვართ, მათ შორის არც „ნაციონალურ მოძრაობასთან“. არც კონსულტაციები მიმდინარეობს“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

მანვე აღნიშნა, რომ ერთტურიანი არჩევნების დროს კოორდინირება და შეთანხმება პროევროპულ, პროდასავლურ პარტიებს შორის აუცილებელია.

„ახლა „ლელო საქართველოსთვის“ საზრუნავია პარტიის რაიონული კონფერენციების ჩატარება, შესაბამისი რაიონული საბჭოების არჩევა და ასევე მაჟორიტარი დეპუტატების განსაზღვრა. როდესაც ამ სამუშაოს ჩავატარებთ, სხვა ოპოზიციური პარტიებიც მზად იქნებიან. მერე შეიძლება ვიმსჯელოთ, თუ რამდენად შესაძლებელია კოორდინირება მაჟორიტარი დეპუტატების დონეზე. ვფიქრობ, რომ ეს შესაძლებელია! ერთ ტურიანი არჩევნების დროს კოორდინირება და შეთანხმება პროევროპულ, პროდასავლურ პარტიებს შორის აუცილებელიც კია. დაველოდებით სხვა კოლეგების მხრიდან როგორ წავა პროცესები. ჩვენ გვინდა გამორჩეული არჩევნები იყოს, აღარ არსებობდეს ორპოლუსიანი სისტემა და იყოს მრავალპოლუსიანი მიდგომა“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

ჯაფარიძემ „სტრატეგია აღმაშენებლის“ მიერ მესამე პოლიტიკური ცენტრის შექმნის ინიციატივაზეც ისაუბრა. კითხვაზე, აქვს თუ არა „სტრატეგია აღმაშენებელს“ „ლელოსთნ“ კონსულტაციები და რა პერსპექტივა აქვს ახალი პოლიტიკური ცენტრის შექმნას, ჯაფარიძე აღნიშნავს, რომ ორივე პარტიას სურს ალტერნატიული პოლიტიკური მიზუდულობის ცენტრი შეიქმნას, თუმცა, ნაადრევია იმაზე საუბარი, თუ როგორი კონფიგურაციის იქნება ის.

“ჩვენ და „სტრატეგია აღმაშენებელი“ მოკავშირეები ვართ. ერთად შევუერთდით შარლ მიშელის დოკუმენტს. აქედან გამომდინარე, ჩვენი ურთიერთობა ძალიან მჭიდროა, ჩვენი კოორდინირება პარლამენტში და პარლამენტის გარეთ მჭიდრო და ახლო იქნება. შეიქმნება თუ არა ალტერნატიული მიზიდულობის ცენტრი, ჩვენ ჩვენი გეგმები გვაქვს, „სტრატეგია აღმაშენებელს“ თავისი გეგმა. იმ თვალსაზრისით, რომ ორივეს გვსურს ალტერნატიული პოლიტიკური მიზუდულობის ცენტრი შეიქმნას, აქ ჩვენი ხედვები ემთხვევა. ჩვენც ვხედავთ ამის საჭიროებას. ჩვენ ამ წუთას პარტიის საჭიროებებიდან ვმოქმედებთ, „სტრატეგია აღმაშენებელი“ თავისი პარტიის საჭიროებებით. ახლა ნაადრევია საუბარი, როგორ კონფიგურაციას მიიღებს ასეთი პოლიტიკური ცენტრი“,-აცხადებს ჯაფარიძე.

კითხვაზე, ხომ არ დაასწრებს ოპოზიციას ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია მესამე პოლიტიკური ცენტრის შექმნას, ჯაფარიძე აღნიშნავს, რომ გიორგი გახარია ოპოზიციის კონკურენტი ვერ იქნება, ის „ქართული ოცნების“ თავის სატკივარია“.

„ჩვენ ვსაუბრობთ ისეთი პოლიტიკური მიზიდულობის ცენტრის შექმნაზე, რომელიც მესამე არ იქნება, ლიდერობის პრეტენზია ექნება. ასეთის შექმნა გვინდა. ვფიქრობ, გახარია ჩვენი კონკურენტი ვერ იქნება, ის ცალსახად „ქართული ოცნების“ ამომრჩეველზეა ორიენტირებული, „ქართული ოცნების“ თავის სატკივარია, ვიდრე ჩვენი.

ეს ნათელია, მათი პარტიელების განცხადებებიდანაც ჩანს, რომ ოპოზიციურ ძალას არ წარმოადგენენ. ჩვენი ამოცანა რეალური პროდასავლური ოპოზიციური ფლანგის გაძლიერებაა. ამ ფლანგზე ძლიერი ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრის შექმნა დაეხმარება ოპოზიციურ ფლანგს, რომ გაზარდოს ელექტორატი“,- აღნიშნავს ჯაფარიძე.

ბადრი ჯაფარიძემ „ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტში შესვლაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ თუ „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში შევა, ეს აჩვენებს დასავლელ პარტნიორებს, რომ ოპოზიციას ერთმანეთში თანამშრომლობა შეუძლია, ოპოზიცია მათთვის ისეთი პარტნიორია, რომელსაც გამარჯვების პერსპექტივა აქვს.

„ვისურვებდი, ოპოზიცია სრულად იყოს წარმოდგენილი პარლამენტში, ეს გაგვაძლიერებს. მეორეს მხრივ, დაანახებს დასავლელ პარტნიორებს, რომ ოპოზიციას შეუძლია ერთმანეთში თანამშრომლობა, იყოს დასავლური სამყაროს ისეთი პარტნიორი, რომელსაც გამარჯვების პერსპექტივა აქვს. ვფიქრობ, ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია ოპოზიცია სრულად იყოს წარმოდგენილი, ეს „ნაციონალური მოძრაობის“ გადასაწყვეტია“,-აღნიშნავს ჯაფარიძე.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს