ხათუნა სამნიძე - როცა მსოფლიო უყურებდა, როგორ გაიტაცა ლუკაშენკომ თავისუფლებისთვის მებრძოლი ადამიანი და მწვავე რეაქცია ჰქონდათ, ჩვენ ვნახეთ შიშნარევი „ტვიტი“ საქართველოს საგარეო უწყების

სამწუხაროდ, დღეს თავისუფლებისთვის მებრძოლ ადამიანებს როდესაც იჭერენ და მძევლად აჰყავთ, სათანადო რეაქცია არ აქვთ ჩვენი ქვეყნისგან. რომან პროტასევიჩი, რომელიც ლუკაშენკომ მძევლად აიყვანა, უნდა გათავისუფლდეს დაუყოვნებლივ, - ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარემ, დეპუტატმა ხათუნა სამნიძემ საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე ბელარუსი ჟურნალისტის რომან პროტასევიჩის დაკავების ფაქტის შეფასებისას განაცხადა.

მისი თქმით, მაშინ, როდესაც მთელი მსოფლიო უყურებდა, როგორ გაიტაცა და მძევლად აიყვანა ბელარუსის ხელისუფლებამ თავისუფლებისთვის მებრძოლი ადამიანი, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ამ ფაქტის შეფასებისას მხოლოდ შიშნარევი „ტვიტი“ გამოაქვეყნა და ეს იმ დროს, როდესაც მთელს მსოფლიოს ძალიან მწვავე რეაქცია ჰქონდა.

„აქ ბევრს ვსაუბრობთ თავისუფლებისთვის მებრძოლ ჩვენს გმირებზე, მაგრამ, სამწუხაროდ, დღეს თავისუფლებისთვის მებრძოლ ადამიანებს როდესაც იჭერენ და მძევლად აჰყავთ, სათანადო რეაქცია არ აქვთ ჩვენი ქვეყნისგან, რომელიც ვალდებულია, ასეთ დროს ძალიან მკაფიო, მკაცრი და ხმამაღალი განცხადებები ჰქონდეს. მაშინ, როდესაც მთელი მსოფლიო უყურებდა, როგორ გაიტაცა ლუკაშენკომ, მძევლად როგორ აიყვანა თავისუფლებისთვის მებრძოლი ადამიანი, ჩვენ ვნახეთ შიშნარევი „ტვიტი“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსგან, მაშინ, როდესაც მთელს მსოფლიოს ძალიან მწვავე რეაქცია ჰქონდა ამ ტერორისტულ აქტზე. ლუკაშენკოს რეჟიმი, ისევე როგორც პუტინის რეჟიმი, არის ტერორისტული რეჟიმები, რომლებიც კლავენ, ძარცვავენ და აწამებენ. ისინი საფრთხეს უქმნიან მთელს ევროპას, მთელს მსოფლიოს.

ჩვენი მოვალეობა, როგორც ქვეყნის, რომელიც ათწლეულების განმავლობაში ვებრძვით საბჭოთა და რუსულ ოკუპაციას, რომლებიც ვიბრძვით ადამიანის უფლებებისა და ღირსებისთვის, უნდა გვქონდეს ძალიან მკაფიო რეაქცია და გვერდით უნდა დავუდგეთ თავისუფლებისთვის მებრძოლ ადამიანებს. რომან პროტასევიჩი, რომელიც ლუკაშენკომ მძევლად აიყვანა, უნდა გათავისუფლდეს დაუყოვნებლივ და მე იმედი მქონდა, რომ პარლამენეტში ამის თაობაზე იქნებოდა ძალიან ხმამაღალი განცხადებები, მაგრამ ამის ნაცვლად, სამწუხაროდ, ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარისგან მოვისმინე საჯარო განცხადება, რომ სიძულვილის ენას ხომ ვერ გამოიყენებს ჩვენი საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადების გაკეთების დროსო. სიძულვილის ენა კი არა, უნდა იყოს მკაფიო და მკაცრი პოზიცია ჩვენი ქვეყნისგან, იმიტომ, რომ ეს არის ჩვენი ვალი, იმიტომ, რომ ეს ადამიანები, რომლებიც რეპრესიებს გაურბიან, ამ ქვეყანაში მოდიან თავშესაფარში, ამ ქვეყანაში ელოდებიან, რომ მათ მეგობრები დახვდებიან და ჩვენგან უნდა ისმოდეს ძალიან მკაფიო განცხადება, რა პოზიცია გვაქვს ამაზე და ყველა თავისუფალი ადამიანის გვერდით უნდა დადგეს ჩვენი ქვეყანა, მყარად თავისუფლების დასაცავ და იმედი მაქვს, რომ მეტ განცხადებას მოვისმენთ, უფრო მკაცრს ამ მოვლენასთან დაკავშირებით“,- განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო