ხათუნა ლაგაზიძე - იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრების არჩევით, „ქართულმა ოცნებამ“ ევროკავშირსა და აშშ-ს 19 აპრილის  ხელშეკრულება თავზე დაახია

პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე მიიჩნევს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ოთხი მოსამართლე წევრის არჩევით, „ქართულმა ოცნებამ“ ევროკავშირსა და აშშ-ს 19 აპრილის ხელშეკრულება თავზე დაახია.

როგორც მან „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ხელისუფლება მედიატორების მხრიდან შემოთავაზებული დოკუმენტის პუნქტებს ხელაღებით არღვევს.

„ფაქტობრივად, ამ გადაწყვეტილებით „ქართულმა ოცნებამ“ თავზე დაახია 19 აპრილის ხელშეკრულება ევროკავშირს და აშშ-ს, სხვა ამას არაფერი ჰქვია, მით უფრო, 2 დღე ზედიზედ, სანამ აღნიშნულ გადაწყვეტილებას მიიღებდნენ, ძალიან მკაფიო მოწოდებები და განცხადებები ისმოდა როგორც ევროკავშირის, ასევე აშშ-ის საელჩოს მხრიდან, რომ სანამ რეფორმები არ განხორციელდებოდა, თავი შეეკავებინათ ამ დანიშვნებისგან. რა შედეგი მივიღეთ, ეს გუშინ ვნახეთ. ამაში მოულოდნელი არაფერი იყო იმიტომ, რომ არაერთი მაგალითი გვაქვს, საქართველოს ხელისუფლება როგორ არღვევს მიცემულ პირობას, იგივე დასავლეთთან. ამის ყველაზე ნათელი ნიმუშია საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებული პირობის დარღვევა. 2019 წლის 20 ივნისის შემდეგ, ხელისუფლებამ პირობა დადო, რომ პროპორციულ არჩევნებზე გადავიდოდა და შემდეგ, რა ძალისხმევა დაუჯდა ერთი მხრივ, ოპოზიციას და მეორე მხრივ, დასავლეთს, დაეთანხმებინა 120/30-ზე ფორმულაზე, ესეც ძალიან კარგად გვახსოვს. ამ ხელშეკრულების გაფორმებისთანავე ვამბობდი, „ქართული ოცნება“ ყველაფერს გააკეთებდა იმისთვის, რომ მისი ყველა პუნქტი საკუთარ თავზე მოერგო, რაც ავტომატურად ხელშეკრულების დარღვევას ნიშნავს. ჩვენ ამას ვუყურებთ ახლა ზუსტად. ბოლო დღეებში მიმდინარე ბატალიების ფონზე ჩაიკარგა, მაგრამ მეორე საკითხიც ხელშეკრულებასთან პირდაპირ კავშირშია. ეს არის ის, რომ „ქართული ოცნების“ დეპუტატების ნაწილი საარჩევნო კოდექსში ცვლილებებს ეწინააღმდეგება, რომლის თანახმადაც, საკრებულოებში უნდა შემციდეს მაჟორიტარული წესით არჩეული საკრებულოს წევრების რიცხვი და პროპორციული წესით არჩეული წევრების რიცხვი გაიზარდოს. „ქართული ოცნების“ დეპუტატების ნაწილი უკვე გამოვიდა ამ ცვლილების წინააღმდეგ. ეს გაჭრილი ვაშლივით იმ „ბუნტს“ ჰგავს, რომელიც „ქართული ოცნების“ ყველაზე ლოიალურმა და ყველაზე მყარმა დეპუტატებმა წამოაყენეს საპარლამენტო არჩევნების დროს, ახლაც ზუსტად იგივე თემასთან გვაქვს საქმე. უკვე მესამე პუნქტია, რომლის დარღვევასაც ასე ხელაღებით ცდილობს „ქართული ოცნება“, - განაცხადა ლაგაზიძემ.

მისი შეფასებით, დასავლეთმა უნდა დაიწყოს ფიქრი, რა ფორმებით და გზით აიძულოს საქართველოს ხელისუფლება, რომ მის მიერ აღებული ვალდებულებები შეასრულოს.

„აქამდე დასავლეთის მხრიდან მსგავსი მექანიზმები ამოქმედებული არ გვინახავს. ამ მექანიზმების გარეშე გარწმუნებთ, კიდევ უფრო გაუთამამდება „ქართული ოცნება“ თავის დასავლელ პარტნიორებს ხელშეკრულების დარღვევის თვალსაზრისით და არა მარტო“,-განაცხადა ლაგაზიძემ.

როგორც მან აღნიშნა, ხელისუფლებას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ოთხი მოსამართლე წევრის დანიშვნა ე.წ. კლანური მმართველობის გასაძლიერებლად სჭირდება.

„ხელისუფლებას ახლა განსაკუთრებით სჭირდება ლოიალური და მომადლიერებული სასამართლო სისტემა, როცა სასწორზე დგას რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა-არდანიშვნის და „ქართული ოცნების“ მიერ 40%-ის აღება-არაღების საკითხი. ამიტომ, როდესაც ხელისუფლებამ აწონ-დაწონა, რა უღირდა მას, დასავლეთის კეთილგანყობის შენარჩუნება, თუ მოსამართლეების კეთილგანწყობის და მისთვის ლოიალური სასამართლო სისტემის კიდევ უფრო გამყარება, არჩევანი გააკეთა ლოიალური და მადლიერი სასამართლოს სასარგებლოდ. როგორც ჩანს, ჩათვალა, რომ ზარალი და რისკი გაცილებით მეტი იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუ მისთვის ლოიალურ მოსამართლეებს გაანაწყენებდა, ვიდრე დასავლეთის განაწყენების შემთხვევაში. დასავლეთი სიტყვიერი შეშფოთება-აღშფოთების იქით არ მიდის და აქეთ ცოცხალი ძალაა, რომელმაც უნდა გადაუწყვიტოს არჩევნების ბედი და არა მხოლოდ, სწორედ ეს არჩევანი გაკეთდა“, - განაცხადა ლაგაზიძემ.

ცნობისთვის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ოთხ მოსამართლე წევრად თემურ გოგოხია, ლევან მიქაბერიძე, ბადრი შონია და გოჩა აბუსერიძე აირჩიეს. მათ კანდიდატურას მოსამართლეთა რიგგარეშე XXIX კონფერენციაზე მხარი მოსამართლეთა კორპუსის უმრავლესობამ დაუჭირა.

ხმათა რაოდენობა ასე გადანაწილდა: აბუსერიძე გოჩა - 274 ხმა, ლევან მიქაბერიძე - 283 ხმა, ბადრი შონია - 281 ხმა, თემურ გოგოხია - 278 ხმა.

ოთხივე მათგანი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლის თანამდებობაზე 4 წლის ვადით აირჩიეს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს