ნიკა მელია - საჭიროა, ოპოზიციამ შესაშური კოორდინაცია გამოიჩინოს - დარწმუნებული ვარ, ოპოზიცია უმრავლეს ოლქებში ძალთა გაერთიანებით, საერთო კანდიდატებით წარსდგება

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას განცხადებით, მას პარლამენტში შესვლის საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ციხიდან გამოსვლისთანავე მიღებული ჰქონდა.

როგორც მელია განმარტავს, აღნიშნული საკითხის მხოლოდ რამდენიმე ადამიანის აზრით გადაწყვეტა პოლიტიკურად არაკორექტულია.

„პირადად მე, გადაწყვეტილება ციხიდან გამოსვლისთანავე ჩამოყალიბებული მქონდა, ისევე როგორც უამრავ ადამიანს ჩვენს პარტიაში, მაგრამ პოზიციების შეჯერება და კონსოლიდირება მნიშვნელოვანია არამხოლოდ პოლიტიკურ პროცესში როცა ხარ ჩართული. თუ ვინმეს, თუნდაც, ტელეკომპანია „იმედის“ მაყურებელს ჰგონია, ან ეგონა, რომ მე, ან თუნდაც, 10 კაცი დამოუკიდებლად მივიღებდით გადაწყვეტილებას, ისე,რომ 3 თვის განმავლობაში ელემენტარული ურთიერთობის შესაძლებლობა არ მქონდა, კი, ეს შეიძლება დასაშვები ყოფილიყო, მაგრამ, ჩემი აზრით, რბილად რომ ვთქვათ, პოლიტიკურად არაკორექტული იქნებოდა. როცა მნიშვნელოვან საკითხებზე გადაწყვეტილების მიღებას ვაპირებ, ფართო მსჯელობა უნდა გაიმართოს იმდენად დიდ პოლიტიკურ გაერთიანებაში, სადაც განსხვავებული, სხვადასხვა კატეგორიის ამომრჩეველი ჰყავს პარტიას. ასეთ შემთხვევაში, როცა ასეთ მსჯელობას აქვს ადგილი, გადაწყვეტილება როგორც წესი, არის სწორი. ამიტომ, ეს პროცესი წარვმართეთ და ვფიქრობ, რომ სწორად წარვმართეთ და უახლოეს პერიოდში საბოლოო გადაწყვეტილება იქნება. საბოლოო გადაწყვეტილება იქნება მრავალ საკითხთან დაკავშირებით“, - განაცხადა მელიამ.

როგორც მან განმარტა, ისინი ეროვნულ დონეზე გამარჯვებისთვის ემზადებიან და არა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის.

„ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის არ ვემზადებით, რადგან ეს არ უნდა იყოს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, ჩვენ ვემზადებით იმ პრობლემების გადასაჭრელად, რომელიც მუნიციპალურ დონეზე დგას დღის წესრიგში, მაგრამ ეს არის ერთი ნაწილი მხოლოდ იმ პრობლემებისა, რომელიც უნდა გადაწყდეს. მთავარი, რისთვისაც ვემზადებით, ეს არის ეროვნულ დონეზე გამარჯვებისთვის, რომ ხელისუფლება შეიცვალოს არამხოლოდ თვითმმართველობის დონეზე, არამედ ამ ქვეყანაში ჩატარდეს ახალი საპარლამენტო არჩევნები. ამისთვის საჭიროა, ოპოზიციამ გამოიჩინოს შესაშური კოორდინაცია ერთმანეთთან და ამ მაღალი კოორდინაციის პირობებში მე ეჭვი არ მეპარება, რომ ბიძინა ივანიშვილის წარმომადგენლები რეჟიმის სახით დამარცხდებიან და ისინი არათუ 43%-ს ვერ აიღებენ, ბევრად ნაკლებ პროცენტს აიღებენ. დარწმუნებული ვარ, ოპოზიცია უმრავლეს ოლქებში წარსდგება ძალთა გაერთიანებით, ანუ საერთო კანდიდატებით. როცა ჩვენ ვსაუბრობთ, რომ დასამარცხებელია ადამიანი, რომელსაც მიტაცებული აქვს აბსოლუტურად უკანონოდ ქვეყნის მართვის სადავეები, ამ დროს, შენ უნდა უპირისპირებდე ერთობას, დაქსაქსულობა ვინმეს თუ აწყობს, ბიძინა ივანიშვილს აწყობს, ამას ოპოზიციაში ყველა ვიაზრებთ, უბრალოდ ტაქტიკაზე, სტრატეგიაზე შევთანხმდებით, პარალელურად მიმდინარეობს მათთან კონსულტაციები და დისკუსიები, ამ მიმართულებითაც გადაწყვეტილებებს უახლოეს პერიოდში საზოგადოებას ვამცნობთ.

ყველაზე სწორი, რაც უნდა გავაკეთოთ, შემდეგია - გამარჯვების კამპანია უნდა ვშობოთ, გამარჯვების კამპანიას უნდა ადევნებდეს თვალ-ყურს ქვეყნის მოსახლეობა, გამარჯვების კამპანიისთვის უნდა ვუხმოთ და არა მონაწილეობა მონაწილეობისთვის უნდა დაფიქსირდეს ოქტომბრის თვეში. ასეთ შემთხვევაში, თბილისის მერობის კანდიდატი ვიქნები, უბრალოდ ეროვნულ დონეზე ვიქნები ადამიანი, რომელიც ბრძოლის ავანგარდში იქნება, ჩემთვის გულახდილად გეუბნებით, უბრალოდ, უმნიშვნელოც არის, მე მაინტერესებს შედეგი, რომლიც სამწუხაროდ, დროში გაიწელა“, - განაცხადა მელიამ.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს