სისხლის სამართალწარმოების პროცესში აღდგენითი მართლმსაჯულების მექანიზმების გამოყენების გაფართოების მიზნით შეხვედრა გაიმართა

ევროკავშირის სასამართლოს მხარდაჭერის პროექტის ფარგლებში, სისხლის სამართალწარმოების პროცესში აღდგენითი მართლმსაჯულების მექანიზმების გამოყენების გაფართოების მიზნით სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელშიც საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე ნათია მერებაშვილი, გაერო-ს ბავშვთა კომიტეტის თავმჯდომარე რენატე ვინტერი, ევროკავშირის ექსპერტი ივო ერცენი, იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე ლადო ჯავახიშვილი და გენერალური პროკურატურისა და იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გენერალური პროკურატურიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში, გენერალური პროკურატურისა და იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლებმა, ევროკავშირის ექსპერტთან, ლუვენის უნივერსიტეტის კრიმინოლოგიის ინსტიტუტის დირექტორ, პროფესორ ივო ერცენთან ერთად სისხლის სამართალწარმოების პროცესში აღდგენითი მართლმსაჯულების გაფართოების აუცილებლობაზე იმსჯელეს.

როგორც სამუშაო შეხვედრაზე აღინიშნა, აღდგენითი მართლმსაჯულება დანაშაულის ჩამდენ და დაზარალებულ პირთა ინტერესების გამოვლენის, დაკმაყოფილების და დაბალანსების შესაძლებლობას იძლევა, ხელს უწყობს დანაშაულის ჩამდენი პირის პასუხიმგებლობის გრძნობის გაძლიერებას და საზოგადოებაში მის შემდგომ რეინტეგრაციას.

ქართულ სამართლებრივ სივრცეში აღდგენითი მართლმსაჯულების კონცეფციის დანერგვა 2010 წელს, არასრულწლოვანთა განრიდება-მედიაციის პროგრამის ამოქმედებით დაიწყო. საწყის ეტაპზე არასრულწლოვანთა მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის ალტერნატიული მექანიზმების გამოყენება ერთგვარ გამოწვევას წარმოადგენდა, თუმცა არსებული საერთაშორისო პრაქტიკა იძლეოდა რა მყარ გარანტიას, რომ აღდგენითი მართლმსაჯულების ღონისძიებები კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნებისთვის რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის ეფექტიან მექანიზმსა და არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესებზე დაფუძნებული მართლმსაჯულების განხორციელების საფუძველს ქმნიდა, პროკურატურამ ეს გამოწვევა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების რეფორმირების საწყის ეტაპზევე მიიღო.

უკვე არსებულმა პრაქტიკამ ცალსახად დაადასტურა აღდგენითი მართლმსაჯულების მნიშვნელობა და როლი ტრადიციულ სამართალწარმოებაში. განრიდება-მედიაციის პროგრამის ფარგლებში, აღდგენითი მართლმსაჯულების დანერგვამ ხელი შეუწყო კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა მიერ დანაშაულის გაცნობიერებას, პასუხისმგებლობის გრძნობის გაზრდას, დაზარალებულის საჭიროებების გათვალისწინებას, ასევე, შესაძლებელი გახადა დანაშაულის ჩამდენსა და დაზარალებულს შორის დიალოგი.

არასრულწლოვანთა და 18-დან 21 წლამდე ასაკის პირთა განრიდების პროგრამის შედეგებისა და განრიდების პროგრამაში მედიაციის პროცესის განსაკუთრებული მნიშვნელობის გათვალისწინებით, საქართველოს პროკურატურა მხარს უჭერს აღდგენითი მართლმსაჯულების გაფართოებას როგორც განრიდების პროცესის მიღმა, ისე ზრდასრულ ბრალდებულ და მსჯავრდებულ პირთა მიმართ.

სამუშაო შეხვედრაზე აღდგენითი მართლმსაჯულების მექანიზმების გამოყენების გაფართოების შესაძლებლობებთან ერთად, განხილულ იქნა ამ მიმართულებით პრაქტიკაში მოსალოდნელი სირთულეები. ასევე, მსჯელობა გაიმართა აღდგენითი მართლმსაჯულების გაფართოებისთვის აუცილებელი საკანონმდებლო ჩარჩოს შექმნის შესახებ.

საქართველოს პროკურატურა, აღდგენითი მართლმსაჯულების მექანიზმების გამოყენების გაფართოების მიზნით, ევროკავშირთან, საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და სხვა პარტნიორ უწყებებთან აქტიურ თანამშრომლობას გააგრძელებს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა