კარლ ჰარცელი - კონკურსი Meliora წელს უკვე მესამედ ტარდება და ევროკავშირი ამაყობს, რომ წვლილი შეაქვს აღნიშნული კონკურსის არსებობასა და ორგანიზებაში

ბიზნესის კონკურსი Meliora წელს უკვე მესამედ ტარდება. კონკურსში მონაწილეობისთვის განაცხადი 60-ზე მეტმა კომპანიამ შემოიტანა, ხოლო ოფიციალურად მხოლოდ ოთხი გამარჯვებული დასახელდება, - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა განაცხადა.

მისივე თქმით, ევროკავშირში მიღებული გამოცდილება აჩვენებს, რომ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა ბიზნესისათვის მომავალზე ორიენტირებულ სტრატეგიას წარმოადგენს.

„მინდა მოგესალმოთ პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსი Meliora-ს 2020 წლის დაჯილდოების ცერემონიალზე.

აღნიშნული კონკურსი წელს უკვე მესამედ ტარდება და ევროკავშირი ამაყობს, რომ საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრისა (CSRDG) და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით საკუთარი წვლილი შეაქვს აღნიშნული ყოველწლიური კონკურსის არსებობასა და ორგანიზებაში.

საქართველოში მოქმედ კომპანიებში კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ხელშეწყობის ღონისძიებების გატარება ჩვენს საერთო მიზანს წარმოადგენს. ამიტომ, ძალიან მოხარული ვარ, რომ ამ წელს განაცხადი 60-ზე მეტმა კომპანიამ შემოიტანა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ უკვე საკმაოდ მყარი საფუძველია შექმნილი.

პანდემია ამ წლის ჯილდოების მთავარი თემაა და ეს სწორიცაა. COVID-19 არის გამოწვევა, რომელსაც ერთად უნდა გავუმკლავდეთ. მიუხედავად იმისა, რომ დღეს ოფიციალურად მხოლოდ ოთხი გამარჯვებული დასახელდება, მინდა ყველა მონაწილე კომპანიას მივულოცო და მადლობა გადავუხადო ამ სფეროში გაწეული მუშაობისათვის. თქვენი ძალისხმევა ძალზედ დასაფასებელია“, - განაცხადა ჰარცელმა.

მისივე თქმით, უნდა გვახსოვდეს, რომ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა მხოლოდ გამონაკლის გარემოებებსა და საგანგებო მდგომარეობაზე რეაგირებას არ გულისხმობს.

„კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა ნიშნავს მასშტაბური სოციალური საკითხების გადაწყვეტაში მონაწილეობას და მიღწეული შედეგების ეფექტიანობისა და მდგრადობის უზრუნველყოფას.

ევროკავშირში მიღებული გამოცდილება ასევე გვიჩვენებს, რომ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა ბიზნესისათვის მომავალზე ორიენტირებულ სტრატეგიას წარმოადგენს. როგორც თანამშრომლები, ასევე მომხმარებლები სულ უფრო და უფრო მეტად ითხოვენ კომპანიებისაგან გამჭვირვალობას და ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული, სოციალური, კულტურული და გარემოსდაცვითი საკითხების მოგვარებაში აქტიურ მონაწილეობას.

როდესაც კომპანიები ამგვარ დაკვეთაზე სათანადოდ რეაგირებენ, ეს ხელს უწყობს კომპანიის მიმართ ერთგულების გრძნობის გაჩენას და დამსაქმებლებსა და თანამშრომლებს შორის უფრო მჭიდრო კავშირის ჩამოყალიბებას, ასევე მომხმარებლების მხრიდან ბრენდის მიმართ ნდობასა და ერთგულებას.

და ბოლოს, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა ასევე წარმოადგენს საერთაშორისო ნდობის მოპოვების საშუალებას. მას შეუძლია, ხელი შეუწყოს ურთიერთობებს ევროპულ ბაზრებთან და დაეხმაროს ქართულ ბიზნესს, უკეთ ისარგებლოს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის ფარგლებში შემოთავაზებული შესაძლებლობებით“, - განაცხადა ევროკავშირის ელჩმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო