კარლ ჰარცელი - საქართველოს ყველაფერი აქვს ცაში ასაჭრელად, თუმცა სამართლიანობა მოითხოვს ითქვას, რომ გარკვეული რაოდენობის ქვის ნატეხებისა კვლავაც რჩება საფრენ ბილიკზე

გადაუჭარბებლად ვიტყვი, რომ საქართველოს ყველაფერი აქვს ცაში ასაჭრელად, ბალისტიკური ხომალდითაც კი. მე არაერთხელ გავხდი მოწმე ასაფრენი ბილიკის დაბრკოლებებისგან გაწმენდისა, თუმცა სამართლიანობა მოითხოვს ითქვას, რომ გარკვეული რაოდენობის ქვის ნატეხებისა კვლავაც რჩება საფრენ ბილიკზე, - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა საქართველოს მთავრობისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის, საქართველოს ეროვნული პლატფორმის ერთობლივ კონფერენციაზე "ქართველი ხალხის ევროპული არჩევანი - გამოწვევები და სამომავლო პერსპექტივები“ განაცხადა.

როგორც ჰარცელი აღნიშნავს, საქართველოს ევროპული გზა მყარ საძირკველზე შენდება.

"ძვირფასო კოლეგებო და მეგობრებო, ჩემთვის დიდი პატივია დღეს თქვენთან ყოფნა ვიცე-პრემიერ დავით ზალკალიანთან, ევროკომისარ ვარჰეისთან, ასევე ქალბატონებთან ნათია კუპრაშვილთან და ირიან სუხისთან ერთად.

ნება მიბოძეთ დავიწყო მადლიერების გამოხატვითა და მილოცვით ღონისძიების ორგანიზატორების მიმართ, რომლებმაც თუ უახლოესი ორი დღის გეგმას გადავხედავთ, მართლაც ძალიან საჭირო და აქტუალური თემატიკა შეარჩიეს. აღსანიშნავია, რომ ღონისძიებაზე ისაუბრებენ მომხსენებლები, რომლებიც გამორჩეულნი არიან სადისკუსიო თემებზე საუბრის გამოცდილებით და მნიშვნელობით.

როდესაც ვსაუბრობთ საქართველოს ევროპულ არჩევანსა და მის გამოწვევებზე, მახსენდება ჩემი ერთ-ერთი ყველაზე პირველი ინტერვიუ საქართველოში ჩამოსვლისას, სადაც საქართველო თვითმფრინავს შევადარე, რომელიც მზად იყო ასაფრენად, როგორც კი საფრენი ბილიკი დაბრკოლებებისგან გაიწმინდებოდა.

დღესაც იგივეს ვიტყოდი. გადაუჭარბებლად ვიტყვი, რომ საქართველოს ყველაფერი აქვს ცაში ასაჭრელად, ბალისტიკური ხომალდითაც კი. მე არაერთხელ გავხდი მოწმე ასაფრენი ბილიკის დაბრკოლებებისგან გაწმენდისა, თუმცა სამართლიანობა მოითხოვს ითქვას, რომ გარკვეული რაოდენობის ქვის ნატეხებისა კვლავაც რჩება საფრენ ბილიკზე. ყველა ეს დაბრკოლება შიდა წარმოების არ არის, მათი ნაწილი პანდემიითა და რეგიონში გამოწვევების ზრდით არის განპირობებული.

თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ საქართველოს ევროპული გზა მყარ საძირკველზე შენდება. საქართველო არამხოლოდ ევროპის უძველესი ისტორიისა და კულტურის ნაწილია, ის არამხოლოდ თანამედროვე ევროპული პოლიტიკური ფილოსოფიის წინა ხაზზე იყო ჯერ კიდევ რამდენიმე საუკუნის წინ, რასაც 1921 წლის კონსტიტუციაც მოწმობს, არამედ ეს მემკვიდრეობა დღემდე ღრმად არის გამჯდარი ამ ულამაზესი ქვეყნის მოქალაქეებსა და საზოგადოებაში.

და ეს უმნიშვნელოვანესია. რადგან ერთია გეოპოლიტიკურ და ეკონომიკურ ანალიზზე დაფუძნებული პრო-ევროპული სტრატეგიის ფორმულირება და სულ სხვაა ამ სულისკვეთების გამოხატვა საზოგადოების 80%-ზე მეტის მხარდაჭერით”,- აღნიშნავს ჰარცელი.

ჰარცელის თქმით, ევროპული ინტეგრაციის გაღრმავება და თანამშრომლობა სწორედ საერთო ღირებულებებიდან იღებს სათავეს.

„ როგორც ცნობილია, ევროპული ინტეგრაციის გაღრმავება და თანამშრომლობა სწორედ საერთო ღირებულებებიდან იღებს სათავეს. და აქ მე სრულიად მყარად ვრჩები ჩემ მოსაზრებაზე, რომ - რა მცდელობებიც არ უნდა იყოს ქართულ და ევროპულ ღირებულებებს შორის შესაძლო განსხვავებების ხაზგასასმელად - ისინი არა მხოლოდ სრულ შესაბამისობაშია ერთმანეთთან, არამედ სწორედ ერთიდაიმავე წყაროდან მომდინარეობს. ეს კი დამატებითი ძალაა.

გუშინ ჩვენ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს აღვნიშნავდით. ფაქტობრივად ახლა საქართველოში ყველა დღე დამოუკიდებლობის დღეა, თუმცა, როგორც ვიცით, ეს ყოველთვის ასე არ ყოფილა და არაფერი უნდა მივიღოთ როგორც გარანტირებული მოცემულობა. ყოველდღიური შრომა საქართველოს უსაფრთხოების, ეკონომიკის, საექსპორტო პოტენციალის, ტურისტული ინდუსტრიის, საგანმანათლებლო სისტემის, გარემოსა და ენერგეტიკული რესურსების, დემოკრატიული ინსტიტუციების განვითარებისთვის წარმოადგენს იმ საქმიანობის ნაწილს, რომელშიც ყველა დღეს აქ შეკრებილი ადამიანი ვმონაწილეობთ. და სწორედ ეს ყველაფერი უზრუნველყოფს, რომ საქართველო კვლავაც იყოს ძლიერი, წარმატებული, სუვერენული სახელმწიფო, რისი სურვილიც ყველა ჩვენთაგანს აქვს.

ამ კონფერენციას მე განვიხილავ, როგორც უდიდეს შესაძლებლობას, ვისაუბროთ საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებზე და საპასუხო ქმედებაზე; ამავდროულად, კონფერენცია ქვეყნის წინაშე არსებული შესაძლებლობების გამოყენების საშუალებაა და მათი ნაწილი ევროკომისარმა დღევანდელ შეხვედრაზე უკვე ახსენა.

ვფიქრობ კომისარმა ამომწურავად ისაუბრა სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელოვან როლზე ამ მიზნების მისაღწევად. ჩვენ ვიცით რაოდენ მნიშვნელოვანია აქტიური სამოქალაქო საზოგადოების წვლილი ქვეყნის განვითარებისთვის. ჩვენ ასევე ვიცით რა მნიშვნელოვანია თქვენი ჩართულობა ხმის მისაწვდენად გადაწყვეტილების მიმღები პირების, რეგიონებისა და იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც საზოგადოებისგან განსაკუთრებული ყურადღება სჭირდებათ.

იმედს გამოვთქვამ, რომ თქვენც იცით რამდენად ვაფასებთ თქვენთან თანამშრომლობას, რადგან თქვენც ეხმარებით ევროკავშირს იმ ამოცანების შესრულებაში, რომლებსაც საქართველოსთვის ჩვენი დახმარება და პოლიტიკის სფეროში კონსულტირება ითვალისწინებს.

მსურს ამ სიტყვებით დავასრულო და მადლობა გადავუხადო ამ ღონისძიების თითოეულ მონაწილეს. ყველას წარმატებულ ორ დღეს გისურვებთ!”, - აღნიშნავს ჰარცელი.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს