ნინო წილოსანი - ფაქტი, რომ გერმანიაში ლეგალური დასაქმება იყო და შეეძლოთ ხმამაღლა ესაუბრათ გაუსაძლის მოცემულობაზე, აპრიორი ამართლებს პროგრამის მნიშვნელობას - გადამოწმდება, რომ სხვა მოქალაქეები, არ აღმოჩნდნენ მსგავს ვითარებაში

ის ფაქტი, რომ ეს იყო ლეგალური დასაქმება და ამ ადამიანებს შეეძლოთ ხმამაღლა ესაუბრათ თავიანთი დასაქმების პირობებზე და იმ გაუსაძლის მოცემულობაზე, რომელშიც იყვნენ, აპრიორი ამართლებს ამ პროგრამის მნიშვნელობას, - ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, პარლამენტის აგრარული კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანი საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, სეზონურ სამუშაოებზე დასაქმებისთვის საქართველოდან გერმანიაში წასული 24 მოქალაქე უმძიმეს სამუშაო პირობებშია.

როგორც ნინო წილოსანმა „პალიტრანიუსის“ ეთერში, გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, დასაქმების სააგენტომ ყველა აუცილებელი ნაბიჯი გადადგა, ძირითადი პრობლემა მოგვარებულია და ამ ფაქტს რეაგირება აუცილებლად მიეცემა.

მისივე თქმით, პრევენციულად იქნება გადამოწმებული, რომ ჩვენი სხვა მოქალაქეები, რომლებიც ამ პროგრამით წავიდნენ, არ აღმოჩნდნენ მსგავს ვითარებაში.

,,თუნდაც ის მძიმე კადრები, რომელიც ყველამ ვნახეთ და რომელზეც რეაგირება მაქსიმალურად ეფექტურად უნდა განხორციელდეს, დროულად გამოსწორდეს ის პირობები, ვერ დააყენებს პროექტის მიზნობრიობას და მის მნიშვნელობას ეჭვქვეშ. ის ფაქტი, რომ ეს იყო ლეგალური დასაქმება და ამ ადამიანებს შეეძლოთ ხმამაღლა ესაუბრათ თავიანთი დასაქმების პირობებზე და იმ გაუსაძლის მოცემულობაზე, რომელშიც იყვნენ, აპრიორი ამართლებს ამ პროგრამის მნიშვნელობას. ბევრ სხვა შემთხვევაში შეიძლება ჩვენი მოქალაქეები ვერც კი ამჟღავნებენ და საუბრობენ დასაქმების მძიმე პირობებზე. კონტრაქტის ფარგლებში დამსაქმებელს დაეკისრება სათანადო პასუხისმგებლობა და დასაქმების სააგენტომ ყველა აუცილებელი ნაბიჯი გადადგა. დღეს ძირითადი პრობლემა მოგვარებულია და აუცილებლად მიეცემა მას რეაგირება, ასევე პრევენციულად იქნება გადამოწმებული, რომ ჩვენი სხვა მოქალაქეები, რომლებიც ამ პროგრამით წავიდნენ არ აღმოჩნდნენ მსგავს ვითარებაში. მიუხედავად იმისა, რომ გერმანია ყველასთვის ასოცირდება მშრომელების უფლებების დაცვასთან და ღირსეულ დასაქმების პირობებთან, იქაც შეიძლება მსგავსი ფაქტები აღმოჩნდეს და მთავარია რეაგირება გაკეთდეს.

შეიძლება კარგად ჟღერდეს, რომ „რატომ უნდა იყოს იძულებული საქართველოს მოქალაქე წავიდეს მიგრაციით სხვა ქვეყანაში“, თუნდაც ეკონომიკურად უფრო ძლიერ ქვეყანაში, ისეთი როგორიც გერმანიაა, ამაზე გულისწყრომა შესაძლოა სასიამოვნო მოსასმენი იყოს, თუმცა არა გონივრული. მთელს ევროპაში ძალიან ინტენსიურია სამუშაო მიგრაცია, განსაკუთრებით აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან გადადიან დასავლეთ ევროპის ქვეყნებში, სადაც უკეთესი ანაზღაურების და დასაქმების პირობებია. ამაში არაღირსეული არაფერი არ არის და თუ ეს მათ ყოფით პირობებს გააუმჯობესებს და შემოსავალს გაზრდის, რა თქმა უნდა კარგია“, - აღნიშნა ნინო წილოსანმა.

ცნობისთვის, საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების ინფორმაციით, სეზონურ სამუშაოებზე დასაქმებისთვის საქართველოდან გერმანიაში წასული 24 მოქალაქე უმძიმეს სამუშაო პირობებშია. როგორც საქართველოს პროფკავშირების გაერთიანებაში აღნიშნავენ, მათ შორის ისინი დაპირებულ ანაზღაურებას ვერ იღებენ და ხელფასი საათში დაპირებული 9 ევროს ნაცვლად 3 ევროა. საქართველოდან გერმანიაში ჯამში 54-კაციანი შემადგენლობით 4 ჯგუფი იმყოფება.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს