გიორგი ვაშაძე - დიდება გმირებს, დიდება გენერალ კვინიტაძეს, რომელიც არის მართლაც გამორჩეული მთავარსარდალი საქართველოს ისტორიაში

“დიდება გმირებს, დიდება გენერალ კვინიტაძეს, რომელიც არის მართლაც გამორჩეული ქართველი მთავარსარდალი საქართველოს ისტორიაში, - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლებამ და საზოგადოებამ ქართველ გმირებს პატივი მუდამ უნდა მიაგოს.

"გენერალ კვინიტაძეს ომი არ წაუგია, ის არის სულისჩამდგმელი სწორედ ქართული არმიის, რომელიც იცავდა საქართველოს ოკუპაციისგან 1921 წელს. ჩვენი ვალია, პატივი მივაგოთ გმირებს. პატრიოტიზმი, სამშობლოს სიყვარული სწორედ ქართველი გმირების პატივისცემაზე, მათ მიერ გაკეთებული საქმის წარმოჩენაზეა დამოკიდებული. გულისტკენით მინდა აღვნიშნო, რომ დილით ვიყავი მერაბ კოსტავას სახლ-მუზეუმში, მისი დაბადების დღეა დღეს. გმირებს პატივს უნდა ვცემდეთ ყოველთვის, არ უნდა იყოს მიგდებული მისი სახლ-მუზეუმი და მას უნდა ჰქონდეს სახელმწიფოს მხრიდან ძალიან დიდი პატივისცემა, იმიტომ, რომ დღეს გენერალი კვინიტაძე სწორედ მის გვერდით იპოვის საბოლოო განსასვენებელს მთაწმინდის პანთეონში, ყველა ჩვენს გმირს, ჩვენი წარსულიდან განსაკუთრებულ პატივს უნდა ვცემდეთ. ჩვენს შვილებს სწორედ ამაზე უნდა ვზრდიდეთ. საქართველოს იდეა სწორედ ამით გაძლიერდება",- განაცხადა ვაშაძემ.

საქართველოს პირველი რესპუბლიკის ჯარების მთავარსარდლის, ეროვნული გმირის, გენერალ გიორგი კვინიტაძის ნეშტი საფრანგეთიდან სამშობლოში 22 მაისს ჩამოასვენეს. გენერალ გიორგი კვინიტაძეს მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დღეს სამხედრო პატივით დაკრძალავენ.

გიორგი კვინიტაძე 1874 წლის 21 აგვისტოს დაიბადა. მან სამხედრო განათლება თბილისსა და პეტერბურგში მიიღო. საქართველოს პირველი რესპუბლიკის შექმნამდე, 1917 წლის მეორე ნახევრიდან, აქტიურად მონაწილეობდა ქართული შეიარაღებული ძალების ჩამოყალიბების პროცესში. დიდი წვლილი შეიტანა, 1919 წელს, ქართული სამხედრო სკოლის დაარსებაში და იყო მისი პირველი ხელმძღვანელი. 1918-1921 წლებში აქტიურად მონაწილეობდა სხვადასხვა ფრონტზე მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში. რუსეთ-საქართველოს 1921 წლის ომის მიმდინარეობისას, 16 თებერვალს, ხელმეორედ დაინიშნა შეიარაღებული ძალების მთავარსარდლად. საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, გენერალი კვინიტაძე, მთავრობისა და სარდლობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად, ემიგრაციაში წავიდა. ცხოვრობდა საფრანგეთში, სადაც 1970 წელს გარდაიცვალა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა