ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ ეს ამნისტიის კანონპროექტი განსხვავდება ყველა სხვა აქამდე დაინიცირებული ამნისტიის კანონპროქტებისგან, რადგან ის გაჯერებულია პოლიტიკური შემადგენელი კომპონენტებით, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტის საფუძველი, განსხვავებით წინა ამნისტიებისგან, არის შარლ მიშელის შეთანხება.
„შარლ მიშელის შეთანხმებიდან გამომდინარე, ეს ამნისტიის კანონპროექტი არის გაჯერებული პოლიტიკური შემადგენელი კომპონენტებით. ყველასთვის კარგად ცნობილია, რომ ამნისტია არის სახელმწიფოს მხრიდან პოლიტიკური აქტი, კონკრეტულ გარემოებებზე დაყრდნობით, ერთჯერადი და განსაკუთრებული ღონისძიება. ჩვენ ხაზგასმით ვამბობთ, რომ „ქართული ოცნება“ რჩება ერთგული ევროპული შეთანხმების. ჩვენ ვრჩებით ერთგული იმ ნაკისრი ვალდებულების, რომელიც არის ამ შეთანხმებაში გაწერილი ამნისტიასთან დაკავშირებით. მიგვაჩნია, რომ ის ტექსტი, რომელიც შარლ მიშელის დოკუმენტშია წარმოდგენილი ამნისტიასთან დაკავშირებით ზედმიწევნით უნდა დავიცვათ და სწორედ ამის შესაბამისად უნდა მივიღოთ ამნისტიის კანონპროექტი. ჩვენ ამნისტიის კანონპროექტს არ ვუყურებთ განყენებულად როგორც ცალკე ამნისტიის კანონპროექტს, ეს არის ამ შეთანხმებაში ჩადებული მთელი რიგი ნაკისრი ვალდებულებების ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი. იცით, რომ შარლ მიშელის დოკუმენტის ხელმომწერმა პარტიებმა მაღალი პოლიტიკური კულტურა და პასუხისმგებლობა გამოავლინეს. ჩვენ ამას ყველა პარტიაზე ვერ ვიტყვით. ვისაც ხელი დღემდე არ მოუწერია, რა თქმა უნდა, მათ ეს მაღალი პოლიტიკური კულტურა და პასუხისმგებლობა არ გამოუვლენიათ. „ქართული ოცნება“ იყო და რჩება პარტია, რომელიც სახელმწიფო ინტერესებზე მაღლა არაფერს აყენებს, პირიქით, ის პარტიული თუ სუბიექტური ინტერესები ჩვენ უკანა პლანზე გადავწიეთ და წინ სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი ინტერესები წამოვწიეთ. ინტერესები, რაც ამ შეთანხმებაშია ჩადებული, შეეხება პოლიტიკური თანამშრომლობის კულტურის გამოვლინებას საპარლამენტო უმრავლესობასა და ოპოზიციურ პარტიებს შორის, თანამშრომლობის ახალ საფეხურზე გადასვლას და რაც მთავარია, პოლარიზიაციისა და ესკალაციის შემცირებას. ჩვენი ამოცანაა, დავრჩეთ ერთგულნი ჩვენი პარტნიორების, ევროპული ღირებულების და სახელმწიფო ინტერესების. ჩვენი ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია პოლარიზაციის შემცირება და დეესკალაციის პოლიტიკის გატარება“, - განაცხადა ოხანაშვილმა.