სულხან სალაძე - 4 წლის წინ გავუშვით ხელიდან, მაგრამ ახლა გვაქვს შანსი, გარკვეულწილად რეალობა შევცვალოთ - საბჭოს შემადგენლობაში დამოუკიდებელი წევრების მუხტი გავზარდოთ და არ იყოს „კლანის“ განსაკუთრებული როლი

"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ყოფილი თავმჯდომარის სულხან სალაძის განცხადებით, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ოთხი მოსამართლე წევრის არჩევა სასამართლო სისტემაში „კლანის“ გაძლიერების მცდელობაა.

როგორც მან ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „დღის ნიუსრუმი“ აღნიშნა, კანდიდატებისთვის კონკურსიც კი არ იყო მოწყობილი, რომ პროცესის ობიექტურად წარმართვაში კითხვის ნიშნები არ გაჩენილიყო.

„იმ დონეზე მარგინალიზებულია ეს პროცესი სასამართლო სისტემაში, რომ კანდიდატებისთვის კონკურსიც კი არ მოაწყვეს, მხოლოდ ის რაოდენობა დაასახელეს, ვისზეც კენჭი უნდა ეყარათ. ცოტა რთული წარმოსადგენია, 280-დან 278 რომ უჭერს მხარს, ვინც პრაქტიკულად კენჭისყრაში მონაწილეობდა, იქ კითხვა როგორ არ უნდა გაჩნდეს. წარმოვიდგინოთ, თითქოს ყველა ასე კარგად იცნობს ერთმანეთს და ყველა ასე ეთანხმება? ასეც თუ არის, ეს არის ტრაგედია, ეს არის სწორედ „კლანი“ და არანაირი კორპორატიული მართვა“, - განაცხადა სალაძემ.

მისი შეფასებით, გუშინ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ოთხი მოსამართლე წევრის არჩევის პროცესი სამართლებრივი ჩარჩოდან გასული იყო.

„ახლა ისინი ვერავის დააჯერებენ, რომ გუშინ რაიმე სამართლებრივი პროცესი იყო. გუშინ იყო მხოლოდ ამ ყველაფრის გაფორმება. მეორე მხრივ, ხელისუფლება ამბობს, ჩვენ ვერ დავარეგისტრირებთ კანონპროექტს და ვერ დავიწყებთ პროცესს, რომ მართლმსაჯულების ნაწილში ეს პროცესი შევაჩეროთ, რადგან სასამართლო არის დამოუკიდებელი, ეს არის დაცინვა“, - განაცხადა სალაძემ.

მისი თქმით, ახლა პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ საბჭოს შემადგენლობაში დამოუკიდებელი წევრების მუხტი გაიზარდოს, რათა „კლანის“ პოზიციები შესუსტდეს.

„ახლა პარლამენტმა უნდა განამწესოს საბჭოს წევრები ძალიან მალე. აქ პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ საბჭოს წევრებად ისეთი ადამიანები იყვნენ არჩეული, ვისი მიმართაც ნდობა მაღალი იქნება და ისინი „კლანის“ ნაწილი არ იქნებიან. ჩვენ ეს შანსი 4 წლის წინ გავუშვით ხელიდან და ახლა გვაქვს შანსი, ეს რეალობა გარკვეულწილად შევცვალოთ. დამოუკიდებელი წევრების მუხტი გავზარდოთ საბჭოს შემადგენლობაში და იქ არ იყოს „კლანის“ განსაკუთრებული სტატუსი და როლი“,-განაცხადა სალაძემ.

ამასთან, სულხან სალაძემ ამნისტიის შესახებ კანონპროექტზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სჯობდა ოპოზიციას მეტი ეფიქრა აღნიშნულ საკითხზე, თუნდაც მეტი კონკრეტიზაცია მოეთხოვა მედიატორ შარლ მიშელის დოკუმენტში.

„არ მიკვირს ის პროცესი, რაც ახლა ხდება, მაგრამ ამ პროცესში ყველაზე მეტად ნიკა მელიაა გამარჯვებული. ის მიიჩნევს, რომ სისხლის სამართლის საქმე, რომელიც მის წინაღმდეგ არის დაწყებული, უკანონო, პოლიტიკურია და ბუნებრივია, მას, როგორც პოლიტიკოსს არაფერში სჭირდება უკანონო საქმის ამნისტიით ჩამოშორება. ეს არის ამ შემთხვევაში მისი მიდგომა. თუმცა, ოპოზიცია, რომელიც პარლამენტში შევიდა, ამბობდა, ვიღებთ ვალდებულებას და მათ შორის შევდივართ იმიტომ, რომ ნიკა მელია გამოვიდეს გარეთ, ამნისტიის კანონპროექტი დროზე დაიწეროს და იქცეს კანონადო. როგორც ჩანს, ასე მარტივი არ არის ეს ყველაფერი. მეორე მხრივ, მმართველი პარტია ამბობს, რომ თუ ნიკა მელიას არ უნდა, მე რატომ უნდა ჩავწერო და ამ დროს რჩება ოპოზიციის ნაწილი, რომელმაც არ იცის, რა გააკეთოს ახლა სინამდვილეში“,-განაცხადა სალაძემ.

მას ეჭვი ეპარება იმაში, რომ თუ დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნება, ხელისუფლება დოკუმენტების გაქრობას არ შეეცდება.

„შექმნან საგამოძიებო კომისია, მაგრამ ახლა ვინმეს სჯერა იმის, რომ რაღაც დოკუმენტები გამქრალი არ იქნება? მათ შორის ჩანაწერები ან უშუალო ბრძანებები? ძნელი დასაჯერებელია, ხელისუფლებამ დატოვოს ის მტკიცებულებები, რომელიც იმ ხეს მოჭრის, რომლის ტოტზეც თვითონ ზის. ორი საკითხი რჩება ამნისტიაში მთავარი. პირველი, ეს არის ვინ გასცა ბრძანება და ვინ დაიწყო ეს ყველაფერი, ამაზე პასუხისგება. ამის გამოძიება მხოლოდ ამნისტიაზე არ არის დამოკიდებული და მეორე, არიან ადამიანები, რომლებიც 20 ივნისს დაზარალდნენ, რას ეტყვის ოპოზიცია მათ. ხელისუფლებას მათთვის სათქმელი არაფერი აქვს. ხელისუფლებამ საქმეების არგამოძიებით უკვე უთხრა, არ გამოვიძიებო“,-განაცხადა სალაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა