ვიცე პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა მონაწილეობა მიიღო აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმისა და საქართველოს მთავრობის ერთობლივ, ყოველწლიური მაღალი დონის კონფერენციაში „ქართველი ხალხის ევროპული არჩევანი“, რომელიც ციფრულ ფორმატში იმართება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, კონფერენციის პირველ მაღალი დონის თემატურ სესიაზე „საქართველოს განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე - 2024 წლამდე გასავლელი გზა - გამოწვევები და რეალობა“, თავის გამოსვლაში დავით ზალკალიანმა ხაზი გაუსვა სამოქალაქო საზოგადოების უმნიშვნელოვანეს როლს ქვეყნის დემოკრატიზაციის და განვითარების პროცესში.
ვიცე პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია და სრულფასოვანი წევრობა არის ქართველი ხალხის უმრავლესობის არჩევანი. მომავალში საქართველოს ევროკავშირში წევრობა არის შეუქცევადი პროცესის ნაწილი, რაც გამყარებულია საქართველოს მოსახლეობის ევროპული მისწრაფებებით და იმ წარმატებული რეფორმებით, რასაც საქართველო ახორციელებს ასოცირების შეთანხმების ფარგლებში.
„დავით ზალკალიანმა მადლობა გადაუხადა სამოქალაქო საზოგადოებას აღმოსავლეთ პარტნიორობის ეროვნულ პლატფორმას ასეთი მნიშვნელოვანი ღონისძიების ორგანიზებისათვის და ხაზი გაუსვა საქართველოს მთავრობის ღიაობას და მზაობას გააგრძელოს აქტიური თანამშრომლობა არასამთავრობო სექტორთან, მათ შორის ევროკაშირში ინტეგრაციისა და წევრობის გზაზე გასატარებელი რეფორმების პროცესში, რასაც უდიდესი მნიშვნელობა გააჩნია ქვეყნისათვის 2024 წელს ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის გასაკეთებლად.
დავით ზალკალიანთან ერთად, თემატურ სესიაზე გამართულ დისკუსიაში მონაწილეობას ღებულობდნენ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი, სამოქალაქო საზოგადოების ეროვნული პლატფორმის თავმჯდომარე ლაშა ტუღუში და საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი, ექსპერტი კახა გოგოლაშვილი”, - ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.